როდესაც შეხება გაქვს სიგიჟესთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სუბიექტურ აღქმას. ჩვეულებრივი მოკვდავისთვის (და მგონი ხანდახან სპეციალისტებისთვისაც კი) რთულია იმ ზღვარის გარჩევა, სადაც ნორმალურობა მთავრდება და იწყება სიგიჟე. ან არსებობს კი ეს ზღვარი?

ეს პატარა აბზაცი თავს იმიტომ მოგახვიეთ, რომ გინდა კენ კიზის ”გუგულის ბუდე”, გინდ მილოშ ფორმანისეული ინტერპრეტაცია, ჩემთვის წმინდა წყლის სიგიჟეა. ოღონდ არა ამ სიტყვის დაგმობილი და საზოგადოების მიერ შერისხული ფორმით. ამ შემთხვევაში სიტყვა ”სიგიჟე” სწორედ იმდენ პოზიტივს ატარებს, რამდენიც შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანს ჩადოს რამეში. საკმარისი იქნება თუ ვიტყვი, რომ მაკმერფი ბავშვობიდანვე ჩემთვის (დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის) ეტალონი და საოცნებო ობიექტიც კი იყო. აქედანვე თავს ვდებ ჰეტეროსექსუალობაზე. უბრალოდ სიტყვათა შეთანხმება “მისაბაძი მაგალითი” არასაკმარისად ჩავთვალე. მხოლოდ იმას ავღნიშნავ, რომ წვერის ამოსვლა თავის დროზე პირველ რიგში იმიტომ გამიხარდა, რომ აწი შემეძლო მაკმერფისნაირი ბაკენბარდები მეტარებინა.

წიგნსა და ფილმს შორის ძირითადი განასხვავება, ჩემი აზრით, იმაში მდგომარეობს რომ ფილმი ერთგვარი სოციალური სატირის ხასიათს ატარებს, წიგნში კი,  თუ შეიძლება ასე ითქვას, ბიბლიურობა იგრძნობა. მესმის, რომ მთავარი პერსონაჟის გაიესოება მრავალგზის ნაცადი და შეიძლება, ბანალური ხერხია, მაგრამ მაკმერფის შემთხვევაში,  ჩემზე ძალიან ძლიერად იმოქმედა. მისი ფრაზა შოკური თერაპიის წინ, – „ეკლოვან გვირგვინსაც ხომ არ დამაფარებთ?“ –  ვგონებ, ამომწურავ ინფორმაციას იძლევა.

jack nicholson one flew over the cuckoo's nest 1

 

ძალიან მიჭირს სათითაოდ ყველა პაციენტის (ჰარდი, სიფელტი, ბილი ბიბიტი)  განხილვა,  ამიტომ მათ საერთო ჭრილში განვიხილავ. ბუნებრივია, ბელადი ბრომდენი, მის რეჩედი, და რაღა თქმა უნდა, მაკმერფი საკუთარ პირად აბზაცებს (თუ არა გვერდებს) იმსახურებენ. რაც შეეხება ზანგ, მომიტევეთ, აფროამერიკელ პერსონალს, მათ არსებობაზე, თქვენის ნებართვით თვალებს დავხუჭავ.

წიგნში გაკეთებულია აქცენტი კაცური და ქალური საწყისების დაპირისპირებაზე.  ამაზე მიუთითებს მთხრობელის, ბელადი ბრომდენის ხედვა: მის რეჩედს უზარმაზარი მკერდი აქვს, თავადაც უზარმაზარია. მაკმერფი კი მამაკაცური საწყისის მატარებელია. პაციენტები დროდადრო აკეთებენ მინიშნებებს  მედდაზე, რომელიც მაკმერფიმ უნდა გაჟიმოს  (შესაძლოა ეს  ილუსტრაციადაც მივიღოთ, როგორ ელანდებათ სექსს მოწყურებულ ადამიანებს სექსუალური ქვეტექსტები და როგორ ოცნებობენ მათ რეალობაში ახდენაზე. გამარჯობა, ზიგმუნდ ბაბუა!). კიზი  ხშირად ახსენებს ე.წ. კომბინატს, რომელიც სისტემის, ტოტალური კონტროლის სიმბოლოა,  რომელიც ფორმანთან  მხოლოდ მაკმერფის და ბრომდენის მოკლე დიალოგამდეა დაყვანილი. 

ასე მაგალითად, წიგნში მაკმერფი სისტემას მისივე იარაღით ამარცხებს (მხედველობაში მაქვს სათევზაოდ წასვლა, რომლის ნებართვაც მან ფაქტობრივად კომბინატს გამოსძალა),  წიგნში კი  ეს სპონტანური ამბოხია.მილოშ ფორმანის გენიალურ მიგნებას წარმოადგენს სცენა ნავის გატაცების წინ.  სწორედ აქაა  სიგიჟისა და ნორმალურობას შორის მყიფე ზღვარის თემა წამოწეული. მაკმერფი პროფესორებად წარუდგენს მენავეებს იმ პაციენტებს, რომლებიც საგიჟეთის პირობებში მართლაც ფსიქიკურად აშლილ ადამიანებად გვესახებოდნენ. საინტერესო და ერთ-ერთი ფუნდამენტური გარემოება იმაში მდგომარეობს, რომ პაციენტების უმეტესობა საგიჟეთში საკუთარი ნებით იმყოფება.  რომანში ამის მიზეზები ვრცლად არის განვრცობილი. კომბინატის მიერ ჩაგრული ადამიანები  კლინიკას აფარებენ თავს, ტრაგედია კი მაშინ იწყება, როცა  კომბინატი აქაც აღწევს.

მილოშ ფორმანი, კომბინატის ცნების გვერდის ავლით ამ ტრაგედიას დიალოგების სახით გადმოგვცემს. ფილმში განვითარებული ქმედებები უფრო დიქტატორული საზოგადოების გროტესკულ ასახვას წარმოადგენს, მაშინ როდესაც წიგნში თხრობას ბელადი აწარმოებს. მის მეტაფორულ აღქმაში გროტესკის ნატამალიც კი არ ურევია. ბრომდენი დაჩაგრული, არჩევანწართმეული ადამიანია (კედლებში დამონტაჟებული მოსასმენი მოწყობილობები),  რომელიც თავს  ძალიან პატარად გრძნობს, მაშინ როდესაც მის რეჩედი უზარმაზარია და ოთახს მთლიანად იკავებს. დროთა განმავლობაში მაკმერფი იზრდება, მის რეჩედი კი პატარავდება.  იგი ხსნის, თავისუფლების მომტანია პაციენტებისთვის. ლობოტომიის ჩატარების შემდეგაც კი, მაკმერფის შესახებ კლინიკაში ლეგენდები დადის: – ყვებიან როგორ დაუსხლტდა იგი გუშაგებს. პაციენტებს არ სწამთ, რომ ის უგონო სხეული, რომელიც მათ დაუბრუნეს,  მათ მეამბოხე გმირს ეკუთვნის.  სწორედ მაკმერფი აძლევს ბიძგს ჰარდის, სიფელტსა და სხვებს რომ დაძლიონ საკუთარი სიმხდალე და დატოვონ კლინიკა. ისინი კვლავ მზად არიან კომბინატთან საბრძოლველად.

ფორმანთან კი აქცენტი უფრო პიროვნებებზეა გაკეთებული. მაკმერფის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ორი მოსწავლე ყავს – ბელადი და ბილი ბიბიტი.  ბილი ბიბიტს, გადამწყვეტ მომენტში სითამამე არ ჰყოფნის,  იგი თავს იღუპავს და ფაქტობრივად, საკუთარი სიმხდალის გამო მაკმერფის დაღუპვის მიზეზიც ხდება, მაშინ როცა ბელადი  პირიქით, პოულობს საკუთარ თავში იმის ძალას და გამბედაობას, რომ მასწავლებელი მონური ცხოვრებისგან იხსნას.

[ ბავშვობაში, ყოველთვის ვოცნებობდი მაკმერფი გავმხდარიყავი და კომბინატს დავპირისპირებოდი. ახლა კი მივხვდი, რომ ბელად ბრომდენის მსგავსად ჯერ საკუთარი რენდალ მაკმერფი უნდა ვიპოვო. ხშირად ვგრძნობ, რომ იგი ძალიან მაკლია. მომიტივეთ სენტიმენტალურობა :]

Leave a Reply