23 სექტემბერს ქვეყნის მთავარი ლიტერატურული პრემია “საბა”-ს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა რუსთაველის თეატრში.  2013 წლის “საბას” ჟიურის წევრების რაოდენობა წელს 5-ის ნაცვლად 4 იყო. როგორც დაჯილდოების წამყვანმა ცერემონიალის დასაწყისში აღნიშნა, ერთმა წევრმა ჟიური აზრთა შეუთავსებლობის გამო დატოვა. საბოლოოდ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: –

  • გივი შაჰნაზარი
  • მანანა ღარიბაშვილი
  • ქეთი ქანთარია
  • პაატა შამუგია

მათი გადაწყვეტილებით ლიტერატურული პრემია შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • წლის საუკეთესო დებიუტი: მარინა ელბაქიძე – “გაცვლა” (გამომცემლობა “დიოგენე”)
  • წლის საუკეთესო კრიტიკა: ელგუჯა თავბერიძე, “კოლიმგრაფი” (საგამომცემლო ცენტრი)
  • წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში”, მთარგმნელი ზაზა ჭილაძე (გამომცემლობა “დიოგენე”)
  • წლის საუკეთესო პიესა: ალექს ჩიღვინაძე “ქალაქის მერის ცოლის საყვარელი” (გამომცემლობა “სიესტა”)
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: გიორგი მაისურაძე წიგნისთვის “დაკარგული კოტექსტები” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული: ირაკლი სამსონაძე “შემკრთალი ქუჩა” ( გამომცემლობა “ინტელექტი”)
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ლია სტურუა “დავიწყების დღე”
  • წლის საუკეთესო რომანი: ნაირა გელაშვილი “მე ის ვარ” (კავკასიური სახლი)
  • წლის საუკეთესო ქართული ნაწარმოების უცხოურენოვანი თარგმანი: ნათია მიქელაძე, თამთა მელაშვილის წიგნის “გათვლას” გერმანულ ენაზე მთარგმნელი.

ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა ზურაბ კიკნაძეს.

დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც განსაკუთრებული პომპეზურობით გამოირჩეოდა და ლიტერატურულ მოვლენასთან ერთად ბიძინა კვერნაძის საიუბილეო საღამოსაც წარმოადგენდა, შესაბამისად,  უხვად იყო გაფორმებული მუსიკალური ნომრებით, საინტერესო აღმოჩნდა საბას ორი ნომინანტის, გიორგი მაისურაძისა და ნაირა გელაშვილის სიტყვები. ამ უკანასკნელმა აღებული თანხის ნაწილი ხაიშის სკოლასა და საბავშვო ბაღს გადაურიცხა და ხუდონჰესის პროექტზე, როგორც ბუნებრივი კატაკლიზმების გამომწვევსა და დაუშვებელ პროექტზე ისაუბრა და მწერლებს მეტი სამოქალაქო აქტივიზმისკენ მოუწოდა.

“ამ სოფელს მივანიჭეთ სამოქალაქო საზოგადოებამ ჩვენი ინიციატივით  გმირი სოფლის წოდება. ეს სოფელი 20 წელიწადზე მეტია კლდესავით დგას და როცა ირგვლიც ამდენმა გაყიდა ყველანაირი  სულიერი ღირებულება, როცა არავის აღარ უნდა ეს საქართველო, როცა აქედან გარბიან, ამ სოფელს და მის მაცხოვრებლებს სთავაზობენ ყველაფერს, ოღონდ გაყიდონ თავიანთი საცხოვრებელი, სიწმინდეები, საფლავები, ეკლესიები, სავარგულები და ეს ღარიბი სოფელი, რომელიც განიცდის ყველანაირ დაწოლას, გადაბირებას, დაშინებას,  როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს, ეს სოფელი დგას მარტო, მიტოვებულია ფაქტობრივად მთელი საქართველოსაგან, მწერლებისგანაც და დედაქალაქისგანაც. ეს იქნება ჩემი მოწოდება მწერლებისადმი. თუ ეს პროექტი განხორციელდა, მთელი სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი, აჭარა და შემდეგ უკვე სხვა რეგიონებიც, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებიან, ათასობით და ათიათასობით ჰექტარი ჩაიძირება წყალში და ჩვენ შეგვრცხვება, რომ ამ დროს ვცხოვრობდით, მწერლები ვიყავით, ვწერდით და პრემიებს ვიღებდით. მე მოვუწოდებ მწერლებს, მათ მოაწერონ ხელი ამ პროექტის წინააღმდეგ.”

გიორგი მაისურაძის სიტყვა კი ლიტერატურის მნიშვნელობასა და ქვეყანაში არსებულ აბსურდულ სიტუაციას შეეხო:

 “სამწუხაროდ, ლიტერატურას ჯადოქრობა  არ შეუძლია.არადა, ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში, სადაც სამწუხაროდ ისეთი კანონი არსებობს, რომელსაც ადამიანის მარიხუანას მოწევისთვის ციხეში გაშვება და გამომწყვდევა შეუძლია, სადაც პოლიტიკოსები ზოგჯერ ერთმანეთს წამქეზებლობაში ეჯიბრებიან, სადაც ამბიონებიდან ხშირად სიძულვილი და წამქეზებლობა იქადაგება, სადაც 17 მაისს ჩვენ არნახული სიძულვილის და ძალადობის აღლუმის მომსწრენი აღმოვჩნდით, ასეთ დროს ლიტერატურას ალბათ განსაკუთრებული ადგილი უნდა ეკავოს და ფუნქცია ეკისროს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთ ვითარებაში მხარს უჭერს ლიტერატურას.”  

One Response

Leave a Reply