trs-19_400დაახლოებით ერთი თვის წინ, ამერიკულ ლეიბლზე,  – „Time Released Sound” რეზო ღლონტის ალბომი, ”The Diary of The Second Officer” გამოვიდა. ეს  მისი მეორე ალბომია “Street Risen Wire”-ის შემდეგ, რომელიც 2 წლის წინ, პოლონურმა ლეიბლმა გამოუშვა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ფოტო და მუსიკალურ პროექტებში  ჩართული,  ოკეანეებში მოგზაური ბათუმელი მუსიკოსი, რომელიც  და ქართული ურბანული გარემოსა და იაპონური კინემატოგრაფიის მიმართ ინტერესს არ მალავდა. 

მას შემდეგ რეზომ ინტერესები დააკონკრეტა და ახლა მხოლოდ მუსიკალურ პროექტებზე მუშაობს.  ახალი ალბომი კი ნაწილია იმ პროექტისა, ამერიკული ლეიბლი “შოკოლადის ყუთის” სახელით რომ ახორციელებს.

”The Diary of The Second Officer”  კარგად შეკრული  ამბიენთ მოგზაურობაა ხმოვან წარმოსახვაში, აუდიო დღიური ოფიცრისა, რომელიც შეიძლება  არტისტის ალტერ ეგოდ მივიჩნიოთ, რომელიც ასევე ბევრს მოგზაურობს საკუთარი თავისა და სამყაროს უკეთ აღსაქმელად. მოგზაურობისას დაწერილი რეზოს მუსიკა შეიძლება ითქვას მსმენელის უმოძრაობისა და ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის შემამსუბუქებელი ბგერებია, რომლითაც მანამ უნდა შეიქციო თავი, სანამ შენი ფრენის დრო არ მოვა.

თავად რეზო ამბობს, რომ ალბომი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მიღებული შთაბეჭდილებების ფიქსაციაა:

„The Diary of The Second Officer”  მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილშია შექმნილი. მე ვმოგზაურობ ჩემი პატარა ნაკრებით, რომელშიც შედის მუშაობისთვის აუცილებელი აპარატურა:  ლეპტოპი, ყურსასმენები, სამოქტავიანი გეიბორდი და ხმის ჩამწერი.  ეს ჩანაწერები გაკეთებულია  ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან და  სოფელ ჩიბათიდან დაწყებული, ყველა იმ ადგილას,  რომლებიც შთამაგონებლები აღმოჩნდნენ. განწყობებს სხვადასხვა ადგილას ვაფიქსირებდი: მანქანაში, თვითმფრინავში, გემზე. ალმობში სიმპლირებულია ჩანაწერები სინგაპურისა და სტამბულის აეროპორტებიდან,  ისმის კაგოშიმას ქალაქის პეიზაჟის საუნდიც.

ალბომი პირველი ალბომის გამოშვების მერე, 2011-2012 წლებში დაწერილ კომპოზიციებს აერთიანებს და მისი ორი გამოშვებაა არსებობს. ერთი,  ექსკლუზიური და განსაკუთრებული, რომელიც პროექტ  „შოკოლადის ყუთის“ ფარგლებშია და ორი CD-სგან შედგება, თითოზე 6 ტრეკით,  ფოტოებით და ძველი, დაჭრილი დღიურებით, ალბომის ქავერი კი  50 წლის არქიტექტუტული ნახაზებიანი ქაღალდისგანაა გაკეთებული. ეს ვერსია  ლიმიტირებული გამოცემაა, სულ 80 ცალი გამოვიდა და  თითოეულის ფასი  დაახლოებით 30-დან 50 დოლარამდეა.  ყველა ყდა თავის მხრივ ინდივიდუალურია და რელიზები ხელითაა აწყობილი. არსებობს ასევე  ალბომის სტანდარტული, ერთდისკიანი CD ვერსია, სადაც 12-ივე ტრეკი შევიდა და  მისი შეძენა16  დოლარადაა შესაძლებელი.

მუსიკოსი, რომელიც თავისი მუსიკით რაიმე ამბების მოყოლის მაგივრად, საკუთარი თავის, მდგომარეობებისა და განწყობების ფიქსაციას ეწევა, უახლოეს მომავალში თბილისში და ბათუმში ლაივების გამართვებს გეგმავს. აუდიტორიის წინაშე რეზო სავარაუდოდ მარტო წარსდგება, ვინაიდან სურვილის მიუხედავად რეჟიმიდან გამომდინარე სხვა მუსიკოსებთან კოლაბორაცია ჯერ-ჯერობით არ გამოდის.

მანამდე, კი სანამ რეზოს ლაივზე აღმოჩნდებით, მის მუსიკას შეგიძლიათ საკუთარ სახლებში მოუსმინოთ კუთვნილი სიმშვიდის მისაღებად.

Leave a Reply