ჰაინრიხ ბიოლის რომანი,  “უკაცო სახლი” მეორე მსოფლიო  ომის შემდგომდროინდელი დასავლეთ გერმანიის ამბებს მოგვითხრობს.  წიგნი იმ პერიოდზეა, როდესაც წარსულს  ჩაბარდა შიმშილი,  ქვეყანამ პირველი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური სასწაულის გზაზე, მაგრამ დარჩნენ ტრავმირებული და დაბნეული ადამიანები.

რომანის მთავარი გმირები ბავშვები არიან: –  მარტინ ბახი და ჰაინრიხ ბრილახი. ისინი სხვადასხვა სოციალურ გარემოში იზრდებიან. მარტინის დედა ქვრივი ნელა ბახია, რომლის მეუღლე, პოეტი  რაიმუნდი  რუსეთში  დაიღუპა. ნელასთან ერთად ცხოვრობს რაიმუნდის მეგობარი ალბერტი, რომელიც მარტინზე ზრუნავს. მარტინის მამის სიკვდილში ვერნერ გეზელერია დამნაშავე, ათიოდე წლის შემდეგ კი იგივე გეზელერი კულტურისა და ლიტერატურის სფეროში მოღვაწეობს და რაიმუნდის შესახებ მოხსენების წაკითხვას აპირებს.

წიგნის  მთავარ  ღირებულებად  თავისუფლად  შეიძლება   მწერლის  ანტიფაშისტური  დამოკიდებულება მივიჩნიოთ, აქ კარგად ჩანს ბიოლის უარყოფითი განწყობა ნაციზმის მიმართ, რომელსაც  ყველა  უბედურების  მიზეზად მიიჩნევს.

ნაწარმოებს რეალობას მატებს მატერიალური ყოფის აღმწერი დეტალები:  მწერალი  პირველ  პირში  ყვება  თითოეული  გმირის  ცხოვრების   უმნიშვნელო  ფაქტებს,  რის გამოც  მარტივად  შეგიძლიათ  გახდეთ  ომის  შემდგომი  გერმანიის  მოქალაქე,  იმოგზაუროთ დროში  მათთან  ერთად,  ვისაც   ომმა  წაართვა  აწმყო,  წარსული  და  მომავალიც კი.

რომანის   მთავარი  გმირი ჰაინრიხი  ცდილობს  გაერკვეს  მის  გარშემო  არსებული  სამყაროს  რეალობაში,  გაიგოს  განსხვავება  სიწმინდესა  და  უწმინდურობას  შორის  და  იმ  იშვიათ  დღეებში,  როცა  დედა  მის  დაძინებადე    ბრუნდება   სახლში,   მასზეც  ბევრს  ფიქრობს. ფიქრობს  მამაზეც,  რომელიც  სადღაც  რუსეთის  მიწაში  წევს. მიუხედავად ამისა,  მშობლების  ცხოვრება მაინც ამოუხსენლად რჩება. 

ნელას ისღა დარჩენია სიგარეტი გააბოლოს და ფარდის ოქროსფერი ფარჩის საკილოვეს ისე ჩააფრინდეს, რომ ფეხზე შეიმაგროს თავი. გარდასულ დღეთა  ექო  ნელას ისევ ესმის ყურში, სადღაც სულ ახლოს ესმის ბუტბუტი: “…იურერი”, ..ხალხი”, “…ამშობლო”… კვლავ ახმიანდა თავმოკვეთილი ტყუილი, თავის დროზე წყევლასავით, რომ დაატყდა თავს. მას აქეთ თითქოს ათასი წელი გავიდა და ის რამდენიმე თაობა ამ კერპებს რომ ეთაყვანებოდა , რა ხანია მიწამ შეჭამა.. მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა სამად-სამ დამახინჯებულ სიტყვას, ადამიანები ამ სამადსამი სიტყვის გამო დახოცეს, დაწვეს, დახვრიტეს, გათელეს და გაზის საკნებში გამოახრჩვეს 

მიუხედავად   წიგნის  ემოციური  სიმძიმისა,  მარტივად   იკითხება  და  ზუსტად  ასახავს   სამყაროს  ისტორიის  ყველაზე  მტკივნეულ და  ბინძურ  პერიოდს.

საინტერესო  მოგზაურობას  გისურვებთ.

 

 

One Response

Leave a Reply