5 მაისს, თბილისში, დინამო არენაზე გამართულ მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე გერმანული ელექტრონული დუეტის, Modeselektor-ის სცენაზე არ გამოვლის გამო, ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას აკეთებენ, სადაც ნათქვამია, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ მუსიკოსებთან და სავარაუდოდ მათ კონცერტს მალე შესთავაზებენ მელომანებს. დაანონსებულ კონცერტს უფასოდ დაესწრება ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინახავს ფესტივალის ბილეთ/სამაჯური.

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ ტექსტს, რომელიც ალტერვიჟენ ჯგუფმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე გაავრცელა.

“Tbilisi Open Air 2013 დამთავრდა.

უპირველეს ყოვლისა, თავს ვალდებულად ვთლით, რომ მთლიანად ფესტივალისა და მისი საორგანიზაციო ჯგუფის სახელით ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რაც Modeselektor-თან დაკავშირებით მოხდა. ტექნიკური მიზეზებისა და დაგვიანების ხარვეზების გამო, მათი გამოსვლა ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა თუ არ წარმოადგენდა ჯგუფი ჰედლაინერს ამ ფესტივალზე, ასი პროცენტით გასაგებია იმ ადამიანების იმედგაცრუება, რომლებიც მათ (თუნდაც არა მარტო მათ) მოსასმენად იყვნენ ფესტივალზე. ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია გითხრათ, არის რომ ბენდთან ლაპარაკის შედეგად, გვაქვს დიდი იმედი, რომ უახლოეს მომავალში მათ კვლავ ვიხილავთ საქართველოში. ამ მომენტისათვის უკვე რაც შეგვიძლია გამცნოთ, არის რომ ფესტივალის სამაჯურის მქონე ადამიანები (იმ შემთხვევაში თუ ეს სამაჯური შეინახეს/შეინახავენ) ბენდის მომავალ ლაივს დაესწრებიან უფასოდ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოვასწოროთ. აგრეთვე ძალიან ვნანობთ, რომ ბენდის ვერ გამოსვლის შესახებ (რომელიც გარემოებათა გამო ბოლო საათში გადაწყდა) დროულად ვერ შეგატყობინეთ და ამ ინფორმაციის გაჟღერება დაცვის წევრებს მოუწიათ.

Modeselektor

Modeselektor

რამდენჯერმე გაიჟღერა უკმაყოფილებამ ბილეთების ფასის შესახებ – მეგობრებო, ბილეთების ფასი 3 ლარითაც ვერ იქნებოდა უფრო იაფი. ეს არის ზღვარი, რომლის იქითაც უბრალოდ ვერ ჩავატარებდით ფესტივალს. ბევრს ჰგონია რომ ფესტივალი მარტო არტისტების ჰონორარი ჯდება. სინამდვილეში ეს ზღვაში წვეთია იმ სამუშაოების ხარჯთან და რესურსთან შედარებით, რაც ამხელა ივენთის ჩატარებას სჭირდება. წარმოიდგინეთ – 1000 კაცი მარტო დაცვა გახლდათ. მარტო შემოგარენის სტაფი 800 კაცს შეადგენდა. და ეს მთლიანი პროდაქშენის ნახევარიც არაა.

ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ, რომ შეიძლება კონცერტისათვის რამდენიმე კვირა (ან თვე) აგროვებდე ფულს, და საღამოს ლუდის დალევის ალტერნატივად კი არ განიხილო, არამედ მოვლენად, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწრო.

ხალხნო, რეალურად გუშინდელი ივენთი თავისი მასშტაბით უპრეცედენტო იყო არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის ისტორიაში. მასშტაბს რომ თავი გავანებოთ, ზოგადად Open Air 2013 ის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ასეთი მოვლენები არა მარტო მუსიკალურ წრეებზე, არამედ ქვეყნის ავტორიტეტზე და პროგრესულობაზეც ახდენს გავლენას. აქამდე მოსასვლელად 5 წელიწადი დაგვჭირდა როგორც ჩვენ, ასევე თქვენ. ვინაიდან ამ ფესტივალს არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც აკეთებთ. ნებისმიერი თქვენი კომენტარი, მოთხოვნა, კრიტიკა (მართლზომიერი თუ არამართლზომიერი), პოსტი, თუნდაც ლაიქი ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს – გვერდიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს, მაგრამ გვერწმუნეთ, რომ ნებისმიერი თქვენი აქტივობა შემდეგ მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე მოქმედებს.

გაითვალისწინეთ, ამ ყველაფერს 10-15 კაცი გეგმავს რეალურად. ამის ცოცხლად გადატანა და ამ პროდაქშენის განხორციელება არის ჯოჯოხეთური შრომა. ჩვენც თქვენთან ერთად ვსწავლობთ, ვიხვეწებით და ვპროგრესირებთ. გაიხსენეთ, 5 წლის წინ სად ვიყავით – ასეთი არტისტების ერთად ნახვის ნატვრაც კი უაზრობა იყო. ახლა ხალხი უკვე ლაინაფის თავიანთ ვერსიებს გვკარნახობს და ყველაზე სასიამოვნო ისაა, რომ უკვე რეალურად მიაჩნიათ ის, რასაც ამბობენ.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, გუშინ ჩვენც და თქვენც კიბის ერთბაშად რამდენიმე საფეხურით ავიწიეთ მაღლა. რა თქმა უნდა, ზემოთაღნიშნულის გარდა კიდევ იყო minor ხარვეზები – უკვე მოვიდა ინფორმაცია ბარში პრობლემების შესახებ (თუმცა შარშანდელთან შედარებით ბევრად უკეთესი სიტუაცია იყო), კოორდინაციის ხარვეზებზე, ა.შ. და ა.შ. – ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციაა – ნელ-ნელა ვეცნობით ამ ყველაფერს და შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ.

მაგრამ მთავარი, მთავარი, მთავარი რაც მოხდა, არის რომ თბილისში, დინამოს სტადიონზე მოვიდა რამდენიმე ათეული ათასი კაცი ბილეთი-სამაჯურებით, დადგნენ თავიანთ სექტორებში და ქართული ჯგუფის (Kid Jesus) შემდეგ მოუსმინეს Deep Purple-ს, Subways-ს, Tricky-ს, Black Strobe-ს და Infected Mushrooms. ეს რომ ვიღაცას სულ რამდენიმე წლის წინ ეთქვა, ალბათ გიჟად ჩათვლიდნენ.

ბუნებრივია, ჩვენ (ორგანიზატორები და მსმენელებიც) ამაზე არ გავჩერდებით, და არც უნდა გავჩერდეთ. რახან აქამდე მოსვლა შევძელით, ესე იგი შეუძლებელი არაფერია. უფრო დავიხვეწებით, უფრო ნაკლები ხარვეზი გვექნება, უფრო ორგანიზებულად ვიმოქმედებთ და საბოლოოდ იმედია მივალთ ისეთ გარემომდე, როდესაც ადამიანები საყვედურს მხოლოდ იმის გამო გვეტყვიან, რომ მათი საყვარელი ჯგუფის ნაცვლად სხვის საყვარელ ჯგუფს ჩამოვიყვანთ.

DSC_0572
ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ აქამდე მოსვლაში დაგვეხმარეთ. ეს პირველ რიგში თქვენი დამსახურებაა, ამ ფესტივალს თქვენთვის ვაკეთებთ – იმ გოგოსთვის, Subways-ს ზე მეგობრის კისერზე შემომჯდარი რომ ცეკვავდა, იმ ასაკიანი კაცისთვის, ფარფლების გამოსვლისას ბავშვივით ტირილი რომ დაიწყო, იმ ბიჭისათვის, მაისურზე რომ I’m a man – so be my rock’n’roll queen ეწერა, თუნდაც იმ ტიპისთვის, სადღაც უკან რომ იდგა, ლუდს წრუპავდა და უბრალოდ თავს აქნევდა. ეს ფესტივალი თქვენია და თქვენთვის ტარდება.

აქამდე მოსვლაში მთავარი როლი თქვენ ითამაშეთ, როდესაც 2011ში წვიმიან და ტალახიან იპოდრომზე იდექით და როდესაც 2012 ში დდტს გამოსვლას საათნახევარი უცდიდით. ამის ჩატარების საშუალება თქვენ მოგვეცით. 5 ივნისს რაღაცა ახალი ეტაპი დაიწყო.

გმადლობთ ხალხნო!”

Leave a Reply