რამდენიმე დღის წინაც, იმაზე ვკამათობდი, რომ ქალების ასეთ გახშირებულ მკვლელობაზე საზოგადოებას თავისი რეაქცია უნდა ჰქონდეს და სახელმწიფოსაც ქმედითი პოლიტიკა ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად. არ ვიცი, ვინ როგორი ფორმით უნდა მოუწოდოს ადამიანებს, არ მოკლან თავიანთი ცოლები, რომლებზეც ერთ დროს სიყვარულით დაქორწინდნენ, შემდეგ კი ხალხმრავალ სკვერში ტაბელური იარაღით მოკლეს, ზოგიც სახლში ყველასგან მალულად, მაგრამ ასე ურეაქციოდ ეს საშიში ტენდენცია არ უნდა დავტოვოთ. როცა, ამაზე ვსაუბრობთ, მინდა ყველა შეთანხმებული ვიყოთ ერთ მთავარ რამეზე, რომ ძალადობა არავის ამართლებს და იმის მაგივრად, რომ ვიფიქროთ იმ ქალებზე რომელთაც სიცოცხლის უფლება წაართვეს, მსხვერპლს განვსჯით და მკვლელობის გამამართლებელ მოტივებს ვეძებთ.

“აბა, რა გინდა, კაცი იყოს დაჩაგრული და ქალი გაბატონდეს მასზე?” – არის, ასეთი შემოტევებიც. ასეთ, დროს რთულია აუხსნა ადამიანს, რომ ნორმალური ურთიერთობები არავის დაჩაგვრაზე და გაბატონებაზე არ არის დამყარებული, არც ქალის და არ კაცის მხრიდან.

რამდენიმე დღეა, სილვია პლათის “ზარხუფს” ვკითხულობ, ეს ის წიგნია, რომელიც მინდა ნელ-ნელა გამოვიზოგო. ზოგი ამბობს, რომ ეს მკვეთრად ფემინისტური წიგნია. მე კი მგონია, რომ არანაირი მგზნებარე ფემინიზმი არ არის საჭირო, იმისთვის რომ ქალების პრობლემებზე ვიფიქროთ. სილვია წერს:  “კაცს თანამგზავრი ჭირდება და ქალს კი მუდმივი უსაფრთხოების გარანტია”, “კაცი ისარია – მომავლისკენ გატყორცნილი, ხოლო ქალი კი ის ადგილი, საიდანაც ისარი იტყორცნება. სულ არაფრად მეპიტნავებოდა,  ვყოფილიყავი მშვილდი, რომელიც ისარს გასტყორცნის, თავად კი ადგილზე რჩება.”

“- შვილები, რომ გეყოლება, თავს სულ სხვანაირად იგრძნობ – ლექსების წერა აღარ გენდომებაო და მე დავიწყე ფიქრი: იქნებ მართლა ასეა და როცა გავთხოვდები და შვილები გვეყოლება, თითქოს ტვინი გადაგირეცხეს, მონასავით თვინიერი გავხდები მეთქი.”

“დედამ თვითონ მიამბო, როგორც კი დედამ და მამამ, თაფლობის თვის შემდეგ რენო დატოვეს , მამამ ასე უთხრა : მაშ, ასე, ახლა შეგვიძლია, საკუთარ თავებს დავუბრუნდეთ!“-  და იმ დღიდან დედაჩემს წუთით მოსვენება არ ჰქონია.

“და მე ვიცოდი, რომ იმ ვარდების, კოცნებისა და რესტორნის ვახშმობის მიუხედავად, რითაც მამაკაცი ქალს, ცოლად შერთვამდე ანებივრებს, ერთადერთი რაც ამ მამაკაცს ფარულად სურს, ის არის, რომ საქორწინო ცერემონიალის ჩათავებისთანავე ეს ქალი მისის უილიარდის სამზარეულოს ჭილოფივით გაბრტყელდეს მის ფეხქვეშ.”

“ზარხუფის” გმირი, სილვია პლათის პროტოტიპი ესთერ გრინვუდი მხოლოდ გამონაკლისი არ არის, ვისაც ასეთი ფიქრები უტრიალებს თავში, რომელიც ცდილობს არ ერგოს წილად არავის – ბანქოს ქაღალდივით, იღბლიანი ლატარიის ბილეთივით, რომელიც, სხვისი ცხოვრების ყალიბს მოერგება, სხვა აიღებს მის ცხოვრებაზე მეურვეობას, სხვა განსაზღვრავს მის ცხოვრების წესსა და სამომავლო გეგმებს. ესთერ გრინვუდის დაპირისპირება შერჩევით მორალურ კატეგორიებთან და მისი მცდელობა თავისუფლების ძიებისა, სწორედ ზარხუფიდან ამოძრომას გავს, დახურული სივრციდან ამოსვლას, იმ სარქველების გადაწევას და გადაყირავებას, რომელშიც ან ჩაგვკეტეს ან თავად ჩამოვიცვით თავზე. მრავალი სირთულის მიუხედავად, ესთერი ახერხებს ამ დახურული სივრცის გარღვევას, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის და მეურვეობის აღებას.

პ.ს.

რადგან, წიგნის მხოლოდ ფემინისტური ნარატივი ამოვკენკე, იმასაც დავამატებ, რომ ეს შესანიშნავი წიგნია, თავისი დრამატული და ნევროტიკული გულახდილობით, რომელიც ძალიან ღრმად გვაბრუნებს საკუთარ თავებში და სადღაც, ძალიან მწარედ გვტკენს.

Leave a Reply