თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი რამდენიმე წუთში  ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონში გაიხსნება და  1 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. წლევანდელი ფესტივალი უცხოელი სტუმრების სიმრავლით გამოირჩევა. ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით თბილისს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევა. მისი წიგნებიც მსოფლიოს 20-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი, მათ შორის: გერმანულ, რუსულ, იტალიურ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე, ქართველი მკითხველი კი მას 2008 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოცემული წიგნით „ნაივური სუპერი“ იცნობს. ერლენდ ლუ, ფესტივალზე ვიზიტის ფარგლებში, გამართავს შეხვედრებს მწერლებთან და მკითხველებთან.  ერლენდ ლუ დაესწრება წიგნის ფესტივალის ოფიციალურ გახსნას, 29 მაისს 13:30 საათზე, ხოლო 30 მაისს 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის N32) მკითხველებს შეხვდება. გარდა სპეციალური სტუმრისა, წიგნის ფესტივალს გამომცემლობა ”ინტელექტის“ ორგანიზებით და გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით გერმანიაში მცხოვრები ქართველი  მწერალი ნინო ხარატიშვილი ეწვევა, რომლის რომანიც ”ჟუჟა“ პირველად გამოიცემა საქართველოში და  მისი პრეზენტაცია ჯერ  ფესტივალის პავილიონის ცენტრალურ სცენაზე, 29 მაისს  14:30 საათზე, შემდეგ კი ”მწერალთა სახლში“ 30 მაისს 20:00 საათზე გაიმართება. ასვე შედგება ნინო ხარატიშვილის კითხვა გოეთეს ინსტიტუში 3 ივნისს,  18:30 საათზე მწერალი ახალი რომანიდან ”მერვე სიცოცხლე (ბილკასთვის)“  პირველად წაიკითხავს ნაწყვეტს. რომანი გერმანულ ენაზე დაიწერა და   გაყიდვაში 1-ლი სექტემბრიდან გამოვა.

„ქარჩხაძის გამომცემლობის“ ორგანიზებით თბილისის ეწვევა ნორვეგიელი მწერალი სტიან ჰულე, რომლის ორი წიგნის ” ანას ზეცა“და”გარმანის ზაფხული “ ფესტივალის პავილიონის ცენტრალურ სცენაზე, 31 მაისს 16:00 საათზე გაიმართება.

ფესტივალს დახურავს კიდევ ერთი სტუმრის, კანადელი პოეტის პატრიკ ვუდქოქის პოეზიის საღამო ”მწერალთა სახლში“, რომლის ლექსებიც პოეტმა შოთა იათაშვილმა თარგმნა.  საღამო 1-ლ ივნისს 21:00 საათზე გაიმართება.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან ტარდება საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფინანსური მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალს ყოველწლიურად ათეულ ათასობით მკითხველი სტუმრობს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესზე და წიგნისა და ლიტერატურის მოყვარულთათვის მის მნიშვნელობაზე.

 ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია, რომლის ფარგლებშიც 65 ბიბლიოთეკას საშუალება მიეცემა განაახლოს წიგნადი ფონდი.

გარდა ზემოაღნიშნული ღონისძიებებისა  თბილისის წიგნის  XVI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, როგორც ფესტივალის პავილიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ არაერთი პრეზენტაცია, საჯარო ლექცია და შეხვედრა გაიმართება.

Leave a Reply