ბუკერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, უილიამ გოლდინგის ცნობილი ალეგორიული რომანი „ბუზთა ბატონი“ გასული საუკუნის 60-იან წლებში მსოფლიო ბესტელერად იქცა, თავად ავტორს კი 2008 წელს ჟურნალმა “ტაიმსმა”  50 საუკეთესო თანამედროვე ბრიტანელ ავტორთა სიაში მესამე ადგილი მიაკუთვნა. მას შემდეგ, რაც უილიამ გოლდინგს ოცდაერთმა საგამომცემლო სახლმა უარი უთხრა რომანის დაბეჭდვაზე, ავტორი იძულებული გახდა ამოეღო ნაწარმოებიდან ის ეპიზოდები, სადაც ატომური ომის საშინელებებია აღწერილი. ამის გამო “ბუზთა ბატონში” არ ჩანს, თუ რომელი ომის დროს ხდება მოქმედება და რა არის ავიაკატასროფის მიზეზი.

სწორედ ამიტომ იწყება წიგნის სიუჟეტი მშვიდად, იმის მოლოდინით, რომ წინ რობინზონ კრუზოსეული თავგადასავლები გველოდება იმ ბავშვებისგან, რომლებიც უფროსების და მოკარნახეების გარეშე დარჩნენ უკაცრიელ კუნძულზე. იმის ნაცვლად, რომ ბევრი ეთამაშათ, დაეძინათ მაშინ, როცა მოესურვებოდათ და თავისუფლებით დამტკბარიყვნენ, ეს ბავშვები უცებ უფროსები გახდნენ, საქმიანად შეუდგნენ „ბელადის“ არჩევას და მოვალეობების განაწილებას. არჩეული ბელადის,  რალფის წესები მალევე დაივიწყეს და დაპირისპირებამაც იჩინა თავი. ეს დაპირისპირება კი სრულიად არ გავდა ბავშვურ თამაშს. ასთმიანი თანატოლისთვის, რომელსაც მხედველობის პრობლემები აქვს  და მათ შორის ყველაზე ადეკვატურად აზროვნებს, განზრახ სათვალის გატეხვა სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების წყურვილი. ადვილად ივიწყებენ ყველაზე მთავარსაც,  დანთებულ კოცონს, რომელიც ერთადერთი საშუალებაა მათ გადასარჩენად.

img_book_full_0-1354538532.php

მალევე აღმოაჩენენ იმასაც, რომ კუნძულზე  მარტო არ არიან. ის ყველგან არის – კარვებთან, წყალთან, ტყეში, კოცონთან, მათ სიზმრებში… მკითხველმა კი იცის, რომ ის მათშია, ყველა მათგანში. შიშს ვერაფერს უხერხებენ, ეს შიში კი ძალაუფლების სურვილს ზრდის. ბანაკი ორად იყოფა. მკითხველს ავიწყდება ვისთან აქვს საქმე, ბავშვებთან თუ ზრდასრულ ადამიანებთან. სწორედ აქ იმალება უილიამ გოლდინგის მთავარი გზავნილი  – ბავშვები  უცოდველი არსებები არ არიან, მათ ქვეცნობიერსაც აქვს მუდმივი მზაობა იმ მხეცისთვის, რომელიც ნებისმიერ არსებაში იღვიძებს, როცა საქმე გადარჩენას ეხება. ველურ გარემოსთან და ცხოველურ ინსტიქტებთან სრული ადაპტაციისთვის ისინი  სახეს ველურებივით იხატავენ და სანადიროდ ირაზმებიან, ჯერ მხოლოდ ცხოველებზე. უჩინარი მხეცი კვლავ მათთანაა, ხან ცეცხლის ალის ფორმას ღებულობს, ხან დაღუპული პარაშუტისტის. გარდაუვალი ხდება – მხეცს მსხვერპლი უნდა შესწირონ, რომელიც ღორის თავი იქნება, თავისი ბუზთა არმიით.

 

ის თავის პირველ საკბილოს, საიმონს ასე ხვდება :

“- გაფრთხილებ, ცოტაც და გავცოფდები – ეუბნება მთიდან ქვემოთ ბავშვებისკენ მიმავალ საიმონს ღორის სარზე ჩამოცმული კბილებდაკრეჭილი თავი – მშვენივრად იცი, რომ ქვემოთ ჩახვალ თუ არა, იქ დაგხვდები…”

ცეცხლის ალთან ველურებივით მოცეკვავე ბავშვების პირველი მსხვერპლი საიმონი ხდება, შემდეგ – ასთმიანი, ნაადრევად დაბრძენებული, უკვე უსათვალო ღუტა. მკითხველს ჰგონია, რომ ამ ყველაფერს ბოლო აღარ უჩანს,  შემდეგი მსხვერპლი ყოველთვის არსებობს, მაგრამ რალფს ფლოტის ოფიცერი იპოვის.

“რალფი – ჭუჭყიანი, გაბურძგნული, ცხვირმოუხოცავი რალფი შუაში იდგა და გულამოსკვნილი დასტიროდა უმანკოების დასასრულს, ადამიანის გულში ჩაბუდებულ სიბნელეს, ჰაერში გადატრიალებულ ერთგულ, ბრძენ მეგობარს, ღუტას რომ ეძახდნენ…”

1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს. პიტერ ბრუკს ხშირად ეკითხებოდნენ, აღიქვეს თუ არა მსახიობმა ბავშვებმა ფილმი, ის პასუხობდა:

„მეტსაც გეტყვით, ერთ დღესაც ჭკვიანი და მშვიდი პიგი (ღუტა) მოვიდა ჩემთან, ლამის ტიროდა.  “მათ უნდათ დიდი ლოდის ქვეშ მოგაყოლონ”, სხვა ბიჭებს უთქვამთ მისთვის. “ის დაგეგმილი სცენა,  სიკვდილის,  მათ მართლა უნდათ ამის გათამაშება. და თქვენც აღარ სჭირდებით.”

დგას ისევ ბუზთა ბატონი, სარზე წამოცმული და ელოდება ახალ მსხვერპლს.

One Response

  1. თავის' უფალი

    ერთი კვირის წინ წავიკითხე მე. ძალიან, ძალიან მომეწონა. ნამდვილად მაგარი წიგნია. მართლაც, რომ ჩვენში, ყველას ქვეცნობიერში მხეცია, ველურია ჩამალული და ერთ დღესაც ძალაუფლების წყურვილით ამოხეთქავს

    Reply

Leave a Reply