რა შეიძლება იფიქროთ ქალზე, რომელიც ზურგშექცევით ზის და ღია ფანჯარაში ზღვას გაჰყურებს?! როცა გამოელაპარაკები, ისეთი სახე აქვს, თითქოს, ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს მოაცდინე… თავს ანებებ და მოსაწყენად მოგეჩვენება მისი ცხოვრება, თან თმაში შერეულ სითეთრეს აკვირდები, რომელიც წიგნების რიგში უცნაურად მოძრაობს.

ასე შეიძლება გაიცნო მეოცნებე ოსტენდიდან.

5746545

ადამიანები სიმარტოვისთვის ათას მიზეზს მოუფიქრებენ თავს და საკუთარი თავისგან გარიყულები, ისეთ ადგილებში სეირნობენ, ისეთ წიგნებს კითხულობენ, ისეთ ოცნებებს ისიზმრებენ, სადაც მარტო არასდროს არიან, სადაც ყოველთვის აქვთ იმის იმედი, რომ ვიღაც მოვა. ზოგჯერ წინათგრძნობასაც აბრალებენ, იმას რისი მოხდენაც თავად სურთ.

ემას ცხოვრებაში ზუსტად ამ დროს გაჩნდა ის ადამიანი, რომელმაც მისი ცხოვრების წინა 23 წელი დაჩრდილა.

ასე იცის ერიკ-ემანუელ შმიტმა, იმ მარტივ აქსიომას შეგახსენებს, რომ ყველაფერი მარტივი გენიალურია. მისი ნაწარმოებები ერთდროულად შეიძლება იყოს რომანტიული, სევდიანი, მოგონებებით დამძიმებული, მაგრამ ძალიან სასიამოვნო. ყოველ სიუჟეტში გრძნობ, რომ ეს სადღაც წაკითხული გაქვს, ნანახი გაქვს, მაგრამ ასე განსხვავებულად – არსად, თან წიგნზე გამარჯვებულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ იცი დასასრულს ადვილად გამოიცნობ, აქ კი მწერალს ყოველთვის აქვს რაღაც ისეთი, რასაც ვერ წარმოიდგენ, რაც თვალებს გაგიფართოვებს და აუცილებლად გაგიჩენს იმის სურვილს, რომ შმიტის კითხვას არასდროს დაანებო თავი.

ახლა შემოდგომაა. სეზონი, რომელიც მოგონებებს აგროვებს. წიგნის მოყვარულები პლედისთვის უნდა მოემზადონ, სარწეველა სკამისთვის, ფოთოლცვენისთვის და იმოგზაურონ ოსტენდეში.

 

 

Leave a Reply