… ჰოდა, ერთ დღეს დამსვა და მკაცრად მითხრა: ელო, გამოსავალი არსებობს! მანამდე კი, ეს საკუთარ თავს უთხრა არაერთხელ, არაერთგვაროვნად, მაგრამ ყველაზე მაგრად მაინც ლექსით გამოუვიდა და მეც, სწორედ, ეს ლექსი წავიკითხე მისი ახალი კრებულის პრეზენტაციაზე. რომ ეკითხებიან, აბა, თქვი, როგორი იყო, კარგი გამოვიდაო? – ჩემი მეგობრები კიბეზე იყვნენ შემომსხდრები და ყველა თავის „უბედურებაზე“ კითხულობდაო, პასუხობს. 

1378861_10151730152776298_18471349_nეკა ქევანიშვილი ჩემი მეგობარია და ასე, კიბეზე ჩამოჯდომით გავაცანით მოწვეულ სტუმრებს მისი „სახლის გაყიდვა“.

მოძრაობის თეატრის არტ კაფეში ვინც მოვიდა, კი იცის, როგორ მოვახერხეთ იმ საღამოს ქევანას „სახლის გაყიდვა“.

და ვინც ვერ მოვიდა, ვერ მოაღწია (იმ საღამოს ქალაქის საცობებმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნეს) ან არ იცოდა და ახლა შემთხვევით, მიზანმიმართულად ან არ ვიცი რატომ კითხულობს ჩემს ბლოგს, უბრალოდ, მინდა, ჩემი მეგობარი ქევანა გაგაცნოთ. ჩემი პოეტა-ქევანა.

მე პირადულ თემებზე წერა მიყვარს და განსაკუთრებით, იმ ადამიანებზე, ვინც ჩემი ძარღვია. ჰოდა, ახლა, სანამ გააგრძელებთ, დაფიქრდით, გინდათ თუ არა ამის წაკითხვა.

1379864_10151730153106298_784490157_n

„სახლის გაყიდვა“ ქევანას მესამე კრებულია და აი…… ქვას ხეთქავს და ზღვას ადუღებს ისეთია. სულ ჩვენზეა. შენზე, შენზეც და შენზეც. მისი ლექსები დღიურივითაა – ყოველდღე საწერი და საკითხავი. შენი დებილობები, უბედურებები, უაზრო სიხარულები, ნაღვლისბუშტისანთებები და კითხულობ, კითხულობ და უცებ, შუა ლექსში ბრაზდები, მერე ნწ ნწ ნწ-ს გაიძახი, ჩაგეღიმება, რაღაც სიტყვაზე თვალი გაგეჭედება, მერე გეტკინება და…. ეგა ხარ, რა. არა?

ამ კრებულში ქევანას სახლებიც სხვანაირია – ჩემი არაჩემი სახლი, ჩალის სახლი, ხის სახლი, გულში აშენებული სახლი… ასეთი მშენებელი და მაკლერია ჩემი ქევანა.

ჩვენ გავიარეთ „სკამის საზურგე -

                                           დახუნძლული ჯინსით, სვიტრებით….“

„რა უნდა მოხდეს, რომ ძველებურად ასე უფულოდ,

ერთი ზურგჩანთით

გზას დავადგეთ გაურკვეველი მიმართულებით…

რა უნდა მოხდეს

რომ დაბრუნდეს ეს შეგრძნება -

სიღარიბით ბედნიერების,

უსიყვარულოდ თავისუფლების.“

როგორც ქევანა ამბობს, ჩვენ, მეტნაკლებად დავახარისხეთ ჩვენი ცხოვრება. ჰოდა, აწი, ალბათ, ზამთრის პარასკევობით ლოტოს ვითამაშებთ, ერთმანეთზე ვიცინებთ, ბევრს ვიყაყანებთ, ვიკამათებთ და როგორც იქნება გავი-გაზაფხულებთ.

„ზუსტად არ ვიცი,

მაგრამ შეიძლება, ესეცაა სამოთხე.

სადაც შენი მისვლა უხარიათ.

სადაც შეგიძლია, სიბერემდე მიხვიდე და დარჩე.“

ქევანამ მეგობრების იავნანაც დაგვიწერა და ამ ლექსშიც ისე ვეჭიდებით ერთმანეთს, როგორც ყოველდღე.

მინდა, ეს კრებული ბევრმა „ჩვენიანმა“ წაიკითხოს და თავისი წილი ქევანა და ქევანას წილ სიტყვაში თავისი თავი იპოვოს. აი, ჩემს წილ წიგნს კი, მაგარი მინაწერი აქვს. ყოველდღე, ძილის წინ ვშლი და ვუყურებ. მერე ბღონძივით მრგვალი ღიმილი მეხატება და ვიძინებ. ხვალ, მორიგი მძიმე დღეა, მორიგი რუტინა, გადარბენა, საცობი, ინტერვიუ, გადაღება, მაღაზიაში ნერვების შლა, ბანკომატზე თიტების ნერვიული კაკუნი, „ზებრა“ გადასასვლელზე ჩხუბი, თვალების ფშვნეტა – აზრზე მოსვლის იმედით, ტელეფონის დახეთქება, უაზროდ სიცილი და იმაზე ფიქრი, რომ მალე მოვიდეს კვირის ბოლო არასამუშაო დღეები და გადავყაროთ ჩავლილი, აყროლებული ამბები, დავხდეთ ან ვიწანწალოთ, დავიხოცოთ ჭამით ან უბრალოდ, მშვიდად მომღიმარმა უყურო – როგორ იჭრის თმას შენი მეგობარი და ეს იყოს უცნაური სიმშვიდისა და ბედნიერების განცდა.

აი, ასე. მე ჩემს მეგობარზე დავწერე. თქვენ კი, პოეტმა ქევანამ თუ დაგაინტერესათ, გადაიკითხეთ. მე ძალიან მომანდომებინეს და ვიცი –

„გამოსავალი არსებობს.

ის შენამდე გამოიგონეს.

უფასოდ შეგიძლია, აიღო და წახვიდე“ – სცადეთ. 1375145_10151730152381298_2025227768_n

One Response

  1. disco2o00

    ჩემს წიგნსაც მაგარი მინაწერი აქვს. რა დასამალია, ეგოისტურად ველოდი რას დააწერს-მეთქი, ვკითხულობ, სულ ვკითხულობ და ბედნიერი ვარ <3

    Reply

Leave a Reply