film1ეროვნული კინოცენტრი რეგიონებში კინოცხოვრებისა და კინოინდუსტრიის განვითარების ინიციატივით გამოდის და  ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. პირველი რეგიონული კინოფონდი ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაარსდა. კინოფონდი მიზნად ისახავს კინომწარმოებლების მოწვევას და მათ აჭარაში მობილიზაციას საკუთარი პროექტების განსახორციელებლად.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბათუმში მხოლოდ ერთი კინოთეატრი არსებობს ისიც რამდენიმეწლიანი უკინოდარბაზობის შემდეგ, აჭარაში არც ისე ბევრი კინოვარსკვლავია მობილიზებული და ბოლო წლების განმავლობაში გადაღებულ ფილმებს თუ გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ აჭარა გადასაღებ მოედნად მხოლოდ ორმა რეჟისორმა გამოიყენა ( ქეთი მაჭავარიანმა ფილმისთვის  “მარილივით თეთრი” და დათო ბორჩხაძემ “სეზონი”-სთვის),  კინოფონდი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაინც იმედით უყურებენ რამდენიმე დღის წინ დაარსებული კინოფონდის იდეას, რომელიც   კინოწარმოების  ყოველწლიური პროგრამის ნაწილია და ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება 100 000 ლარიანი ბიუჯეტით. თანხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოიყო. ერთი ფილმის გადასაღებად კინოფონდიდან კინომწარმოებელზე  მაქსიმუმ 40 000 ლარი გაიცემა, ისიც იმ პირობით, თუ რეგიონში არანაკლებ 100 000 ლარის კვალიფიციური დანახარჯი განხორციელდება. კინომწარმოებლებს განაცხადების შესატანად ჯერ საკმაოდ დიდი დრო აქვთ. მათი მიღება 2012 წლის 1 ოქტომბერს დასრულდება.

თუმცა მანამ, სანამ კინოფონდში განაცხადები შევა  და რჩეული პროექტები დაფინანსებას მოიპოვებენ, შეგვიძლია თამამად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად აქვს პროექტს წარმატების შანსი და რა შედეგს მივიღებთ ამ შემთხვევაში.

ერთის მხრივ პროექტის წარმატებულობა უნდა განაპირობოს იმ მომხიბლავმა ბუნებრივმა  გარემომ, რომელიც აჭარაშია და რომელიც სრულიად მოსახერხებელია კინოგადაღებებისთვის.  მთიანი და ზღვასთან ახლოს მყოფი რეგიონი, ქალაქი, რომელშიც ძველი და ახალი არქიტექტურა თანაცოცხლობს და ადგილობრივი კინოფაკულტეტის კურსდამთავრებულები, რომლებიც ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი პროფილით ადგილზევე დასაქმებას, შეიძლება გახდეს წინაპირობა იმისა, რომ დაინტერესებული კინომწარმოებლები წარმატებულ პროექტებს განახორციელებენ აჭარაში, თუმცა მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია ის, რომ აჭარაში არ არის გადასაღები პავილიონები, შესაბამისი აპარატურა და ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციაც მცირე ან სულაც არაარსებული პრაქტიკის გამო სამწუხაროდ ეჭვის საბაბს იძლება, ამას გარდა, იმაზე 2-ჯერ მეტი კვალიფიციური დანახარჯის განხორციელება, ვიდრე აღებული დაფინანსებაა, გარკვეულ სირთულეებს შექმნის.

იმ შემთხვევაში კი, თუ მავანი სირთულეების გადამლახავი კინომწარმოებელი გამოჩნდება, პროექტი მართლაც ეფექტურ შედეგებს გვპირდება, კერძოდ   რეგიონში კინოინდუსტრიის განვითარების, ცნობადობის გაზრდისა და კულტურული ტურიზმის განვითარების გარდა,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და რეგიონში დამატებითი თანხების მოზიდვას. ყოველ შემთხვევაში პროექტის ავტორები ასე გეგმავენ.

კინოფონდის ინიციატივის გარდა რეგიონში კინოცხოვრების განვითარების, ტურიზმის განვითარებისა და ადგილობრივების კულტურულ ცხოვრებაში ჩაბმის თვალსაზრისით ჯერჯერბით ყველაზე ეფექტურ და მნიშვნელოვან მოვლენად მაინც კინოფესტივალები რჩება. მით უფრო იმის გათვალისწნებით, რომ მაგალითად ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წლიდან წლამდე ახერხებს სოლიდური სტუმრების ჩამოყვანას, მნიშვნელოვანი სურათების მოპოვებას ჩვენებებისთვის და ამით უზრუნველყოფს შემოდგოდგომობით კინომოყვარულთა ბათუმში მობილიზებას.

კინოფესტივალის წლევანდელ პროგრამაში სულ 45 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი მსოფლიოს 22 ქვეყნიდან.  გარდა ამისა, ფესტივალი, რომელიც 16-23 სექტემბერს გაიმართება, სიახლის სახით გვთავაზობს საზაფხულო კინოსკოლის გახსნას და დოკუმენტური კინოს ერთკვირიან ვორკშოფს.

ოქტომბერში კი ბათუმში კიდევ ერთი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი “თოფუზი” გაიმართება, რომელიც მართალია მასშტაბებით ბევრად ჩამორჩება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს, თუმცა მისი არსებობა თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია.

გაჩენილ კითხვას იმის შესახებ, რა უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, უკვე არსებული კულტურული მოვლენების გაძლიერება და ხელშეწყობა თუ ახალი იდეების წარმოება, ალბათ დროთა განმავლობაში გაეცემა პასუხი, როცა კინოფონდი კინომწარმოებლების მობილიზაციის შედეგებს გამოაქვეყნებს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი კითხვა, რომელიც აჭარის გარდა სხვა რეგიონებში საკმაოდ დუნე კულტურულ ცხოვრებას შეეხება და საკმაოდ მძიმე პრობლემაა განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საკუთარ საცხოვრებელ გარემოში კინოთეატრებიც კი არ აქვთ.

Leave a Reply