ერთ თვეში, 54 წელი წელი შეუსრულდება „ნუ მოკლავ ჯაფარას“, რომელიც ამერიკელი მწერლის – ჰარპერ ლის ერთადერთი ნაწარმოებია. რომანის სიუჟეტი  მწერლის ბავშვობის მოგონებებზეა დაფუძნებული, მის ოჯახზე, მეგობრებსა  და მშობლიურ მხარეზე. პროფესიით იურისტ ავტორზე იმდენად იმოქმედა მის მშობლიურ ქალაქ – მონროვილის მეზობლად მომხდარმა ფაქტმა, სადაც ცხრა შავკანიანი მამაკაცი ორი თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურებაში სრულიად უსამართლოდ დაადანაშაულეს, რომ სწორედ შავკანიანი ტომ რობინსონის გასამართლება ხდება ნაწარმოების ლაიტმოტივი.

aea32837e15a42ca1a43cbcd3c02718a

ქალაქ მეიკომში მომხდარ ბავშვობის მოგონებებს პატარა გოგონა, ჯინ ლუიზა ფინჩი გვიყვება, რომელსაც ჭყიტას ეძახდნენ. გოგონა  ვექილ მამასთან, უფროს ძმასთან და მოსამსახურე კელპურნიასთან ერთად ცხოვრობს. თითქოს, წიგნის მთავარი არსი სოციალურ და რასობრივ უთანასწორობაში უნდა იყოს, და-ძმას აკვირვებს ხალხის კონფორმიზმი, ჯინის და ჯემის მეგობარი დილი, გაცხარებით ამბობს:

„როცა გავიზრდები, მე მგონი, კლოუნი გამოვალ, ამ ადამიანებთან არაფერი სხვა არ გამომდის! – მარტო სიცილი შემიძლია, ასე რომ, წავალ ცირკში და ვიცინებ და ვიცინებ…“

ტომ რობინსონის შემთხვევამდე, ბავშვებს ერთგვარ გასართობად რედლების იდუმალებით მოცული სახლი ჰქონდათ, სადაც წლობით იყო გამოკეტილი რედლი ბუა. ისინი მთელი ზაფხულის განმავლობაში, სახლის უკან თავს ირთობდნენ და დგამდნენ ცნობილ წარმოდგენებს, ირგებდნენ სახასიათო როლებს – მაიმუნს „ტარზანში“, მისტერ დეიმონს „ ტომ სვიფტში“.  ერთხელაც თამაშები მობეზრდათ და მიზნად  რედლი ბუას სახლიდან გამოტყუება დაისახეს. მათზე ეს სახლი ჯადოსავით მოქმედებდა, მუდმივად ირგვლივ უტრიალებდნენ, ყოველ დღე ახალ გეგმას აწყობდნენ,  მაგრამ ახლოს მისვლას მაინც ბედავდნენ. ერთხელაც, გარისკეს, მაგრამ მათკენ წამოსულმა ჩრდილმა დააფრთხო და გააქცია ბავშვები. ღობეზე გადაძრომის დროს, ჯემს შარვალი ეზოში დარჩა, როცა ღამით მის წამოსაღებად მიბრუნდა, შარვალი დაკემსილი დაუხვდა. სწორედ ამ დღის შემდეგ, ბავშვებს რედლების სახლთან მდგარ ხის ფუღუროში ხან საპნის ქანდაკებები ხვდებოდათ, ხან სამკერდე ნიშნები, ხანაც – კევი.  ერთ დღესაც ფუღურო ოჯახის უფროსმა ამოქოლა.

ტომ რობინსონის საქმე მთელ მეიკომში სალაპარაკო და საქილიკო გახდა. მას ბრალად  თეთრკანიანი თანასოფლელის გაუპატიურება ედებოდა, თუმცა  ბრალდების არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ყველა ერთთავად თითს იშვერდა ატიკუს ფინჩისკენ, რომელმაც მისი დაცვა თავის თავზე აიღო. ჭყიტას გული სწყდებოდა, როცა სკოლაში მამას ულანძღავდნენ. ატიკუსი ჯინს ამშვიდებს:

„ჩვენი პროფესია ასეთია, ჭყიტა: ყოველ ვექილს ცხოვრებაში ერთხელ მაინც უწევს იმ საქმის წარმოება, რომელიც უშუალოდ მას პიროვნულად ეხება. სწორედ ტომ რობინსონის საქმე იყოს ჩემთვის ასეთი. სკოლაში ალბათ ბევრ საძაგლობას გაიგონებ, მაგრამ თუ ჩემი ხათრი გაქვს, თავი მაღლა გეჭიროს, მუშტები კი ძირს დაუშვი, რაც არ უნდა გაიგონო, მოთმინებას ნუ დაკარგავ.“

ატიკუსი შვილებისთვის მამაც არის და ცხოვრების მასწავლებელიც, ის ცდილობს ბავშვები პატარა ასაკიდანვე მიაჩვიოს სამართლიანობას, მუდმივად მზადაა ყველა კითხვის ნიშანს მათთვის გასაგები პასუხი მოარგოს და უმეორებს ერთ, მარტივ და ყველაზე მნიშვნელოვან წესს:

„კაცს ვერასდროს ბოლომდე ვერ გაიცნობ, თუ დროებით მის ტყავში არ ჩაძვერი და ისე არ გაიარ-გამოიარე!”

ჯემ ფინჩი წყობიდან გამოდის ხალხის უმოქმედობით, უმცროსი დისგან განსხვავებით ის წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს:

„როცა შენხელა ვიყავი, მეც ზუსტად შენსავით ვფიქრობდი, მაგრამ თუ ყველა ერთნაირია, მაშინ რატომღა ვერ ეგუებიან ერთმანეთს? თუ ერთმანეთს ჰგვანან ყველანი, მაშინ რა ემართებათ, რატომ გადაეკიდებიან ხოლმე სამკვდრო-სასიცოცხლოდ ერთიმეორეს? ჭყიტა, მე მგონი, რაღაცების მიხვედრას ვიწყებ. მე მგონი, მალე იმასაც გამოვიცნობ, თუ რატომაა ბუა რედლი წლობით სახლში გამოკეტილი. ეგ იმიტომ, რომ შინ ყოფნა ურჩევნია.“

ბუა რედლი სახლიდან ჯემ და ჯინ ფინჩების გადარჩენის სურვილმა გამოიყვანა. სწორედ მაშინ, როცა მაღლა, ხეებში ეულად გალობდა ჯაფარა.

გამორიცხულია, სხვა ადამიანად არ იგრძნო თავი, როდესაც წიგნის ბოლოს ხელჩაკიდებულ რედლი ბუას და ჭყიტას წარმოიდგენ, ან არ აგეტიროს ატიკუს ფინჩის სიტყვებზე: „მადლობას გიხდით ჩემი შვილებისთვის, არტურ…“

„ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს… ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს. აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა.“

რომანის ავტორისთვის, რომელსაც წიგნმა მსოფლიო აღიარებება, პულიცერის პრემია, მედალი მშვიდობისთვის და ათასობით გულანთებული მკითხველი მოუტანა, ყველაზე მნიშვნელოვანი  ერთი აფრო-ამერიკელი ქალის გამოხმაურება აღმოჩნდა, რომელიც ასე ჟღერდა:

„როცა თქვენი წიგნი წავიკითხე, 14 წლის ვიყავი. მან შეცვალა ჩემი ცხოვრება!“

2d0dpft

Leave a Reply