Persepolis – ირანელი გოგონას შავ-თეთრი ამბავი

მსოფლიოში ასე პოპულარული და საყვარელი კომიქსის ჟანრი ქართველი მკითხველებსა და გამომცემლებს შორის დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, თუმცა არის გამონაკლისებიც, რომლებმაც შეძლეს ჩვენი  მოხიბვლა. ერთ-ერთი ასეთია ირანელი მწერლის, მხატვრის, მულტიპლიკატორისა და რეჟისორის, მარჟან სატრაპის რომანი “პერსეპოლისი” და მისი ამავე სახელით გაკეთებული ეკრანიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ წიგნი ქართულად ნათარგმნი დღემდე არ არის, უმეტესობამ ირანელი გოგონას დრამატული ამბავი სწორედ შავ-თეთრი ანიმაციით გაიგო. 

Persepolis_3

“პერსეპოლისი” – ნახევრად ბიოგრაფიული და  ნახევრად მხატვრული  ნაწარმოებია ირანელი ინტელიგენტის ოჯახში დაბადებულ გოგონაზე, რომელსაც თავის ქვეყანაში მიმდინარე ომის გამო  14 წლის ასაკში ავსტრიაში საცხოვრებლად გადასვლა მარტოს მოუწია. გოგონაზე, რომელიც უცხო, აბსოლუტურად განსხვავებული კულტურისა და ფასეულობების მქონე ქვეყანაში ცდილობს  თავის დამკვიდრებას, მაგრამ გამოუცდელობისა და ასაკის  გამო მალევე კარგავს  იმედს  და უკან, სამშობლოში ბრუნდება. გოგონაზე, რომელიც მიუხედავად კარგი განათლებისა და მონდომებისა, თავისი კულტურულ-სოციალური მემკვიდრეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებს მისი თანატოლი ევროპელების გვერდით ცხოვრებას და მაინც არ კარგავს ძალას, გარკვეული პერიოდის შემდეგ თავიდან დაიწყოს ბრძოლა საკუთარი ადგილისთვის განვითარებულ სამყაროში.

ავტორი ამბობს, რომ ამ ნაწარმოების შექმნა მაშინ დაიწყო,  რაც ირანში ცხოვრებისას დაგროვილი და განცდილი ყველა წყენა, სიბრაზე და ტკივილი  გადახარშა. მისივე თქმით,  შეუძლებელია სირთულეების გადალახვის, სხვებისა და საკუთარი თავის პატიების გარეშე ცივი გონებით, მესამე ადამიანის თვალით შეხედო  ამ არც თუ ისე მარტივ ისტორიას.

მარჟანმა წიგნზე მუშაობა 1999 წელს დაიწყო, საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლიდან 5 წლის თავზე. რომანი საფრანგეთში 4 ნაწილად გამოიცა და დიდი წარმატება ხვდა წილად. 2001 წელს დაჯილდოვდა საუკეთესო სადებიუტო წიგნის ნომინაციით კომიქსის სტილში. 2003 და 2004 წლებში  ინგლისურად ითარგმნა და ორ ნაწილად გამოიცა. მოგვიანებით, 2007 წელს მარჟანმა თავის მეგობარ ვინსენტ პარანოსთან ერთად მასზე მულტიპლიკაციური ფილმი გადაიღო, რომელიც იმავე წელს კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.poster

ამბავი ერთი შეხედვით შესაძლოა ნაკლებ სერიოზული და ცოტა ბანალურიც კი გეჩვენოთ,  მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სირთულეებს, რასაც  აღმოსავლეთის ქვეყნებში გადარჩენისთვის მებრძოლი თავისუფალი სულები აწყდებიან,  სადაც თითოეული მოქალაქის ბედს ფუნდამენტალისტები და თეოკრატიული რეჟიმი განაგებს, ცხადი გახდება, რა დრამასთან გვაქვს საქმე. ქალი, რომელსაც შეზღუდვების მიუხედავად  შენარჩუნებული აქვს ინდივიდუალიზმი, ძნელად თუ შეეგუება მისთვის დადგენილ საზღვრებს. ის იძულებულია იბრძოლოდ  საკუთარი  და სხვების უფლებებისთვის, არ შეეგუოს მუდმივ შიშში ცხოვრებას და იბრძოლოს მანამ, სანამ სასურველ მიზანს და მდგომარეობას არ მიაღწევს. 

 

Leave a Reply