რადიო “მუზამ”, რომელიც საქართველოში ერთადერთი არაკომერციული და ამიერკავკასიაში ერთადერთი, სრულად კლასიკურ მუსიკაზე ორიენტირებული რადიოა, ღია წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას, სადაც ის დახმარებას ითხოვს, გატარდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და კულტურის სამინისტროს მიეცეს საკუთარი მაუწყებლის ქონის უფლება და იმ პასუხისმგებლობების შესრულებას, რაც სამინისტრომ რადიოს წინაშე აიღო. 

1240576_672420919442600_677732298_nსწორედ კულტურის სამინისტროსთან რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმის პირობების წარმატებით შესრულებაა ერთადერტი გზა რადიოს გადარჩენისა. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, კულტურის სამინისტრო მემორანდუმის პირობების (რაც რადიოს ფუნქიონირების ხელშეწყობასა და დაფინანსებაში უნდა გამოხატულიყო) შესრულებაზე არაოფიციალურ, თუმცა ფაქტობრივ უარს აცხადებს, რასაც სამართლებრივი ჩიხით ხსნის, ვინაიდან არსებული კანონმდებლობის თანახმად, სამინისტროს არ აქვს უფლება საკუთარი მაუწყებლობის ქონის.

კანონმდებლობაში ხსენებული წესი ფუნქციონირებდა მემორანდუმის გაფორმებისასაც. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი არგუმენტი, რითიც ის თავს არიდებს რადიო “მუზას” მიმართ აღებული პასუხისმგებლობის შესრულებას, ერთის მხრივ სწორია, მეორეს მხრივ კი კულტურის სამინისტროს უპასუხისმგებლობას უსვამს ხაზს, ვინაიდან ისინი აფორმებენ მემორანდუმს, რომელიც განწირულია შეუსრულებლობისთვის.

ჩვენ უცვლელად გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც რადიო “მუზა” ავრცელებს:

ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს

კულტურა სამართლებრივ ჩიხშია!

2013 წლის 27 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ა(ა)იპ კლასიკური მუსიკის ხელშეწყობის ასოციაციას შორის შედგა თანამშრომლობის მემორანდუმი. რის თანახმადაც კლასიკური მუსიკის რადიო „მუზას“ გამართული ფუნქციონირებისთვის, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებას; (მუხლი2.2.ა.)
ასოციაცია, კი თავის მხრივ, რადიოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკურ საშუალებებს, საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. (მუხლი2.2.ბ.)

ამ მოვლენიდან ოთხი თვის თავზე ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად, სამინისტროს (თურმე) არ აქვს უფლება იქონიოს საკუთარი მაუწყებლობა და იგი არაოფიციალური, ვერბალური ფორმით რადიო „მუზას“ განუმარტავს: „რომ ჩვენ სამართლებრივ ჩიხში ვართ…“ და მხოლოდ ამ ჟესტით „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო“ იხსნის მემორანდუმის პირობებით დაკისრებულ ველდებულებებს. “Memorandum” ლათინური სიტყვაა და ნიშნავს: „ის რაც უნდა გახსოვდეს“. 

ამრიგად, 
საქართველოს პატივცემულო მთავრობავ, 
თქვენ მოგმართავთ საქართველოში და მთელს ამიერკავკასიის რეგიონში უნიკალური რადიო მაუწყებელი თავისი ფორმატით, სამუშაო სტილითა და მნიშვნელობით. 

მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ეს ორგანიზაცია კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, ჩვენი გუნდი ყოველთვის მუშაობდა არაკომერციულ, „მეინსტრიმისგან“ მკაცრად გამიჯნულ, ნაკლებად პოპულისტურ, ინტელექტუალურ თემატიკაზე, რის დეფიციტსაც განვითარებულ ქვეყნებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად სწორედ საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიები ებრძვიან. ჩვენს ქვეანაში კი ინტელექტუალური (24 საათი) საეთერო დროით სწორედ რადიო „მუზა“ დომინირებს. 

ამ, ერთი შეხედვით უბრალო რადიოსადგურის გაჩენამ ქვეყანაში განაპირობა ჯანსაღი კონკურენცია პროფესიონალურ საშემსრულებლო ასპარეზზე. თანამედროვე სტანდარტებით, უსასყიდლოდ განხორციელებულმა, აკადემიური კონცერტების რეგულარულმა ჩაწერამ და გაშუქებამ, პირდაპირი გავლენა იქონია საორკესტრო კოლექტივების მოტივირებაზე. ფრანგულმა ტელე არხმა MEZZO-მ სწორედ „მუზას“ ტექნიკურ–ინტელექტუალურ ბაზაზე დაყრდნობით განახორციელა თავისი პირველი და ერთადერთი პროექტი საქართველოში. ხდება საფესტივალო ღონისძიებების ჩაწერა და ხარისხიანი აუდიო სიგნალის ტელევიზიებისთვის (ასევე უსასყიდლოდ) მიწოდება, რაც ავტომატურად დაარქივებას და სამომავლოდ „ოქროს ფონდის“ გამდიდრებას გულისხმობს. ქვეყანაში განხორციელებული აკადემიური და ფოლკლორული კონცერტები, ჩვენი მეშვეობით მიეწოდება ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), რომლის ასოცირებული წევრიც გახლავთ რადიო „მუზა“ 2010 წლიდან, რაც საუკეთესო საშუალებაა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო კულტურულ დიალოგში ჩართულობისა. 

უკვე გამოცემულია პროფესორ რევაზ თავაძის აუდიო ლექციები „საუბრები პიანიზმის ისტორიაზე“, უნიკალური მუსიკალური მასალის დართვით. ასევე გამოცემისთვის მზად არის ნოდარ ანდღულაძისა და გია ბუღაძის საავტორო პროექტები, შემეცნებითი ხასიათის აუდიო წიგნების სახით. 

ჩვენს ეთერში არასდროს გასულა რეკლამა (კულტურული ღონისძიებების და განათლების სექტორის უფასო საინფორმაციო მხარდაჭერის გარდა) და არც პოლიტიკურ „თოქ–შოუებს“ დათმობია დრო. ჩვენი პროგრამული ბადე ემსახურება მხოლოდ ხელოვნების, კულტურისა და მეცნიერების პროპაგანდას, ამ სფეროებში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას და ანალიზს. თითქმის ექვსი წლის მანძილაზე მუსიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, პროფესიონალი წამყვანები, პროდიუსერები, კრეატიული ტექნიკური ჯგუფი, საინტერესო სტუმრებთან და კოლექტივებთან ერთად ქმნიდა პროდუქტს, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი და საამაყო ბრენდია. სწორედ ამის გამო, ის საზოგადოებისგან დიდ ინტერესს და სრულიად მოულოდნელ, მზარდ რეიტინგულ მაჩვენებელებს იმსახურებს. საზოგადოების დიდი ნაწილი მას მიიჩნევს განტვირთვის, შემეცნებისა და კულტურული დონის ამაღლების ერთ–ერთ საუკეთესო წყაროდ.

ამ წუთებში როცა თქვენ ამ წერილს ეცნობით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 000 რადიო მომხმარებელი, ხოლო ინტერნეტის საშუალებით, კი კლასიკური მუსიკის მოყვარულთა განუსაზღვრელი ოდენობის აუდიტორა, მთელი გულისყურითაა მომართული ჩვენს სიხშირეზე. გთხოვთ სათანადოდ შეაფასოდ რადიო არხ „მუზას“ შესაძლებლობები, როლი ჩვენი ქვეყნის კულტურული განვითარების საქმეში. ბატონრბო, ეს ეროვნული პროექტია! 

გთხოვთ, შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გატარებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება საკუთარი მაუწყებლობის ფლობისა. ჩვენი ღრმა რწმენით ასეთი ცვლილებები არანაკლებ სასარგებლო იქნება ქვეყანისათვის, ვიდრე პარლამენტში უახლოეს წარსულში დიდი წარმატებით მიღებული სხვა კანონპროექტები, წინააღმდეგ შემთხვევში რადიო „მუზა“ შეწყვეტს მასუწყებლობას. 

გმადლობთ, რომ გაეცანით წერილს. 

რადო „მუზა“

გარდა მიმართვისა, რადიო “მუზა” აწარმოებს ასევე ინტერნეტკამპანიას, არ მოკლა მუზა, სადაც ისინი თავიანთი პრობლემებისა და მოთხოვნების საზოგადოებისთვის მიწოდებას ცდილობენ.

Leave a Reply