თინათინ შურღაია ქართველი მუსიკოსია, რომლის პირველი სიმღერებიც სულ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა youtube-ზე და მოკლე ხანში ათასობით ნახვა დააგროვა, რაც ქართული მუსიკალური პროექტებისთვის შთამბეჭდავ რიცხვად ითვლება. დღეს თინათინის ანგარიშზე 3 კონცერტი, 10-ზე მეტი სიმღერა,  მსმენელთა გარკვეული რაოდენობა და დიდი გეგმებია. თავს Indie პერფომერად თვლის და სტადიონზე კონცერტის გამართვაზე ოცნებობს.

“მუსიკა ჩემთვის კომუნიკაციის მთავარი მეთოდია.  ზოგი პოლიტიკოსი ხდება, ზოგი დღიურებს წერს, მე ჩემი მუსიკით გადმოვცემ იმ სათქმელს, რომელიც პერიოდულად მიგროვდება ხოლმე. ან ჩემი ყოფა მაღელვებს, ან ის, რასაც მიყვებიან, რაც ჩემს გარშემო ხდება, განვიცდი ამ ამბებს, მერე მოვდივარ და ვწერ სიმღერებს. ერთგვარი თანაგრძნობა და გაზიარებაა სხვების პრობლემების, ასე ვეუბნები ადამიანებს, რომ მე მათი მესმის, მათი პრობლემები მაწუხებს, მათ გვერდით ვარ. ადამიანებს გვიყვარს, როცა ვიღაცას ესმის ჩვენი, როცა ვიღაც ჩვენზე გვესაუბრება, ამიტომ მგონია, რომ იმ ხალხსაც, რომელიც ჩემს მუსიკას უსმენს, გაეხარდება, თუ გაიგებენ, რომ მე მათ გვერდით ვარ, ვიცი, რა აწუხებთ, რა ჭირდებათ. მე შემიძლია მათზე და მათთვის ვიმღერო.”

სიმღერამდე გრძელი გზით მოვიდა, რომელიც ლუიზიანას ერთ-ერთი უნივერსიტეტის  პოლიტიკური მეცნიერებებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, სტუდენტობისას დაწერილ და მხოლოდ თავისთვის გადანახულ მელოდიებზე და პუბლიკის წინაშე გამოსვლის დისკომფორტზე გადიოდა. ერთხელაც, თავისთვის განკუთვნილი სიმღერები ნიკო ნერგაძეს მოასმენინა და მისი აღფრთოვანებული სახის დანახვაზე მიხვდა, რომ ის, რასაც აკეთებდა სხვებსაც შეიძლება მოესმინათ, მოწონებოდათ, შეეყვარებინათ.

“ყველაფერს ჭირდება საწყისი. ჩემთვის ნიკოს შეფასება აღმოჩნდა სტარტი. დღეს ვეღარ ვჩერდები, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ მუსიკა ტრიალებს ჩემს თავში. ვსწავლობ ჰარმონიას, სოლფეჯიოს, მუსიკის თეორიას და ა.შ. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიცოდე იმაზე, რასაც ვაკეთებ და მოხიბლული, აღფრთოვანებული ვარ ამ სივრცის მასშტაბურობით.

არ ვფიქრობ მუსიკაზე, როგორც ცალკე აღებულ ერთ სფეროზე. მუსიკა ეს არის მანქანები, მეცნიერება, მათემატიკა, წესები. რეალურად მუისიკა ყველგან და ყვეაფერშია და ძალიან ბევრ რამეს აკეთებს თავისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით. აქ ხარ თავისუფალი, მაგრამ არის კანონები, რომელიც უნდა დაიცვა. სწორედ ეს, თავისფლება და კანონი ერთად ძალიან მომწონს. შენ უნდა მიყვე კანონებს, შეგიძლია მის ფარგლებში ექსპერიმენტები ატარო, ახალი ჟღერადობა, რითმი შექმნა, მაგრამ მას ვერ გახეთქავ, უნდა დაემორჩილო.

ჩემი მუსიკამ თავდაჯერება შემმატა, ძალიან ბევრ რამეში  უფრო დარწმუნებული გავხდი, ვიდრე მანამდე ვიყავი.

ბოლოს თელავში მქონდა კონცერტი, იმდენი ხალხი ჩამოვიდა, არ შეიძლება არ დააფასო ეს ადამიანები, არ შეიძლება ვერ დაინახო ის, რომ შენ რაღაცის ნიჭი გაქვს. როცა ამდენი ადამიანი გისმენს, ესე იგი მათ ჭირდებათ შენი მუსიკა.”

მუსიკა, მით უმეტეს კარგი მუსიკა ადამიანებს ნამდვილად ჭირდებათ. ამაზე თინათინის კონცერტებზე შეკრებული აუდიტორიაც მეტყველებს, რომელთა შორის ნებისმიერი ასაკისა და მუსიკალური გემოვნების ხალხს იპოვი.

“დღემდე მნიშვნელოვანია, რას იტყვის ხალხი. არ შეიძლება რაღაცას აკეთებდე და დაფასება, ან არ დაფასება არ გადარდებდეს.  ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და ბუნებრივია ვშფოთავდი, მაინტერესებდა  როგორ მიიღებდა ხალხი იმას, რაც მე გავაკეთე, შემი ნაწილი ჩავდე და თქვენთან მოვიტანე.

ახლა ვიცი, რომ მე პერფორმერი მუსიკოსი ვარ, თუ ბევრს ვიშრომებ, უკან აუცილებლად დამიბრუნდება რეზულტატი.  ჩემთვის დიდი რამეები მემეტება, მინდა რომ დიდ სცენაზე მქონდეს კონცერტები. მგონია, რომ თუ ამ სფეროში ამბიცია არ გაქვს, აქ არც უნდა იყო. ამიტომ ვდებ ამ სააქმეში ამდენს, რომ მინდა მოლოდინები ამისრულდეს.”

ქართული მუსიკალური ინდუსტრია იშვიათად თუ იძლევა იმის საშუალებას, რომ წარმატებულმა მუსიკალურმა  კოლექტივებმა მასშტაბური კონცერტების ორგანიზება შეძლონ.

“საქართველოში ბევრი საინტერესო მუსიკოსია. მგონია, რომ არა სნობიზმი, უკეთ იქნებოდა ჩვენი საქმე. აქ ყველა ერთმანეთის კონკურენტად აღიქვამს ერთმანეთს, რაც სასაცილო და არასერიოზულია. გარდა ამისა, ელემენტარულ რამეებზე არ არის შეთანმხებული მუსიკალური კომუნა, სად რამდენად დაუკრავენ, როგორი დონის კონცერტებში მონაწილეობაა მისაღები და ა.შ. არ შეიძლება მუსიკოსის ფასი სადმე უფრო დაბალი იყოს, ვიდრე აპარატურის.

ლეიბლებიც ცუდ საქმეს უკეთებენ მუსიკოსებს, ისეთი ხანგრძლივობის კაბალურ კონტრაქტებს უფორმებენ, მთლიანად კლავენ მის პოტენციალსაც და შემოქმედებით უნარებსაც. ”

 YOUTUBE 

FACEBOOK

SOUNDCLOUD

One Response

Leave a Reply