თბილისში, ელიავას ბაზრობაზე უკვე მესამედ მიმდინარეობს სახელოვნებო ორგანიზაცია “გეოეარისა” და “კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ” ინიცირებული პროექტი “აღმოაჩინე ელიავა”, რომელიც ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებს და მიზნად ისახავს ხელოვანების დახმარებით საზოგადოების ყურადღების მიმართვას გარემოზე უარყოფითი გავლენის შესამცირებლად, მისი დაცვისა და რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობებისკენ, საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების პროცესის ხელშეწყობას. პროექტი გულისხმობს არსებული მდგომარეობის მიმართ ყურადღების კრეატიული და ინოვაციური მეთოდებით გამახვილებას,საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას და პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული გზების შეთავაზებას.

პროექტის ფარგლებში მომუშავე ხელოვანების პირველი ეტაპის შემაჯამებელი გამოფენა “ავტოპიის ციკლი” გაიმართება  სამშაბათს, 10 ივნისს, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე,  ელიავას ბაზრობაზე, 156 ჯიხურთან (მანქანის ნაწილები).

პროექტი 2014 წელს ჯამში 6 ხელოვანს  გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნიდან. “აღმოაჩინე ელიავას” პირველ ეტაპზე  ბაზრობაზე, ჯიხურ 156-ში საქართველოში მცხოვრები ავსტრიელი  კატარინა შტადლერი და ალბანელი დონიკა ჩინა მუშაობდნენ.  ავტოპიის ციკლი სწორედ მათი ერთობლივი მუშაობის შედეგია.avtopia

“ჩვენ, ორი კონცეპტუალისტი ხელოვანი,  დონიკა ჩინა  და კატარინა შტადლერი ვმუშაობთ  ნარჩენების გადამუშავებისა და თვით­ჩართულობის თემაზე. ჩვენი სამუშაო  ადგილია ელიავას  ბაზრობის მანქანების ნაწილების განყოფილება ­ ტერიტორია, რომელიც გარედან, თბილისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის დაბინძურებულ,  ქაოტურ და დაბალი სტანდარტის მქონე სივრცესთან ასოცირდება. ამ ადგილის შეფასებისას მასში ხშირად იმას ხედავენ, რაც ის არ არის. მას არ აღიქვამენ სივრცედ, რომელსაც სინამდვილეში წარმოადგენს.   

ადგილის რიტმს რუტინული სამუშაო საათები, არსებული სივრცე, თავად გამყიდველებს და შესაძლო  მყიდველებს შორის არსებული ურთიერთობები განსაზღვრავს. ერთი შეხედვით ეს ციკლი მხოლოდ ფულის გარშემოა კონცენტრირებული, რაც ბაზრობას როგორც ასეთს ფინანსური ურთიერთობების ადგილად აქცევს.

მაგრამ უფრო ყურადღებით დაკვირვებისას ხილული ხდება ბაზრობის ცხოვრების სხვა ასპექტიც: გასაყიდი ნივთები, ისევე როგორც ზოგადად ინფრასტრუქტურა უმეტესად მეორადი პროდუქციისგან, ნარჩენებისა და გადაყრილი ნივთებისგანაა შექმნილი.  მასალების გადამუშავება ემყარება არა მხოლოდ იმპროვიზაციის პრინციპს, არამედ ითვალისწინებს შეზღუდულ პირობებში მუშაობის შესაძლებლობების ცოდნასაც, რომელიც სავარაუდოდ საბჭოთა პერიოდში წარმოიშვა და პროდუქტების  ნაკლებობის გამო შესაძლო გამოსავალის ძიებით იყო განპირობებული. ბაზრობა, რომელიც გამყიდველებს შორის  არსებული საოცარი სოლიდარობის გრძნობითაა მოცული, სხვა ადგილას ან სხვა მიზნით სრულიად გამოუსადეგარი იქნებოდა. “

http://discovereliava.wordpress.com/

https://www.facebook.com/Discovereliava 

 

One Response

Leave a Reply