ენტონი ბერჯესისა და სტენლი კუბრიკის მექანიკური ფორთოხლების ამბავი სასურველია წაიკითხოთ თანდართულ ვიდეოში არსებული მუსიკის თანხლებით. 

 

მესმის, რომ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე „გაპაპსავებული“ წიგნი და მითუმეტეს, კიდევ უფრო „გაპაპსავებული“ ეკრანიზაცია ავირჩიე. შესაბამისად, ისიც მესმის,  რომ შესაძლოა თქვენთვის რაიმე ახლის ან თუნდაც ყურადსაღების თქმა ვერც მოვახერხო, მაგრამ მაინც, მოდი ვეცდები, ჩემს შთაბეჭდილებები და აზრები გაგიზიაროთ. თუკი აღმოჩნდება, რომ აქ გამოთქმული მოსაზრებები ბანალური, მოსაწყენი და არაერთგზის გადაღეჭილია, ამისთვის წინასწარ ბოდიშს გიხდით. თუმცა წერას მაინც თქვენი დაინტერესების (თუ გაოცების ხომ კარგი) იმედით ვიწყებ.

მაშ ასე…

რითი განსხვავდება ”ფორთოხლის” პირველწყარო მისი ეკრანიზაციისგან? არაფრით და ამავდროულად ყველაფრითაც. მცირე გამონაკლისების გარდა, ფილმის სიუჟეტი ზუსტად იმეორებს წიგნისას, მაგრამ სტილისტიკა, გარემო, ატმოსფეროც კი, კუბრიკს საკუთარ გემოზე აქვს გადაწყობილი.

თუნდაც მთავარი პერსონაჟის გარეგნობა ავიღოთ -“ძაან ძაან შემოტკეცილი შავი შარვალი” და “ტკიცინა გალსტუკები” თეთრმა სამოსმა და შავმა ქუდებმა ჩაანაცვლა. მთავარი მიგნება – ალექსის ხელოვნური წამწამი (საათის მექანიზმის ნაწილს რომ ჩამოგავს), რომელიც ლამის ფილმის სავიზიტო ბარათად  და  მთავარი პერსონაჟის “მექანიკურობის” მთავარი აღმნიშვნელი სიმბოლო იქცა. მან ჩაანაცვლა საბრალო მწერლის ციტატა “მექანიკური ფორთოხლის” შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წიგნს ორი დასასრული აქვს. მეორე დასასრული, სადაც ალექსი კეთილი ნებით იაზრებს საკუთარ ქმედებებს და იცვლის წარმოდგენებს, ქართულად ნათარგმნი არაა. სხვათა შორის, ალექსი მანდ იმასაც ამბობს, ახალგაზროდობაში ყველანი მექანიკურები, დაქოქილები ვართო. არ არის გამორიცხული, რომ კუბრიკს თავისი წამწამის იდეა სწორედ აქ მოუვიდა.

ეს ყველაფერი ალექსის ბეთჰოვენისადმი სიყვარულს ემატება და კიდევ უფრო ამძაფრებს წიგნში დახატული ახალგაზრდა, დახვეწილი, სადისტი ფსიქოფატის სახეს. მალკოლმ მაკდაუელის მიმიკები სრულიად გადმოსცემს წიგნში ნაწარმოებ შინაგან მონოლოგს, და მისი შეშლილი  გამომეტყველება, ავადმყოფ ბუნებას ჩინებულად გამოხატავს.

გარემო და სტილი

სცენა ”ფაქიზოში” (სხვათა შორის, ქართული თარგმანი ცალკე სალაპარაკო თემაა და მას სიამოვნებით განვავრცობდი, რომ არა თქვენი დროის სიმწირე),  შიშველი ქალები, რომელთაც მაგიდების ნაცვლად იყენებენ, რძის აპარატი – ისევ და ისევ შიშველი ქალი, რომელიც ფალოსებს აჯდება (ფალოსურ სიმბოლოებს და სექსუალურ ქვეტექსტებს ფილმში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი), ბერჯესის დედაბერი, რომელიც კუბრიკმა შუა ხნის სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ქალად აქცია და რომელსაც ალექსი “თანამედროვე ხელოვნების ნიმუშით” – მრუდე სქელი პენისით კლავს. კუბრიკი თუ გიყვართ, ალბათ დამეთანხმებით, რომ მსგავსი სექსუალური “ოინბაზობები” მისი ფილმებისთვის ხშირადაა დამახასიათებელი. ბოლო ფილმი კი მთლიანად მას დაუთმო.  ნუ ბრაზობთ, ვუბრუნდები ძირითად თემას.

სტილისტურად ასევე ძალიან საინტერესოა ალექსის სადარბაზო. კედელზე ფრესკები კომუნისტური ფერწერის საუკეთესო ტრადიციებშია შესრულებული (ამ ერთი პატარა დეტალით კუბრიკი გვახსენებს, რომ მოქმედება ტოტალიტარულ სახელმწიფოში ხდება, სადაც რუსიზმები მტკიცედაა გამჯდარი სალაპარაკო ენაში). ფრესკების “გალამაზებაზე” ადგილობრივმა ხულიგნებმა იზრუნეს და ისინი აქა-იქ გინეტალიებით დაამშვენეს (ვერა და ვერ გავცდით ამ თემას მოკლედ… : ))

ალექსის ოთახსაც უნდა შევეხო. მისი ბინადარი პითონი კუბრიკის მიგნებაა. ასევე  კუბრიკის მიგნებაა კადრი, რომელშიც გველი კედელზე დახატული პუტკუნა ქალის ფეხებს შორის დახოხავს, როგორც ერთგვარი ბიბლიური მინიშნება. უცებ კამერა ჩადის ქვემოთ და ვხედავთ იესო ქრისტეს ქანდაკებებს… იმ სცენას კი, როდესაც ალექსს ვამპირის კბილები ამოსდის და შემდეგ ბეთჰოვენის თანხლებით ძალადობის სცენებს წარმოიდგენს და მასტურბირებს, უბრალოდ გამოვტოვებ – თავადაც კარგად გეხსომებათ…

მუსიკა 

ვიზუალის გარდა მუსიკაზეც უნდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ბეთჰოვენის მეცხრეს, კიდევ რამდენიმე კომპოზიტორის ნაწარმოები ემატება, მათ შორის ჰენრი პერსელისა და ჯოაკინო როსინის. დედოფალ მერის დამკრძალავი მარში ფილმის მთავარი საუნდტრეკია და ფაქტობრივად, ალექსის თემას წარმოადგენს.

წიგნში ალექსი ორ გოგოსთან სექსით ბეთჰოვენის თანხლებით კავდება, კუბრიკთან კი მას როსინის ნაწარმოები ახლავს თან.  ამ კომპოზიტორის ”ქურდბაცაცა კაჭკაჭი” (რომელსაც იმედია, ამ წამს უსმენთ) ფილმის დასაწყისში, “ულტრა-ძალადობის” სხვადასხვა გამოვლინებებს ფონად მიჰყვება.  ჰო, კინაღამ დამავიწყდა. ტერმინი “ულტრა-ძალადობაც” კუბრიკის მოფიქრებულია. მარტივი სიტყვაა, მაგრამ ჩემთვის პირადად, ძალიან მრავლისმეტყველი.

სცენა “იმ ჩემის მწერლის” სახლში, თითქმის წიგნის მიხედვითაა გადაღებული და მხოლოდ განსხვავება მხოლოდ ერთ “პატარა” დეტალშია – სიმღერა “singing in the rain”, რომელსაც ალექსი მწერლის ცოლის გაუპატიურების წინ ასრულებს. ეს სიმღერა ამერიკელების ერთ-ერთი უსაყვარლეს საოჯახო მიუზიკლში ჟღერს, სადაც მას შეყვარებული კაცი მღერის. ჩემი აზრით, კუბრიკი აქ კონტრასტების საოცარ თამაშს იყენებს. წარმოიდგინეთ ვინმე ქართველი მანიაკი, რომელიც ვიღაცას ოჯახში უვარდება, ცოლს უუპატიურებს და თან “ჭრიჭინას სიმღერას” ან “ქუთაისი ქალაქიას” ღიღინებს…

 

სიუჟეტის დეტალებს არ ჩავუღრმავდები, უჩემოდაც გეცოდინებათ და  ყურადღებას ფინალურ სცენაზე გავამახვილებ. მას შემდეგ, რაც ტანჯვაგამოვლილი ალექსი, რომელსაც ხელისუფლებაცა და ოპოზიციაც საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს, საავადმყოფოში ხვდება, „იკურნება“ და ნების თავისუფლება უბრუნდება. ხელისუფლება ხვდება, რომ იგი ახლა მსხვერპლის როლშია  და შესაბამისად მასთან მეგობრობა და მისით თავის გაპიარება ძალზედ სასარგებლო იქნება (ნაცნობი სურათია, არა?).

ალექსს ურთავენ მის საყვარელ ბეთჰოვენს, და იგი გრძნობს, რომ კვლავ საკუთარ ამპლუაშია: “უკვე თითქოს მივქროდი სადღაც სივრცეში, და მთელ აკივლებულ სამყაროს სახეს ვუსერავდი ჩემი ბრიტვით…”

წიგნში ეს სცენა ძალიან ძლიერია, თუმცა კუბრიკი რის კუბრიკი იქნებოდა, რაღაც რომ არ ჩაემატებინა. ბოლო კადრებში პალატაში უზარმაზარ დინამიკებს აგორებენ, რომელთაც უკან რეპორტიორების ჯარი მოჰყვება. მინისტრი და ალექსი ერთად პოზირებენ რეპორტიორებისთის, ამ დროს ალექსის ცნობიერებას მუსიკა შთანთქავს და ფილმის ბოლო კადრი – ალექსი თოვლში სექსითაა დაკავებული, მის გარშემო კი ვიქტორიანული ეპოქის ტანსაცმელში გამოწყობილი მაღალი საზოგადოება დგას და ტაშს უკრავს.

ღმეთმანი, უკვე ძაან ჯანმრთელი იყო, ნამდვილად…

Leave a Reply