სტალინის რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის ხეივანი პარტიზანი მებაღეებისგან

20 ოქტომბერს პარტიზანმა მებაღეებმა სოღანლუღის ველზე, რუსთავის გზატკეცილზე  სტალინის რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის ხეივანი გააშენეს. რეპრესირებულთა სახელზე 81 კვიპაროსი  უკვე დაირგა, მათგან 14 სახელობითია, ხეებს პატარა მეტალის ფირფიტაზე აწერია მსხვერპლთა სახელები: – ტიციან ტაბიძე, არჩილ მიქელაძე, ზურაბ ჩხეიძე, ირინა ვაშაყმაძე, ალექსანდრე ცხოვრებაშვილი, ირინე ცხვედაძე, სერგო ახობაძე და სხვ. ხეივანის მდებარეობა სიმბოლურია, ვინაიდან სწორედ აქ ხვრეტდნენ ადამიანებს  1936-37 წლებში, რომელთა რიცხვიც ამ დრომდე დაუზუსტებელია, მაგრამ სხვადასხვა წყაროების მიხედვით 10 000-ზე მეტს აღწევს.

ფოტო - თამარ საბახტარაშვილი

ფოტო – თამარ საბახტარაშვილი

საბჭოთა კავშირის დროს რეპრესირებულთათვის ეს პირველი მემორიალური “დაფა” იქნება, აქამდე მათ სახელზე არაფერი არსებობდა. ხეივანისთვის ხეების დამატება ნებისმიერ მსურველს ნებისიერ დროს შეუძლია. საბოლოო ჯამში აქციის მიზანი მემორიალური ტყის გაშენებაა, სადაც თითო ხე თითო რესპრესირებულის სახელზე იქნება დარგული.

პარტიზანმა მებაღეებმა ამ აქციისთვის დაფინანსება კერძო პირისგან მიიღეს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა. პარტიზანებმა, რომლებმაც მოღვაწეობა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს, უკვე 10-მდე სხვადასხვა მასშტაბის აქცია განახორციელეს. მათ რიგებში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

Leave a Reply