გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც ქართული საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლა გახლდათ გენდერულ თანასწორობასთან მიმართებაში, განსაკუთრებული აქცენტით ქალების მონაწილეობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. კვლევამ ცხადი გახადა, რომ გენდერული უთანასწორობა საქართველოს რეალობისთვის ჩვეულ მოვლენად რჩება. 

1486835_597125897001640_465904864_n

ბოლო წლებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ეკონომიკურად არამყარი პოზიციები უჭირავთ. ქალების პოზიციები სუსტია არა მხოლოდ საზოგადოებაში, არამედ ოჯახშიც. მაგალითად კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა (63%) თვლის, რომ კარგი ცოლი უნდა დაემორჩილოს მეუღლეს, მაშინაც კი, როდესაც არ ეთანხმება მას. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ქალებს 56% და მამაკაცების 72%.

შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გენდერული უთანასწორობის ინდექსის მიხედვით, საქართველო გამოკითხულ 137 ქვეყანას შორის 71 ადგილს იკავებს.

კვლევასთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ქუჩებსა და სოციალურ ქსელებში  ხორციელდება კამპანია ” შეიცვალე აზრი”, რომლის მიზანიც იმ სტერეოტიპების დანგრევაა, რომელიც ადამიანებს თავიანთი სქესის მიხედვით არგებს როლებს ოჯახსა და საზოგადოებაში. კამპანიის მიზანი ასევე იმ თავისუფალი არჩევანის პერსპექტივის წარმოჩენაა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს და შეუძლია გამოიყენოს.

1511410_598896326824597_2110267729_n

 კამპანიის Facebook-ის გვერდზე მისი ორგანიზატორები ხშირად აღნიშნავენ, რომ  ისინი არ არის ფემინისტები, მათი საქმიანობა არ არის მხოლოდ ქალების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ისინი თანასწორი გარემოს შექმნას მიესალმებიან. ” ჩვენ გენდერული თანასწორობის მომხრეები ვართ, რაც გულისხმობს განვითარების თანაბარ შესაძლებლებსა და თანაბარ უფლებებს როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის. ჩვენი მიზანია გავაგებინოთ როგორც ქალებს, ასევე კაცებს, რომ გენდერული თანასწორობა სასარგებლოა ყველასათვის.”

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელი ნათია გვიანიშვილი თვლის, რომ გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი და ფემინიზმთან ცალსახად გამიჯვნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომუშავე ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მხრიდან გავრცელებული ტენდენციაა, არასწორი პოზიციაა.

” ამას იმით ამართლებენ ხოლმე, რომ ფემინიზმს საქართველოში ძალიან ცუდი მნიშვნელობა აქვს და კაცების სიძულვილთან არის გაიგივებული.  მაგრამ მე საპასუხოდ მიჩნდება შემდეგ შეკითხვა: კი მაგრამ ვინ შეუწყო ამ სტერეოტიპის გამყარებას ხელი? ისევ იმ ქალთა ორგანიზაციებმა, რომლებმაც არ თქვეს, იცით რა, ასე არ არის. 

მეორე საკითხია  საერთოდ ქალთა ენჯეო სფეროდან ვინმემ თუ ჩაიხედა  განმარტებით ლექსიკონში და დაინტერესდა თუ არა ეს ბუა ფემინიზმი რა არის.  ერთეული ორგანიზაციების და აქტივისტთა მცირე ჯგუფის გარდა ფემინისტად თავს არავინ აცხადებს აქ, მაშინ როცა ასობით ქალთა ენჯეო გვაქვს. ამ გარემოში მესმის რატომ შეიძლება მოუნდეს ვიღაცას რომ თქვას “ამ პროექტს არ ვარქმევთ ფემინისტურს და ვცდილობთ პუბლიკას მივაწოდოთ მესიჯი, რომ გენდერული თანასწორობა გვინდა.” ანუ თუ ეს არის მცდელობა, რომ არა “ფემინისტის” როგორც აღმნიშვნელის რეაბილიტაცია მოახდინო, არამედ უბრალოდ “გასაგებ” ენაზე (ანუ ნაკლები ძალისხმევით) მიიტანო რაღაც აუდიტორიამდე. მაგრამ, ამის გაკეთებისათვის სულაც არ არის აუცილებელი თქვა, რომ “ჩვენ რომ ქალთა უფლებებისათვის ვიბრძოდეთ, მაშინ იქნებოდა ეს ფემინიზმი. ჩვენ კი გენდერული თანასწორობა გვინდა ქალებისა და კაცებისთვის” . ანუ ამ ფრაზაში არის ჩადებული ზუსტად ის პარადოქსი, რომ “გენდერული თანასწორობა” არ ნიშნავს ქალთა უფლებებზე მუშაობას. 

ახსნა იმისა როგორ არ არის ერთი და იგივე გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვა და ფემინიზმი უბრალოდ ავლენს იმას რომ გატყმაში არ არიან არც ერთის და არც მეორის.  ფემინიზმი ფაქტობრივად იდეოლოგიების ნაკრებია, სადაც სპექტრი არის ძალიან დიდი: რადიკალურიდან  ლიბერალურამდე. ლიბერალური ფემინიზმი ზუსტად ისეთია, როგორადაც ამ ორგანიზაციებს უნდათ, რომ მათი საქმიანობა აღიქმებოდეს: რბილი, თანასწორობაზე ორიენტირებული, სისტემისთვის “უვნებელი” .

არის რადიკალური მიმდინარეობებიც, რომლებშიც ის აზრი ტრიალებს, რომ თანასწორობა შეუძლებელია იმიტომ, რომ თუ სისტემა არ შეიცვალა, ჩაგვრა არ დამთავრდება. ისინი სხვა სოციალურ ჯგუფებსაც მოიაზრებენ აქ და არა მარტო ქალებს. ამის შესახებ ჩვენთან ცოდნა არ არის. არცოდნას კიდე შევეგუები, მაგრამ როდესაც ასეთ მნიშვნელოვან და დელიკატურ საკითხზე ამხელა პროექტს აკეთებ, გამოდიხარ ტელევიზიაში და ა.შ. და  ამბობ, რომ ადამიანებს “აზრი უნდა შეუცვალო” , გაქვს იმის პასუხისმგებლობა, რომ დასაბუთებულად ახსნა რატომ აკეთებ რაღაც კონკრეტულ არჩევანს. გაქვს პასუხისმგებლობა რომ აიღო წიგნი ან ბოლოს და ბოლოს გუგლის საძიებო სისტემა მაინც გამოიყენო ელემენტარული ინფორმაციის მისაღებად. ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები არ უნდა ერიდებოდნენ სისტემასთან დაპირისპირებას, უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ გაცხადებულ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, კარგად უნდა შეეძლოს იმის დასაბუთება, თუ რა არჩევანს რატომ აკეთებს. “
1491322_598347556879474_60181011_o

Leave a Reply