ლიტერატურული პრემია “საბა” წელსაც ჩატარდა. გამარჯვებულები 8 + 1 ნომინაციაში დასახელდნენ, იყო ბევრი იმედგაცრუება, იყო ბევრი სიხარული, სიამაყე, ცრემლი, დორბლი, ტაში თუ ყვირილი. თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

პროლოგი

“დაწყებამდე”

მოსაწვევებზე აღნიშნული დაწყების დრო – 21:30, რა თქმა უნდა ფიქტიური აღმოჩნდა და სათავე ყველაფერმა მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ აიღო, თუმცა ქართული ლიტერატურული ელიტისა თუ უბრალოდ ბომონდის თვალსაჩინო წარმომადგენლები ათის წუთებიდან ფუსფუსებდნენ შესასვლელთან. გლამურული კაბები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, არა თითსა და შუა თითს შორის მოქცეული წვრილი სიგარეტები და ცივი, არავისთვის საჭირო, ინტერეს-გარეშე მისალმებები – რაღაცით ეს ყველაფერი მიშელ გონდრის ,,დღეთა ქაფში’’ ნაჩვენებ ბანკეტს ჰგავდა, იმ სასიამოვნო აბსურდულობის გარეშე, რაც ფილმში სცენას თან ახლავს. მათ შორის თავს უსუსურ პინგვინად ვგრძნობდი, ყოველ მათგანს შეეძლო ფეხი ჰაერში აეწია და იქვე გავესრისე (გულში ,,ბიტლზებს’’ ვმღეროდი: I am the eggman, they are the eggmen, I am the walrus, goo goo goo joob). ისინი უკვე შემდგარი, ზოგიერთნი რამდენიმე ,,საბას’’ მფლობელი ავტორები იყვნენ, რომელთაც მრავალი წლის წინ მოიგეს მკითხველთა გულები თუ სხვადასხვა კონკურსები, და მე, ჯერ ისევ ნორჩ, დამწყებ მწერალს, მზერას ამაყად მარიდებდნენ, რითიც მაგრძნობინებდნენ რომ ადრეა მათ გვერდით დავდგე, ,,რთულ თემებეზე’’ ვილაპარაკო და ამაღლებული განწყობა დამეუფლოს… I am the eggman, they are the eggmen, I am the walrus, goo goo goo joob…

საბოლოოდ, როგორც იქნა გააღეს კარები და აბობოქრებულ კალმოსანთა და მათ მეგობართა/პარტნიორთა უზარმაზარი ტალღა, ,,რუსთაველის თეატრის’’ ჰოლს მიასკდა… და… (გაგრძელება იხილეთ პირველ თავში!)

თავი 1

“შიგნით”

…და დაიწყო ვნებათაღელვა. პერსპექტიული გამარჯვებულების განხილვა, მათი წინასწარ დაკნინება და ბრძნული შენიშვნების გაკეთება, თუ იდეაში რატომ არ იმსახურებს ესა თუ ის კანდიდატი გამარჯვებას, წესით ვინ უნდა ავიდეს მათ ნაცვლად ფედესტალზე და სახლში (ან რესტორანში) დაკმაყოფილებული დაბრუნდეს.

დაახლოებით იგივე ხდებოდა დარბაზშიც, სადაც ჯერ ადგილების დაკავებისას უამრავი, სპეციალურად ,,საბას’’ ცერემონიისთვის ნაყიდი ფეხსაცმელის გათელვა მოხდა, შემდეგ – ამ ფაქტის გამო ბოდიშების მოხდა და ,,იცით, რეალურად ეს ყველაფერი მკიდია, უბრალოდ ჩემს ადგილზე დაჯდომას ვცდილობ’’ ღიმილის დაზარალებულისადმი არ დანანება. დარბაზში ჩიტიც კი შემოფრინდა, რომელმაც წრეები არტყა აფუსფუსებულ ბომონდს, შემდეგ კი უეცრადვე გაქრა, ისე რომ განავალიც კი არ გაიმეტა საქვეყნოდ ცნობილი ფეისებისთვის. ხუმრობაც კი გავრცელდა, თითქოს ეს ჩიტი ცერემონიის დასრულებისას დამარცხებულებმა დაიჭირეს და იქვე, თეატრის უკან სიმბოლურად შეწვეს.

გაისმა ,,საბას’’ ჰიმნიც, ორკესტრის არაჩვეულებრივი შესრულებით (უნდა აღინიშნოს რომ დაჯილდოების ერთ-ერთი, ან ერთადერთი პლიუსი, სწორედაც რომ ორკესტრის პროფესიონალიზმი იყო) და სცენაზე ზაალ უდუმაშვილი და ის გოგო გამოჩნდნენ, ,,შუა დღეში’’ რომ იჩითება ხოლმე.

გამარჯვებულები გამოცხადნენ…

თავი 3

,,გამარჯვებულები’’

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ეს იყო ნომინაცია, რომლის გამარჯვებულზეც, წინასწარვე აბსოლუტურად ყველა თანხმდებოდა. ლია ლიქოკელის არაჩვეულებრივ და ორიგინალურ პოეტურ კრებულ ,,დევის ცოლის სიცილს’’, შეიძლება ითქვას, გამოცემისთანავე ,,საბას’’ უწინასწარმეტყველებდნენ და საბედნიეროდ, ეს წინასწარმეტყველება ახდა – გამოცხადდა თუ არა ლიას სახელი, დარბაზში ტაშმა იჭექა და თამამად შეიძლება ითქვას, ყველა კმაყოფილი დარჩა. ამ ნომინაციას ასევე მეორე გამარჯვებულიც აღმოაჩნდა – დაბნეული ტორესა მოსი, რომელიც მეორე პერსპექტიულ გამარჯვებულად ითვლებოდა.

პირველმა ნომინაციამ ღირსეულად ჩაიარა!
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - რა თქმა უნდა, ფრედიქშენისამებრ, გამარჯვებული გოგი გვახარიას სენტიმენტალური ,,ცრემლიანი სათვალე’’ გახდა, რომელიც ასევე ,,აცრემლებული სათვალის’’, ან ,,გოგი გვახარიას წიგნის’’ სახელითაა ცნობილი.

საუკეთესო პროზაული კრებული – არჩილ ქიქოძე – ,,ჩიტის და კაცის ამბავი’’, – კარგი მწერლის, სამწუხაროდ ჩემთვის უცნობი წიგნი, რომელსაც აუცილებლად წავიკითხავ და რომელზეც ალბათ ცალკე ვილაპარაკებ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ნომინაციაში, ერთ-ერთ პოტენციურ გამარჯვებულად, დიანა ანფიმიადის ,,პირადი კულინარია’’ ითვლებოდა.

საუკეთესო პოეტური კრებული – ვიღაც გოგოს (ქალის?) წიგნი ,,სახლის გაყიდვა’’, რომელმაც პოსტ-,,საბაურ’’ ამბებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

საუკეთესო თარგმანი – გიორგი გოკიელის, ,,ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში’’-ს, როგორც ამბობენ ,,იდეალური თარგმანი’’. პირადად მე, ფსონებს ნინო ქაჯაიას ჯულიან ბარნსის ,,ფლობერის თითიყუშის’’ თარგმანზე ვაკეთებდი. ერთი რამ ცხადი იყო, ამ ნომინაციაში ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა მიშელ უელბეკის ,,რუკა და ტერიტორიის’’ თარგმანი.

საუკეთესო პიესა – ახალგაზრდა, ,,აი, მაგან თუ მსოფლიო არ დაიპყროს’’ დათო გაბუნიას პიესები, რომელმაც ლაშა ბუღაძეს ჩაუდო.

საუკეთესო რომანი – ზვიად კვარაცხელიას ,,ფორმა N100’’, რომელმაც აკას, თვით აკას, წლის მთავარი პრემია ხელიდან გამოგლიჯა. ყველაზე დიდ უკმაყოფილებას ჩემშიც, და ზოგადად ხალხშიც, სწორედ ეს ნომინაცია იწვევდა – როცა შორთ-ლისტი დაიდო, ცნობილი გახდა რომ ნომინანტთა შორის არ არის ანა კორძაია-სამადაშვილის რომანი ,,ვინ მოკლა ჩაიკა’’, როცა, როგორღაც, სიაში მოხვდა ეკატერინე ტოგონიძის ,,ასინქრონი’’. ამის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ჟიური აქტიურად მოიხმარდა ელესდეს.

მგონი ერთი-ორი ნომინაცია გამომრჩა, თუმცა, ძირითადად მაინც ასე გამოიყურება წლევანდელი ,,საბას’’ გამარჯვებულთა სია.

თავი 4

“პოსტ -“საბა”

ყველაზე საინტერესო მაშინ დაიწყო, როცა ,,საბა’’ დამთავრდა. მარკ ცუკერბერგის სოციალური გიგანტი რამდენიმე დღის განმავლობაში ,,საბასთან’’ დაკავშირებული სამადლობელი თუ საგინებელი სტატუსებით გაივსო. თავი გამოყვეს დამარცხებას ვერ შეგუებულმა ნომინანტებმა, რომელთაც გამარჯვებულთა მომხრეები დაუპირისპირდნენ და დაიწყო ომი, სადაც გამარჯვებული ის გამოვიდოდა, ვინც ყველაზე მშვიდად, უშუალოდ ირონიის გზით მოსვამდა თავის ადგილზე ოპონენტს, ამით კი სხვა მოკავშირეების თვალში ქულებს დაიწერდა.

იყო ასევე “საბას” შოუს თვალსაზრისით მიმოხილვებიც, სადაც ძირითადად უგემოვნო საბალეტო ნომრებსა და ახალგაზრდა შემსრულებლების ტაკოებში გაჩხერილ ტრუსებსა თუ სპეციალურ ფორმებში ადვილად შესამჩნევ შიშველ მკერდზე მიდიოდა აღვირახსნილი ბაასი. არაერთხელ აღინიშნა ასევე, ბასა ჯანიკაშვილის სიზარმაცე და ზოგადად ჟიურის არაობიექტურობა. მოკლედ, ქართველმა მწერლებმა ქართველობა ამაყად შეინარჩუნეს.

ეპილოგი

ასეა თუ ისე, არასწორია თუ არასწორი ,,საბას’’ ჟიური, ამართლებს თუ ამართლებს სიმბოლური ჯილდო – ,,ბუმბული’’ (იხ. ას. ,,პერო’’), ზოგადად ,,საბას’’ დაჯილდოებას, მინდა გამარჯვებულებს გამარჯვება, დამარცხებულებს კი – დამარცხება მივულოცო და შევახსენო, რომ ყოველი ეს პრემია, რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ფულია, და მწერლისთვის წერასა და მკითხველის სიყვარულზე სასიამოვნო, წესით არაფერი უნდა იყოს.

Orevuar!

7 Responses

  1. ვეკუა

    ვიღაც გოგოს (ქალის?) წიგნი ,,სახლის გაყიდვა’’…
    ნწ ნწ ნწ
    აი, ეს ადგილი ცოტა ვერ გამოგივიდა

    Reply
  2. tami

    ეს ონლაინ ჟურნალი ასეთ სუსტ პოსტებს ყველაზე მცირე,კორექტირებას უნდა უკეთებდეს:/

    ვიღაც ქალის “სახლის გაყიდვა” მშვენიერი კრებულია.

    ცხადია რომ არც ასინქრონი წაუკითხავს ლაშას, თორემ აუცილებლად მიხვდებოდა რატომ მოხვდა შორთლისტში “ასინქრონი” და არა “ვინ მოკლა ჩაიკა”.

    და კიდევ უამრავი შენიშვნა,მაგრამ აღარ დავწვრილმანდები.

    Reply
  3. თეონა დოლენჯაშვილი

    დაიცა, რაღაც ვერ გავიგე.. “დღეთა ქაფი” ვისიაო? ლოლ :D
    იქნებ სხვებზე ქილიკს ჯერ ზემოთნახსენები წიგნის ავტორი დაგვეზუსტებინა?

    Reply
    • თეონა დოლენჯაშვილი

      აჰ, უკაცრავად ფილმზე ყოფილა საუბარი. იმედია, ის შემთხვევა არ არის, როდესაც მხოლოდ ეკრანიზაციები გვაქვს ნანახი და “საბას” ნომინანტებსა და ფინალისტებზეც ისევე ზედაპირულად ვმსჯელობთ, როგორც კლასიკურ ლიტერატურაზე. პატივისცემით :)

      Reply
  4. Chiba

    არაუშავს, ბალღო, გაიზრდები, ჭკუაში ჩავარდები…. მეტს აღარ იზამ…

    Reply
  5. Suzzie

    პოსტის ავტორი თავს “ახალბედა მწერალს” უწოდებს და “ფრედიქშენის” განმარტება არ იცის :))) წინასწარმეტყველებას ნიშნავს ქართულად, თუ არ იცი, შესატყვისი ქართულში ეს სიტყვა აქვს “ანდადასიებით, ანდერ დე ექიულ ჯურიდიქთებით” რომ არ ილაპარაკო სხვა დროს :)))))დაკომპლექსებული ტიპის ნაწერად მომეჩვენა მე პირადად :))))

    Reply

Leave a Reply to ვეკუა Cancel reply