Mins ინგლისური სიტყვის, minutes-ის (წუთები) შემოკლებული ვერსიაა, The Mins კი  ქართული ჯგუფია, 3 წლიანი ისტორიით და ოთხი განსხვავებული მუსიკალური გემოვნების მქონე წევრით, რომლებიც საერთო მუსიკალურ პროდუქციას ქმნიან Alternative/New Progressive Rock-ის ჟანრში. ბიჭები ამბობენ რომ მათთვის მნიშვნელოვანია როგორც სიმღერის მელოდიური, ასევე შინაარსობრივი მხარე, რომელიც ხშირად ეხმაურება საზოგადოებისთვის პრობლემატურ თემებს.


ასე მაგალითად  სიმღერა Blind World, მოგვითხრობს იმაზე, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი ბრბოს ნაწილი ხდება და საკუთარ ინდივიდუალობას კარგავს. სწორედ ამ სიმღერაზეა შექმნილი ჯგუფის პირველი კლიპი, რომელშიც შესაბამისი თემატიკის ისტორიული კადრებია ჩასმული.

სიმღერებს ჯგუფის წევრები ერთობლივად წერენ, თუმცა ძირითადი ნაწილი ჯგუფის ვოკალისტს, ზვიად მღებრიშვილს ეკუთვნის, რომელიც ამასთანავე ხმის ინჟინერია და მასვე ეკუთვნის სიმღერების არანჟირებაც. ზემოთ აღნიშნული კლიპის გარდა, ჯგუფს  კიდევ ორი კლიპი აქვს: ენერგიულ სიმღერაზე My Love is a Killer და O.W.L, რომლის კლიპი შედგენილია ზვიად მღებრიშვილისა და მისი შეყვარებულის ნიშნობის კადრებისგან. The Mins-ის სამივე ვიდეო  Rodales Films-ის გადაღებულია.

The Mins-ის წევრებს წარმატების მისაღწევად და ხარისხიანი მუსიკის შესაქმნელად საკუთარი რეცეპტი აქვთ:  საქმის სიყვარული და ბევრი შრომა. ცდილობენ რეცეპტის ძალა საქმითაც დაამტკიცონ.

ჯგუფმა უკვე მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ფესტივალსა (ილიაუნის ფესტივალი, ფანArt Fest, “Soundcheck” ფესტივალი, Batumi Summer Set) თუ კონცერტში (2013 თბილისობისა და ახალი წლის კონცერტები). მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს საკმაოდ დიდი შესვენება ჰქონდა 2011 წლის Newcomers-ის გამოსვლის შემდეგ, ისინი დროს ტყუილად არ ხარჯავდნენ. ამჟამად მათ უკვე 13 სიმღერა აქვთ, რომლებსაც სულ მალე ჩანაწერებად აქცევენ და წელსვე შემოგვთავაზებენ EP-ის, ახალ კლიპს და ალბომს. ასევე, დაგეგმილია კონცერტები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მაგალითად, ზაფხულში ჯგუფი რუსეთში გაემგზავრება კონცერტების ჩასატარებლად.
ასე რომ, უსმინეთ The Mins-ს და თვალყური ადევნეთ მათ სიახლეებს:

Facebook
YouTube
Soundcloud

One Response

Leave a Reply