ნინა სეფო ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომელიც ცოტა ხნის წინ, საკმაოდ ეფექტურად გამოჩნდა მოდის ინდუსტრიაში და ერთნაირი წარმატებით შეძლო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მოდის კრიტიკოსების მოხიბვლა.

მისი სადიპლომო ნამუშევარი „კავკასიური ჩარჩო“ იტალიური ვოგის რჩეული პროექტი გახდა. ნამუშევარი, საინტერესო ვიზუალთან ერთად სემანტიკურად დატვირთული იყო და ის კავკასიელი ქალების ჩარჩოში ჩასმული რეალობისა და ყოველდღიურობის ერთგვარ გამოხატულებას წარმოადგენდა.


2014 წლის თებერვალში სამხატვრო აკადემიის პროექტ „რეკონსტრუქციაში“ მიიღო მონაწილეობა. ეს პროექტი ლონდონის მოდის კვირეულის პარალელურად მიმდინარეობდა და British Council–ის მიერ იყო ორგანიზებული.
ამავე წლის მაისში კი ყველაზე დიდმა საერთაშორისო ახალგაზრდა დიზაინერების ორგანიზაციამ NOT  JUST  A LABLE, მსოფლიოს 15000 დიზაინერიდან შეარჩია 100 ყველაზე იმედისმომცემი დიზაინერი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ნინო აღმოჩნდა. მეტიც, კამპანიის საიმიჯო ფოტოდაც მისი ნამუშევარი გამოიყენეს.

gogoebianicharcho
„ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო ჩემი ნამუშევრის საიმიჯო ფოტოდ გამოყენება, ვინაიდან ამ დიზაინერებს შორის არაერთი უკვე საკმაოდ ცნობილი და მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვანი სახეები იყვნენ წარმოდგენილები და არ ვფიქრობდი თუ მათზე საინტერესო აღმოჩნდებოდა ჩემი ნამუშევარი. თავად პროექტიც ძალიან საინტერესო იყო. 100 დიზაინერი მთელი მსოფლიოდან ჩვენი ინსტალაციებით საოცარი გამოცდილება აღმოჩნდა. ამდენი კრეატიული ადამიანი, ამდენი პროფესიონალი ერთად, რომლებიც ერთ საერთო ენაზე, ხელოვნებისა და მოდის ენაზე ლაპარაკობს, ნამდვილად საინტერესო აღმოჩნდა.“
თვითონ ამბობს, რომ კონკურსები და კომერციული მოდა დიდად არ იზიდავს, მოკლე ხანში მიღწეული წარმატებით კმაყოფილია და თვითგანვითარებაზე მუშაობას აგრძელებს.
„ადამიანის ჩამოყალიბებაში ბავშვობა და გარემო, სადაც გაიზარდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს. მე ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ, საოცარი ბავშვობა მქონდა. გავიზარდე გარემოში, სადაც პრიორიტეტი ადამიანების სიყვარული, პატივისცემა და მზრუნველობა იყო. გარდა ამისა, მშობლები ყოველთვის პატივს ცემდნენ ჩემს აზრს, რაც ჩემი, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი ადამინის ჩამოყალიბებისთვის ძირითადი ფაქტორი აღმოჩნდა.“

nina

მამა ხელოვანია და მისი გავლენა დღესაცაა მის შემოქმედებაში, ხოლო თუმცა პირველი სიგნალები მოდის შესახებ დედისგან და ბებიისგან მიიღო. ამბობს, რომ ორივე მათგანს სტილის საოცარი შეგრძნება ქონდათ. მოგვიანებით თვითონაც ჩაერთო ამ ატმოსფეროში, თუმცა სხვა ფორმით: – მან არა სხვისი შექმნილი სამოსის მოხდენილად ტარება, არამედ საკუთარის შექმნა დაიწყო.
ნინა სეფოს სამოსი ნაკლებკომერციული, უფრო საავტორო მოდის საგანია. დიზაინერის მთავარი სურვილია, მისმა შექმნილმა კოსტიუმებმა იმოგზაურონ. მას თავისუფლება უყვარს და ფიქრობს, მის კოსტუმებსაც.
„სამუშაოს საყვარელი მომენტი?– ეს ის მომენტია, როცა უცბად ხვდები რომ აი ახლა ამას გააკეთებ და სწორი იქნება. შეიძლება ეს მომენტი ესკიზის კეთების დროს დადგეს, შეიძლება კითხვის დროს ან მუსიკაში….”

ინსპირაციისა და ეფექტურად მუშაობისთვის განწყობა და ყავა სჭირდება, ცხადია ადამიანური ურთიერთობები და პროფესიონალებთან კოლაბორაციაც მნიშვნელოვანია.
„ყველაზე საინტერესო ქართველ დიზაინერთაგან ნინო ჩუბინიშვილთან ურთიერთობა აღმოჩნდა, რამაც სტიმული და შინაგანი თავისუფლება მომცა.“ ნინო ამბობს, რომ  ჩუბიკამ მისთვის ყველაზე გადამწყვეტ დროსა და სიტუაციაში მოახერხა, თავიდან ეპოვა თავისი თავი როგორც დიზაინერს.

 

Leave a Reply