ზაფხული დასვენებებისა და მოგზაურობის დროა. არდადეგებისა და შვებულებებისას თავისუფალი დროის ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ათვისების ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნების კითხვაა. გთავაზობთ ზაფხულის განწყობის შესაფერისი ლიტერატურის სიას.

  1. სტანისლავ ლემი –  „სოლარისი“

სტანისლავ ლემი წარმოგვიდგენს პესიმისტურ ხედვას ადამიანისა, რომელიც დაკარგულია მისთვის სრულიად გაუგებარ სამყაროში და ეშინია თავისვე გამოგონილი ტექნიკისა. მეცნიერები უშედეგოდ ცდილობენ, კონტაქტი დაამყარონ უცხოპლანეტელთან, რომელიც პლანეტა სოლარისიდან არის. მათი ექსპერიმენტები ამაოა.

მთავარ გმირს – კრის კელვინს არ ასვენებს მოგონებები გარდაცვლილ შეყვარებულზე, რომლის გამოსახულება ხორცს ისხამს სოლარისზე.  შოტლანდიელი ლიტერატორის, დევიდ ფრინგლის მიერ შედგენილ ფანტასტიკური ჟანრის საუკეთესო ნაწარმოებთა ასეულში სტანისლავ ლემის „სოლარისი“ მეხუთე ადგილზეა.

წიგნი ცოტა ხნის წინ თარგმნა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ.

„სოლარისის“ ორი ეკრანიზირებული ვერსია არსებობს – ანდრეი ტარკოვსკის (1972 წ.) და სტივენ სოდერბერგის (2002 წ.).

სოლარისი_(ქართული_გამოცემა_2014)

2. ჯონ ბენვილი –  „ზღვა“

ირლანდიელ მწერალს ამ რომანისთვის 2005 წელს ბუკერის პრემია მიენიჭა. ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც ზღვა უყვარს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოგონებების თავშეყრა გინდება და საათობით შეგიძლია ჰორიზონტს უყურო, უსმინო ტალღების ხმას და ცხადად ხედავდე ყველაფერს, რაც ერთ დროს გაბედნიერებდა, ან ცხარედ გატირებდა. ან სულაც უყურო ზღვის მოქცევას და ფეხაკრეფით წასულ ღმერთებს.

მოხუცი მაქს მორდენი იხსენებს გარდაცვლილ ცოლს, ზღვისპირას გატარებულ ბავშვობას, გრეისებს, პირველ სიყვარულს, ქლოის. ეს წიგნი მათვისაცაა, ვისაც წარსული მეორე გულივით უცემს მკერდში.

book_52396eeb9c8c8

 

3. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – “ნაზია ღამე”

ცნობილი ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის (1896-1940) რომანი „ნაზია ღამე“ მოიცავს ხუთწლიან პერიოდს და მოგვითხრობს ამერიკელთა ერთ ჯგუფზე, იმხანად ევროპაში რომ ცხოვრობდნენ. ახალგაზრდა ამერიკელი ექიმი, დიკ დაივერი ოცნებობს მეცნიერებებში წარმატებაზე. ჩიკაგოელი მილიონერის ქალიშვილზე, ნიკოლზე ქორწინება მის სამეცნიერო კარიერას წერტილს დაუსვამს. დიკის გვერდით ათ წელიწადს ყოფნით ნიკოლი (ფსიქიური პრობლემების მქონე და ქორწინებამდე მისი პაციენტი) იკურნება. ეს არ არის ავტობიოგრაფიული რომანი, თუმცა ძალიან ბევრი პარალელი იკვეთება მწერლისა და მისი მეუღლის ზელდა ფიცჯერალდის ბიოგრაფიასა და რომანის გმირებს შორის – ფიცჯერალდების ექსტრავაგანტული, ხშირად გიჟური გამოხტომები ამერიკაში, რომელიც პურიტან ამერიკელებს შოკში აგდებდა, მათ მიერ „აღმოჩენილი“ ფრანგული რივიერა, შეჯიბრი გართობასა და დროსტარებაში, ზელდას სიგიჟე (თუმცა ცხოვრებაში პირიქით მოხდა – ზელდამ სიგიჟით კი არ დაიწყო, დაამთავრა), ეს ყველაფერი კრიტიკოსებს აფიქრებინებს, რომ ამ რომანში ყველაზე მეტად იკვეთება ავტორის პირადი გამოცდილება, პირადი ტრაგედია, რაც უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ზელდას ღალატს.

4. პ.გ. ვუდჰაუსი  – „დაიკიდე, ჯივზ“

ინგლისელი მწერალი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა სახელი გაითქვა მოთხრობების სერიით ჯივზისა და ვუსტერის შესახებ. ბერტი ვუსტერი და მისი ლაქია ჯივზი ინგლისში ისეთივე პოპულარულობით სარგებლობენ, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. მათთვის, ვისაც უყვარს არისტოკრატული ინგლისური იუმორი, ვისაც ზაფხულში ფეხი ფეხზე გადადება და განტვირთვა სჭირდება, მათთვის, ვისაც გულიანად სიცილი მოენატრა, ჯივზი არ მოგაწყენთ. თქვენ წილ პრობლემებსაც მოაგვარებს და დაიკიდებს.

daikide jivz-500x500

5.  გ. გ. მარკესი – გენერალი თავის ლაბირინთში 

„გენერალი თავის ლაბირინთში“ გაბრიელ გარსია მარკესის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც აღწერს სიმონ ბოლივარის, ესპანეთის ამერიკული კოლონიების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირის, სიცოცხლის ბოლო დღეებს.

6. მილან კუნდერა –  “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”

მოქმედება 1968 წელს, პრაღაში ვითარდება. რომანში მოთხრობილია სამი პერსონაჟის გადაკვეთილი ცხოვრების ხაზი, ურთიერთობები, რომლებიც სვამენ კითხვას – რა არის სიმსუბუქე? ადამიანს მხოლოდ ერთხელ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი, მას მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს და არ შეუძლია იცოდეს, რა მოხდებოდა, სხვაგვარად რომ მოქცეულიყო.

„მისი ტრაგედია იყო არა ცხოვრების სიმძიმე, არამედ მისი სიმსუბუქე. ხვედრი, რომელიც ბედმა არგუნა, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქეა“

index

 7. თომას მანი – სიკვდილი ვენეციაში 

თომას მანის „სიკვდილი ვენეციაში“ გამოქვეყნდა 1912 წელს. ამ დროისთვის მანს უკვე მიღწეული ჰქონდა წარმატებისთვის, რომელიც მას “ბუდენბროკების” გამოქვეყნებამ მოუტანა.

თომას მანის ნოველას “სიკვდილი ვენეციაში” მთავარი პერსონაჟი ასაკოვანი მწერალი გუსტავ ფონ აშენბახია, რომელიც, სამუშაოთი გადაღლილი, ვენეციაში მიემგზავრება. ის შეყვარებულია ვენეციის არქიტექტურასა და დახვეწილ ატმოსფეროზე. ნოველაში სილამაზის ბუნებრიობის და ამ სილამაზის უპირობო სიყვარულის საკითხია დასმული.

მოგვიანებით ლუკინო ვისკონტიმ წიგნის ეკრანიზაციაც შექმნა.

8. ჯეკ კერუაკი – “გზაზე”

არ  აქვს მნიშვნელობა უკვე  გაემგზავრეთ თუ  ჯერ ჩემოდანს ალაგებთ, თუ მოგზაურობა გიყვართ და გზა თქვენთვის უალტერნატივო თავისუფლებაა, ჩემოდანში  წიგნის ადგილი აუცილებლად შემოინახეთ. წიგნი ასევე რეკომენდირებულია ამერიკული კულტურისა და ბიტნიკთა მოძრაობის მოყვარულთათვის.

9. ასტრიდ ლინდგრენი – “ჩვენც სალტკროკელები ვართ”

მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხარ და წელიწადის რა დროა, ლინდგრენის ნებისმიერი ნაწარმოები ყოველთვის რეკომენდირებულია საკითხავად. მაგრამ ზაფხულში, როცა ბუნებრივია ასოციაციები არდადეგების სიხარულთან და ბავშვობისდროინდელ მძაფრ შეგრძნებებთან, სკოლჰოლმელი მელკერსონების საზაფხული თავგადასავლები ორმაგად სასიამოვნოდ იკითხება.

10. სტივენ კინგი

თუ ცხელი დღეების მეგობრებთან ერთად მთაში გატარებას გეგმავთ, მაშინ სტივენ კინგის რომანები აუცილებლად წაიღეთ თან. მისი ჯადოსნური ნარატივები ასეთ გარემოში ორმაგად ეფექტურად იკითხება. თუ კინგის აქტიური მკითხველი ხართ და აქამდე ქართულად გამოცემული ყველა რომანი წაკითხული გაქვთ, ქალაქიდან გასვლის წინ წიგნის მაღაზიებში მოიკითხეთ ახლადგამოცემული ,,ჯოილენდი” და  “მისტერ მერსედესი”. 

 

One Response

  1. mari

    Jon banvilis zgva ar momewona. Arada didi gulis fancqalit vedzebdi mag wigns

    Reply

Leave a Reply