28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით თბილისში მეთექვსმეტე ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, სადაც ჯაზის ისეთი ვარსკვლავები გამოვლენ, როგორიცაა ნატალი კოული, მარკუს მილერი და ავიშაი კოენი. ამერიკელი კომპოზიტორი, პროდუსერი და  მულტიინსტრუმენტალისტი  მარკუს მილერის, რომელიც ცნობილია, როგორც ბასგიტარის უბადლო შემსრულებელი, ქართველი მსმენელის წინაშე მესამედ წარსდგება. წინა წლებში ის შავი ზღვის ჯაზფესტივალსა და თბილისის ჯაზფესტივალს სტუმრობდა. ამჯერად ბრუკლინელი მუსიკოსი, რომლის ანგარიშზეცაა 10-ზე მეტი ალბომი, 2 გრემი და იუნესკოს სპეციალური პრიზი, მშვიდობის მხარდაჭერისათვის, ფილარონიაში შეკრებილ მსმენელს თავის ახალ ალბომს, “Renaissance”-ს წარუდგენს. მილერი თბილისს ექვსკაციანი კოლექტივით სტუმრობს.

 

არანაკლებ საინტერესო იქნება ებრაელი კონტრაბასისტის, ავიშაი კოენის კონცერტი, რომელიც სცენაზე კლავიშთან, სამ ვიოლინოსთან, ჩელოსთან და დრამთან ერთად გამოვა. განსაკუთრებული ჟღერადობის უნიკალური შემსრულებელი, რომლის ახალი, რიგით მეთოთხმეტე ალბომი 4 ნოემბერს გამოდის, თბილისელი მაყურებლის წინაშე პროექტს : – “Avishai Cohen and Strings “-ს წარადგენს.

ფესტივალის მთავარ მოვლენად თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ნატალი კოულის კონცერტი. ლეგენდარული ნათ კინგ კოულის ასევე ლეგენდარული ქალიშვილი, რომელიც მუსიკალური კრიტიკოსების შეფასებით ბოლო ოცლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შემსრულებელია, საოცრად მომხიბვლელი და არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფესტივალს 1 ნოემბერს დახურავს. ნატალი კოული ის შემსრულებელია, რომელიც არ ცნობს ჟანრობრივ შეზღუდვებს, რომელიც ყოველთვის მზად არის იმპროვიზაციისთვის და რომელის გულგრილს თითქმის არავის არ ტოვებს.

მე-16 ჯაზფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებშია შესაძლებელი, ასევე საიტზე Biletebi.ge.  ბილეთზე მოქმედებს ფასდაკლებების სისტემა: TBC Platinum-ის, TBC PrimeCard-ისა და TBC Status-ის მაფლობელებისთვის.

თბილისის ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია  TBC Status.

 

Leave a Reply