“თანამდევი  მოვლენები”  ცნობილი  ამერიკელი  რეჟისორის, სცენარისტისა  და   მწერლის  ვუდი  ალენის   იუმორისტული  კრებულია,  რომელიც  განსხვავებული  ფორმისა  და  თემატიკის  ჩვიდმეტი  ტექსტისაგან  შედგება.  პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების  სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა. book_5362459927482

მწერლის  წარმოსახვის  უნარი ხშირად  სცდება  რეალობას,  მაგრამ   ყოველთვის  რეალურ  ფაქტებს  ემყარება.  სანამ  კითხვას  დაიწყებთ  რამდენიმე  მოთხრობის  ყველაზე  მხიარულ   ეპიზოდებს  გაგაცნობთ.

 ნიდელმანის მოსაგონარი :

მის კრემაციას დავესწარი და მისივე შვილის თხოვნით, ჭირისუფლებს მამალოებიც ბლომად მივუტანე საწუწნად, ოღონდ დანაკარგისაგან მოწევნილი ტკივილი იმდენად დიდი იყო, არც ეს შველოდა.

ერთხელაც, ნიდელმანმა აინშტაინისგან შემდეგი შინაარსის უსტარი მიიღო: “კაცმა რომ თქვას, მე და თქვენ ერთსა და იმავე საქმეს ვემსახურებით, ოღონდ ის ვერ გამირკვევია ბოლომდე, თქვენ რას საქმიანობთ….”

„რამდენჯერ მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ, რომ პოლიტიკურ ქმედებებს არანაირი მომყოლი ზნეობრივი შედეგები არ ახლავს, რაკიღა ეს ყველაფერი ჭეშმარიტი რეალობის მიღმა ხდება!“

ერთი გიჟის ამბავი

საზოგადოდ, სიგიჟე ფარდობითი ცნებაა: განა ვის შეუძლია ამტკიცოს – სავსებით ნორმაში ვარო? აი ახლაც, რაღაც ნაგლეჯებში შემოსილი და ნიღაბჩამოცმული რომ დავჯლიგინებ სენთრალ-პარკში, რევოლუციურ მოწოდებებს გავიძახი და შიგადაშიგ, მთლად ისტერიული სიცილი ამივარდება ხოლმე, მაინც არა მჯერა, ამ ჩემს თავსდატეხილ უბედურებას რაიმე მეცნიერული ახსნა არ ჰქონდეს.

ერთხელ კინაღამ მართლა წამოვეგე ანკესზე – მავანი მომსახიობო ქალი მიმტკიცებდა, ჩემი ოცნებაა უბრალოდ დიასახლისად მამყოფაო, მაგრამ ვახშამზე ზუსტად ორმოცდაორჯერ თქვა „ოღონდ მართლა!“ და მისი ტელეფონის ნომერიც წამში ამოვიგდე თავიდან.

დიეტა 

-ეს ოხერი, სკამი მინდა, ტანკი ხომ არა! – შესჩივლა მამამისს, – კუზის გაჩენის კი არ მეშინია, მაგრამ ფეხებს რომ მაგიდაზე შემოვაწყობ ხოლმე, წამსვე უკან ვვარდები…

-მადლობელი, ჰერ შნაბე, მაგრამ დიეტაზე ვზივარ. ე-ე… ასე ვთქვათ, რაკი სკამი მაინც არა მაქვს, ამაზე მაინც დავჯდები-მეთქი, ვიფიქრე

მოგონებები გარდასულ დღეებსა და ადამიანებზე 

მოემი მესამე ქოლგის საყიდლად შეჩერდა.
-მწერალი რომ გახდე, – გააგრძელა მერე, – სითამამეა საჭირო და არც სულელურ მდგომარეობაში მოხვედრას უნდა უფრთხოდე. „სამართებლის პირს“ რომ ვწერდი, თავზე ქვაბი მეხურა, ხოლო „წვიმის“ თავდაპირველ ვარიანტში მისს თომპსონი თუთიყუშად მყავდა გამოყვანილი… ხელის ცეცებიტ დავაბიჯებდით ჯერ დაუმთავრებელ, თუ სულაც, ახლადდაწყებული წიგნის ბნელეთით მოცულ სამყაროში და არასოდეს ვიცით, წინ რა დაგვხვდება. „ადამიანურ ვნებათა ბორკილებს“ რომ ჩავუჯექი, ხელში მხოლოდ „და“ კავშირი მქონდა, მაგრამ მეექვსე გრძნობით მივხვდი, თუ მოსაყოლ ამბავში „და“ კავშირს ჩავრთავდი, ეგეთი წიგნი აუცილებლად კარგი რამე გამოვიდოდა! დანარჩენი უკვე, როგორც იტყვიან ხოლმე, ტექნიკის საქმე იყო…

 

Leave a Reply