196 წიგნის წაკითხვა ერთ წელიწადში  ბრიტანელი ჟურნალისტის, ანა მორგანის განხორციელებული პროექტია. იდეა, გაცნობოდა თითო თანამედროვე მწერლის ნაწარმოებს 196 ქვეყნიდან, ანას ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გაუჩნდა, სადაც ზუსტად 196 დამოუკიდებელი ქვეყანა მონაწილეობდა. პროექტის შესახებ ბლოგი შექმნა, სადაც ლიტერატურის მოყვარულის ვნებებს, ინგლისურად თარგმნილი სხვადასხვაენოვანი ლიტერატურის სიმწირისა და წაკითხული წიგნების ამბებს ყვება. 

პროექტში ქართული წიგნიც მოხვდა –  აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”, რომელიც მართალია ბრიტანეთში წიგნად გამოცემული არ არის, მაგრამ მისი წაკითხვა შესაძლებელია Dalkey Archive Press-ის პერიოდულ გამოცემაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბრიტანეთში გამოცემული ქართული წიგნების რაოდენობა ძალზე მცირეა და არჩევანი ფაქტობრივად არ არის. იგივე გამომცემლობის ფარგლებში სერიით “თანამედროვე ქართული მხატვრული ლიტერატურა” ელიზაბეთ ჰეივეიმ თარგმნა ნუგზარ შატაიძე, კოტე ჯანდიერი, ლაშა ბუღაძე და სხვა რამდენიმე ქართველი მწერალი. 

ქართული ლიტერატურა ერთადერთი არ არის, რომელის სხვა ენაზე თარგმანებიც რთულად იშოვება. ანას ბლოგზე ნახავთ ყველა იმ სირთულეს, რომელსაც ის სხვადასხვაენოვანი ლიტერატურის მოპოვებისას გადააწყდა. გარდა თარგმანის პრობლემებისა, ბრიტანელი ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ წელიწადში ამდენი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელის გაცნობა, მათ სამყაროებთან შეხებაც არ იყო მარტივი.

ამჟამად ანა მუშაობს წიგნზე “Reading the World: Postcards from my bookshelf “, რომელიც 2015 წელს გამოვა და ამით სურს მადლობა გადაუხადოს ყველა იმ ადამიანს მხარდაჭერისთვის, ვინც მის ბლოგს კითხულობდა და პროექტის განხორციელებაში ეხმარებოდა.

ანასთვის პროექტი ლიტერატურით დაინტერესების პირველი პრეცედენტი არ ყოფილა. პირიქით, შეიძლება ითქვას, ეს ლოგიკურიცაა მისი განათლებიდან გამომდინარე. კემბრიჯის უნივერსტეტის ინგლისური ლიტერატურის  ბაკალავრი ამჟამად აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. მან ასევე დაამთავრა ლონდონის ჟურნალისტთა სკოლა და სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა:  Australian, BBC Music Magazine,  New Internationalist და  Guardian..

Leave a Reply