,,ცხოვრება წინაა’’ რომენ გარიმ 1975 წელს, ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოსცა და ,,გონკურის’’ პრემიის გამარჯვებული მეორედ გახდა.

რომანის მთავარი პერსონაჟი 14 წლის მუჰამედი, იგივე – მომოა, რომელიც პარიზის რაიონ მელვილში, მოხუც ებრაელ მადამ როზასთან ცხოვრობს. მადამ როზა აუშვიცგამოვლილი ყოფილი მეძავია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პიგალის გოგოების შვილებისთვის თავშესაფარი გააკეთა და ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ, ფაქტობრივად სამუდამოდ მიგდებული ნაბიჭვრების აღზრდა ითავა. მომოც ერთ-ერთი ასეთი ყმაწვილია, რომელსაც არც საბუთები გააჩნია, არც დაბადების ზუსტი თარიღი. მომო არც თავის მშობლებს იცნობს და იცის მხოლოდ, რომ ათი წლისაა, ამ ქვეყნად კი მადამ როზას გარდა არავინ აბადია.

611

,,ცხოვრება წინაა’’ არალეგალი ემიგრანტების ყოველდღიური ყოფის არაჩვეულებრივი მაგალითია, სადაც აღწერილია თუ რა გზებითა და ხერხები უწევდათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აფრიკიდან, ალჟირიდან, ისრაელიდან ემიგრირებულ, ფულის საოვნელად საფრანგეთს გამომგზავრებულ, უვიზო, უპასპორტო, უფულო ადამიანებს თავის გატანა. სწორედ მათთან ერთად უწევს არაბ მომოს ცხოვრება, – ასაკთან შედარებით გაცილებით ჭკვიან, სინამვილეში განათლება მიუღებელ, მაგრამ ცხოვრებით დაბრძენებულ ბიჭუნას. მომოს ყველაფერი ეხერხება: ჩასვრილი ბავშვებისთის ტრაკის გამოწმენდა, ქურდობა, პარალელურად კი ცხოვრების ფილოსოფიურ ანალიზი. რომენ გარი არაჩვეულებრივად ახერხებს პატარა ბავშვის სხეულისა და გონების მორგებას და მისი ენით საუბრობს ბევრ ისეთ თემაზე, რომელიც გაცილებით არასასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა ზრდასრულის პირიდან – რელიგიებს შორის დისბალანსსა და კაცობრიობის საწყისშივე ჩაბუდებულ ზიზღზე, რომელიც ცხოვრების ბოლომდე თან გდევს და შენი მთავარი მოვალეობაც სიყვარულის მეშეობით მისი უკუგდებაა.

დრო გადის, მადამ როზა კვდება. მიუხედავად იმისა, რომ მომო შეპყრობილია თავისი მშბლების ვინაობის დადგენის სურვილით, ,,ბებერ ურიას’’ გვერდიდან არ შორდება და სიცოცხლის ბოლო წამამდე დიდი სიყვარულით უვლის. ამაში მომოს მეზობლები, - ცეცხლისმჭამელი ბატონი ვალუმბა, ვიქტორ ჰიუგოზე შეყვარებული ბრმა ბატონი ჰამილი და ბულონის ტყის ტრანსვესტი მადამ ლოლა ეხმარებიან და შენც ხვდები რომ ჯერ კიდევ ველურ, დეზინტერიასა და მუდამ წნეხისა და შიშის ქვეშ მცხოვრებ ხალხშიც შეიძლება აღმოცენდეს სიკეთისა და მზრუნველობის, ადამიანური სიყვარულის მცენარე, რომელიც ყველა აღმსარებლობის, კანის ფერის, ორიენტაციისა და შეხედულებების მქონე ინდივიდებს ერთი მიზნის ქვეშ გააერთიანებს – დაეხმარო შენზე გაჭირვებულს.

…ლამაზ და დიდ ქვეყანას, როგორიც საფრანგეთია, მოხუცი ადამიანები ალბათ დააუშნოვებენ, ადამიანებს კი იმდენი პრობლემა და საზრუნავი აქვთ, რომ სიუშნოვის ყურება და მასზე თავის ატკივება აღარ უნდათ…

რომანი ,,ცხოვრება წინაა’’ ერთგვარ კულტურულ გზამკვლევადაც შეგვიძლია აღვიქვათ. მომოს ტრაგიკომიკური ტონით მოთხრობილ ისტორიაში ერთმანეთს აქტიურად ენაცვლებ ებრაული, არაბული კულტურები, რელიგიური მისწრაფებანი, დასავლური და აღმოსავლური ტრადიციები და რაც მთავარია ეს ეკლექტური მონოლოგ-დიალოგები პარიზის ხალხით სავსე, მაგრამ მაინც ცარიელ ქუჩებში მიმდინარეობს, კიდევ უფრო მეტად სევდიანს რომ ხდის ისედაც საკმაოდ სევდიან სიუჟეტს. მომო კი მზად არის, რომ გაიზრდება ვიქტორ ჰუგოზე უკეთესი წიგნები წეროს, მასაც ჰქონდეს თავისი პირადი ,,საბრალონი’’ და საერთოდაც მომო ძალიან მიზანდასახული ბიჭუნაა, რომელსაც უკლებლივ ყველა, ექიმი კატციდან დაწყებული, დუბლაჟის დარბაზში მომუშავე ნადინით დამთავრებული, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

…როცა დაიბადები, რაღას იზამ, უნდა გაიზარდო…

პირველ რიგში, როცა რომენ გარის კითხულობ, არ უნდა დაგავყდეს რომ საქმე გაქვს სევდიან ფრანგთან, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება სადა და დახვეწილი, ადვილად დასამახსოვრებელი წერის სტილით იგივე მდგომარეობაში გამყოფოს მთელი რომანის განმავლობაში, როგორშიც თვითონაა. პარალელურად გაგაცინებს, შეიძლება, გულიანად გახარხაროს, მაგრამ დახურავ თუ არა წიგნს, იგრძნობ, როგორ ივსება შენი სხეული უცნაური მუხტით, გრძნობ როგორ გააქტიურებულად მუშაობს ნერვული სისტემა და გინდება ხელმეორედ წაიკითხო ათი წამის წინ დახურული წიგნი. მესამედ. მეოთხედ და ა.შ…

და შენც კითხულობ.

Leave a Reply