ფოტოგრაფი ლაურა დოდსვორტი დაინტერესდა, რა დამოკიდებულება აქვთ ქალებს საკუთარ მკერდთან და შექმნა ფოტოპროექტი, რომელიც 100 სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, სოციალური სტატუსისა და წარმოშობის ქალს და ამდენსავე ინტიმურ ისტორიას აერთიანებს. “ჩვენ ყველგან ვხედავთ მკერდს: ბილბორდებზე, რეკლამებში, ჟურნალ-გაზეთებში, მაგრამ ისინი როგორც წესი, არარეალური, შელამაზებულებია. მკერდი, რასაც მარკეტოლოგები გვთავაზობენ, მხოლოდ გაყიდვის სტიმულაციისთვის გამოიყენება, ისინი არაფერს არ ყვებიან ქალების შესახებ. ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო სწორედ ქალებისა და მათი სხეულის ნაწილების ურთიერთობაა” – ამბობს 41 წლის ფოტოგრაფი. 

978x

ლაურას ფოტოპროექტი სხვა მსგავსი პროექტებისგან იმითაა განსხვავებული, რომ თითოეულ ფოტოს, რომელზეც კონკრეტული პიროვნება არ იდენტიფიცირდება, თან ახლავს ვრცელი ისტორია, ზეპირი ინტერვიუდან მიღებული. თითოული ისტორია უკიდურესად სენსიტიური, პირადი და ემოციურია. ქალები ლაურას უყვებიან იმას, რაზეც ზოგადად იშვიათად თუ საუბრობენ. მკერდზე საუბრისას ჩვენ ვიგებთ ამბებს მათი პარტნიორების, შვილების, პოლიტიკური რეალობისა და ისტორიული პერიპეტიების შესახებაც კი. პროექტის დამატებით ხიბლს წარმოადგენს ის მრავალფეროვნებაც, რასაც მასში მონაწილე ქალების პიროვნებები ქმნიან: 19-დან 101 წლამდე ასაკისა და სრულიად სხვადასხვა პროფესიის მქონე ქალების ნარატივი, ცხადია განსხვავებულ სურათებს გვაძლევს.

o-BARE-REALITY-570

“ერთმა მამრობითი სქესის მეგობარმა მითხრა, რომ მე არ უნდა გამეკეთებინა მსგავსი პროექტი, ვინაიდან ამას ნახავდა მაგალითად ჩემი ქმრის საქმიანი პარტნიორი. ესეც რომ არა,  უნდა მეფიქრა იმაზე, რას იტყოდნენ ჩემი 7 და 9 წლის ბიჭები. მაგრამ მე გადავწყვიტე,  ამაზე არ უნდა მეფიქრა. ამაზე ფიქრი ნიშნავდა კაცების თვალით შემეხედა ქალების ცხოვრების, გარეგნობისა და პრობლემებისთვის, რაც ჩემთვის, როგორც არტისტისა და ფემინისტისთვის სრულიად მიუღებელია.” – ამბობს ფოტოგრაფი, რომელიც საკუთარი ნამუშევრის წიგნად გამოცემას გეგმავს.

21 წლის. შვილი - არც ერთი

21 წლის. არ ყავს შვილი

“როცა მკერდი გამეზარდა, შევამჩნიე, როგორ გაიზარდა ბიჭების ინტერესი ჩემს მიმართ. მე მომწონს ჩემი მკერდი. საკმაოდ დიდია და ლამაზი. მე თურქი მამა მყავს, რომელიც მუსლიმია და ებრაელი, იუდაისტი დედა. მიუხედავდ იმისა, რომ თვითონ ათეისტი ვარ, რელიგიური შეხედულებები და ტაბუები ქალისა და მისი სხეულის მიმართ, მაინც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. მაგალითად, მე მიწევს ვაკონტროლო ჩემი სამოსი, როცა მუსულმან ბებიასთან მივდივარ სტუმრად.

დედა ადრეული ბავშვობიდან აკეთებდა აქცენტს ჩემს ჭარბ წონაზე. ის თვლის, რომ შედარებით გამხდარი უფრო ლამაზი ვიქნებოდი. მე მგონია, რომ მსგავსი დამოკიდებულება სიგამხდრისა და სილამაზის სტანდარტების მიმართ არასწორია. ეს არის ის, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, რასაც ჩვენგან მოელიან. მე არ მინდა ასე ცხოვრება. მე არ მინდა ლამაზი ვიყო კაცისთვის. მე მინდა კომფორტულად ვგრძნობდე თავს საკუთარ სხეულში. ”

33 წლის. ყავს 2 შვილი

33 წლის. ყავს 2 შვილი

“ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და შემოქმედების უნარი. დანარჩენს ქალი აგრძლებს. სამწუხაროდ, რელიგიამ ქალის სხეული უხვად დატვირთა ნეგატიური განწყობებით. რელიგია ამბობს, რომ სექსუალობა სამარცხვინოა და დასამალი. მე მგონია, რომ ეს ტაბუები და ქალისთვის საკუთარ სხეულთან გაუცხოება კაცებმა მოიფიქრეს იმ ძალის შესასუსტებლად, რაც ქალს აქვს.

ჩემი მკერდი ახლა უფრო პატარაა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო.  ძუძუთი ვკვებავდი ჩემ ქალიშვილს. დიდად არ ვწუხვარ წონის კლებასთან დაკავშირებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა როცა ძველ ტანსაცმელს ვიცვამ. მე ღვთისმსახური ვარ, შესაბამისად, სპეციალურ სამოსს ვატარებ, რომელშიც დიდი მკერდით უფრო ქალურად გამოვიყურებოდი.

ჩემს შვილებს პატარაობიდანვე ვატარებდი ეკლესიაში. ძუძუთიც გამომიკვებავს ტაძარში. წმინდა წერილში არის ადგილი, სადაც ქრისტე საზიარებელ პურსა და ღვინოზე ამბობს: “ეს არის ჩემი სხეული, გაყოფილი თქვენთვის, ეს კი ჩემი სისხლი, დაღვრილი თქვენთვის.” ყოველთვის, როცა ჩემს გოგონას ვაჭმევდი, ვფიქრობდი რომ სწორედ ეს არის რელიგიის ლოგიკური განვითარება, როცა მე, ღვთისმსახური ვზივარ იესოს სახლში და ვკვებავ ჩემი სხეულით საკუთარ შვილს. მგონია, რომ ჩვენი მაგალითი სხვა ქალებმაც უნდა გადაიღონ. ძუძუთი კვება ერთი დიდი საიდუმლოა.”

101 წლის. ყავს ერთი შვილი

101 წლის. ყავს ერთი შვილი

“ჩემი გოგონა ჰიტლერის მარშამდე ერთი კვირით ადრე გაჩნდა. ჰიტლერის მსვლელობისას რძე გამიშრა. ჩვენ ებრაელები ვართ, ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. საბედნიეროდ, ჩემი გოგონა ბუნებრივი კვების გარეშეც კარგად გაიზარდა.

ნაცისტებმა ჩემი ქმარი წაიყვანეს. ის ჩემი თხოვნის მიუხედავად მაინც გადიოდა ხოლმე ღამღამობით თავშესაფრიდან გარეთ, რომ ჩვენთვის რამე მოეტანა. როცა დაიჭირეს, მე გამახსენდა მისი უფროსი, ყოფილი ნაცისტი და ჩვენი ოჯახის მეგობარი, რომეთანაც წავედი რჩევის საკითხავად. მან მითხრა, წადი  გესტაპოში, იქ გეტყვიან შენი ქმრის ამბავს.  მიუხედავად მშობლების წინააღმდეგობისა, მე მას დავუჯერე.

საიდუმლო პოლიციაში საშუალო ასაკის კაცი დამხვდა, რომელმაც დაახლოებით ნახევარი საათის საუბრის შემდეგ მითხრა: “გპირდები, შენს ქმარს სამ კვირაში გამოვუშვებ, მაგრამ ამისთვის რაღაც უნდა შემისრულო.” ცხადია, ყველაფერზე თანახმა ვიყავი. მან მთხოვა მევლო კვირაში სამჯერ მასთან და მელაპარაკა. დავთანხმდი, თუმცა არ მჯეროდა, რომ მხოლოდ ჩემთან ლაპარაკის სანაცვლოდ დავიმსახურებდი ჩემი ქმრის თავისუფლებას. სამი კვირის მერე, ჩემი ქმარი ჩემთან დაბრუნდა, პოლიციელმა კი მითხრა, რომ მასზე ჩემი საუბარი დამამშვიდებლად მოქმედებდა.

ინგლისში გადავედით, სადაც თავიდან დავიწყეთ ცხოვრება. 52 წლის ვიყავი, როცა მკერდზე სიმსივნემ დაიწყო ზრდა. ერთადერთი, რითიც მაშინ კიბოსგან და სიკვდილისგან თავის დაცვა შეიძლებოდა, მისი მოკვეთა იყო. ოპერაციის წინ ჩემს ქმარს ვკითხე: იყო თუ არა ის მზად ყოლოდა  ცალი მკერდით. პასუხად მკითხა:  დავშორდებოდი თუ არა, ცალი ფეხი რომ დაეკარგა. ალბათ იმისთვის, რომ 52 წელი ვინმესთან იცხოვრო, ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორც ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ არა მხოლოდ არაჩვეულებრივი სექსუალური ურთიერთობა გვქონდა, ჩვენ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიყავით მის გარდაცვალებამდე. ”

წყარო: – http://www.theguardian.com/

Leave a Reply