“შესავლის მაგიერის” მაგიერ ( ბექა ადამაშვილი, “ბესტსელერი” )

 “ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე არ ვარ, მაგრამ მაინც დავიბადე. რაც მთავარია, დავიბადე იმ წლებში, როცა მეცხრე ბლოკი ქართული სკაბრეზული ფოლკლორის მთავარ მუზას წარმოადგენდა და დენზე უფრო ხშირად – ინკასატორი მოდიოდა. მქონდა ძალიან ბანალური ბავშვობა, ანუ, მეც მინდოდა, რომ ფეხბურთელი, კოსმონავტი, პოლიციელი და ექიმი გამოვსულიყავი. ბოლოს გამოვედი… ბავშვობის ასაკიდან და ოთხწლიანი თავდადების  მიუხედავად, მაინც ვერ გამოვედი ჟურნალისტი.

დღეს მე მშობლებისთვის შვილი ვარ და კოსმოსისათვის – ტყუპები, დედამიწისთვის – ზედმეტი 64 კილოგრამი და გარშემომყოფთათვის – ცოტა მოსამატებელი, პედოფილებისათვის – ნამეტანი გვიან და ნეკროფილებისათვის – ნამეტანი ადრე,  სარკისათვის – საკუთარი თავი და საკუთარი თავისათვის – წყალწაღებული ოპტიმისტი, უფასო დონორი კოღოებისათვის და ფასიანი – ბანკებისათვის, ყველაფერი – რამდენიმე ადამიანისთვის და არაფერი – ბიძინა ივანიშვილისათვის (სამწუხაროდ), მშურს – ჯესიკა ალბას საბნის და არ მშურს – ცხრიდან ექვსამდე დასაქმებული ადამიანების, ვწერ – როცა ონლაინზე არ ვარ და ვკითხულობ – როცა არ ვწერ, საყვარელ ადამიანს ვაპატიებდი – ღალატს, მაგრამ რამე კურიოზს ვერ გავუხსენებდი, ვიტან (მაინც)- მატარებელში ხალხი იქამდე რომ შემოდის, სანამ გახვალ და ვერ ვიტან – ცალი ხელით მაისურაწეულ მუცელს მეორე ხელით რომ იფხანენ. ჯერჯერობით ვარ – დროებით დასაქმებული და არ ვყავარ ცოლს.

როცა გავიზრდები, გამოვალ მწერალი და გავხდები ცნობილი, ან ვერ გამოვალ მწერალი და უბრალოდ გავხდები… ნერვიულობისგან.”  – ასე ახასიათებს საკუთარ თავს ბექა ადამაშვილი, რომელმაც სულ ახლახანს სადებიუტო წიგნი “ბესტსელერი” გამოსცა.

1011262_865461960133055_7212889520101675046_n

 

-აქამდე საზოგადოება გიცნობდა, როგორც ბლოგერს, ახლა კი პირველად გაგიცნო, როგორც მწერალი. ამ დრომდე გქონია თუ არა შეხება მწერლობასთან, თუ “ბესტსელერი” შენი პირველი მცდელობაა?

ბექა:  “მწერალი” ამბიციური სიტყვაა – ავტორი. ვერ ვიტყვი, რომ “რაც თავი მახსოვს, ვწერ”, მაგრამ ჯერ კიდევ იმ დროიდან ვწერდი, კლავიატურა, რომ კალამი იყო. დაწერილი მაქვს ცუდი ლექსები, არანაკლებ ცუდი პოემები, ნორმალური მოთხრობები და ეს ერთი წიგნი. მოკლედ, ყველაფერი მაქვს დაწერილი, ჯვრის გარდა, თუმცა, ეს ნაკლებად სერიოზული იყო. 2013 წელს სტუდენტურ ლიტერატურულ კონკურს “შემოდგომის ლეგენდაში” ვცადე ბედი და შემომემარჯვა. ამის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ შედარებით დიდი მოცულობის ნაწარმოების დაწერა მეცადა.

“ბესტსელერი” არის ერთგვარი შარჟი მწერლობის, მკითხველის, ლიტერატურული თუ სხვა კლიშეების… სიუჟეტი ვითარდება ლიტერატურულ ჯოჯოხეთში, სადაც მწერლები იტანჯებიან ისევე, როგორც მათი წიგნები მკითხველებს ტანჯავდნენ. და ამ ჯოჯოხეთში მოხვდება ერთი უიღბლო მწერალი, რომელიც პიარის მიზნით თავს მოიკლავს. არამარტო საქართველოში, ზოგადად მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა, რომ უმეტესად გარდაცვალების შემდეგ ხდება მწერალი პოპულარული. ანუ, ზოგჯერ წარმატებისათვის სრულიად საკმარისია მხოლოდ ის, რომ მოკვდე. რაც შეეხება თავად მწერლების შარჟს, ისინი ხშირად ცდილობენ სხვადასხვა უცხო, ბევრისთვის გაუგებარი სიტყვით, ლათინური წინადადებებით ან სახარებისეული თუ ბრძნული ციტატებით  უფრო სოლიდური გახადონ თავიანთი ტექსტები და შესაბამისად, შარჟიც ამ კუთხითაა.

შენი პერსონაჟი – პიერ სონაჟი თავსაც კი იკლავს იმისათვის, რომ პოპულარული გახდეს. შენ რა გააკეთე საკუთარი წიგნის პიარისთვის?

ბექა: ჰო, ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია, თუმცა, როგორც ხედავთ, მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ. რა თქმა უნდა, 21-ე საუკუნეში თავისით არაფერი ხდება პოპულარული, თუ რამით ხელი არ შეუწყვე. შენგან დამოუკიდებლად  ცნობილი რომ გახდე, შედევრი უნდა გქონდეს შექმნილი. ეპატაჟური ნაბიჯები არ გადამიდგამს – წიგნთან ერთად შიშველს არ მირბენია და არც სათაური აქვს ისეთი, რომ სკანდალი წაუკითხავად გამოეწვია. ჯერჯერობით, მხოლოდ ფეისბუქ-გვერდი გავაკეთე, რომ უშუალო კონტაქტი მქონდეს დაინტერესებულ მკითხველთან.

უნდა გკითხოთ ლიტერატურულ ხერხზე, რომელიც გამოყენებული გაქვს. თითქმის ყველა გვერდზე ორიგინალურად თამაშობ სიტყვებით. სპონტანურად მოდის  თუ წინასწარ მუშაობ ამაზე?

ბექა: საერთოდ ძალიან სწრაფად, სპონტანურად ვწერ ყველაფერს, რაც კლავიატურაზე მომადგება, შემდეგ კი, როცა ფურცელი სავსეა, უკვე ადვილია ტექსტის დამუშავება. ცარიელფურცლოფობია მჭირს. არის ისეთი ფრაზები, რომლებიც ადრე მაქვს ნათქვამი, ან ბლოგსა და  სოციალურ ქსელში დაწერილი, და მოგვიანებით ტექსტშიც გამოვიყენე.

შენს წიგნში ძირითადად გავრცელებულ კლიშეებს დასცინი. ამ კლიშეებში ადამიანები ადვილად ვექცევით. საკუთარი თავი ხომ არ გამოგიჭერია იმაში, რასაც თავად აკრიტიკებ?

ბექა: მე არა – სხვებს. იყო შემთხვევები, როცა რაღაცაზე ირონიული ტონით მისაუბრია, შემდეგ იგივე მეც გამიკეთებია და ვიღაცებს ჩემი ადრინდელი პოსტები მოუძიებიათ, რომ ნიშნი მოეგოთ. მაგალითად, ადრე ვწერდი პოსტებს ყოველდღიურ შაბლონებზე და ბოლოს ისე მოხდა, რომ ამ თემაზე პოსტების წერა გადაიქცა თვითონ შაბლონად. ამ წიგნის წერის დროსაც, როცა დავაფიქსირებდი, რომ რაღაც სტერეოტიპებში მოვექეცი, მხსნელად ავტორის პერსონაჟი შემოდიოდა, ასწრებდა მკითხველს და შესაძლო გაღიზიანებას თვითირონიით ანეიტრალებდა.

შენს წიგნს რომ არა როგორც ვტორი, არამედ ობიექტური მკითხველი,ისე კითხულობდე, როგორ შეაფასებდი, რა შენიშვნები გექნებოდა ბექა ადამაშვილთან?

ბექა:  ასეც მივუდექი მას. ზოგადად, რასაც ვწერ ხოლმე გარკვეული ხნის შემდეგ აღარ მომწონს. შეიძლება, რამდენიმე თვის შემდეგ აღარც ეს წიგნი მომეწონოს. ახლა კი ვფიქრობ, რომ აქა-იქ სტილისტური შენიშვნები მექნებოდა. შესაძლოა მეფიქრა, რომ ინფორმაცია ისეა ჩაყრილი, თითქოს ამით ავტორი  საკუთარ ინტელექტუალურ მხარეს უსვამს ხაზს. ასეთი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად გამოვიყენე უშუალო სქოლიო, რაც დამეხმარა ტექსტისათვის  ეს დიდაქტიკური ტონი ჩამომეშორებინა, თუმცა, რაღაცეები, ალბათ, მაინც გაიპარა. მოკლედ, როგორც ინტრიგან მკითხველს, შეიძლება მეფიქრა, რომ ავტორი თავისი ცოდნით ამაყობს, მაგრამ როგორც გულწრფელ ავტორს, შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არ არის.

 რა კატეგორიის მკითხველისთვისაა შენი წიგნი გათვლილი?

ბექა: ყველასთვის, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს კითხვა. შევეცადე, საქართველოში ყველაზე გაყიდვადი წიგნების მაგალითზე გამეთვალისწინებინა ის ნიუანსები, რაც  ნაწარმოებებს პოპულარულს ხდის და ამ ჩონჩხისთვის მომერგო ჩემი წიგნი. ამიტომ მგონია, რომ “ბესტსელერი” ყველა კატეგორიისთვისაა გათვლილი. წიგნში ყველა ის ელემენტია, რაც მკითხველს იზიდავს – პატარა თავები, ბევრი დიალოგი, ნაკლები აღწერა, ჩახლართული სიუჟეტი…

1932586_10152422737749211_7400192539352753828_o

რამდენი ხანი  მუშაობდი ამ წიგნზე?

ბექა:  დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყე, მაგრამ მერე ძირითადად ვწერდი იმაზე, როგორ ვერ ვწერდი. უბრალოდ თავში ვალაგებდი რაღაცეებს, საინტერესო ფრაზებს ვაგროვებდი – ეს „მთელი სამუშაო პროცესია“.  საბოლოოდ კი, გამიმართლა და  ორი კვირით უინტერნეტო ადგილას მომიწია ყოფნამ. სწორედ  ამ პერიოდში დავასრულე.

10708513_10152422737524211_8392488095603165105_o

გაქვს თუ  არა ამ წიგნთან დაკავშირებით რაიმე სამომავლო გეგმა?

ბექა: ჯერჯერობით, მხოლოდ 500 ეგზემპლარია დაბეჭდილი და სავარაუდოდ, გაიზრდება ტირაჟი. საუბარია წიგნის თარგმნაზეც. ერთ-ერთი ფაქტორი, რაც წერისას გავითვალისწინე, სწორედ ის იყო, რომ სიუჟეტი, პერსონაჟები, პრობლემები მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის არ ყოფილიყო ნაცნობი და გასაგები. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ბევრი  იდიომი, სიტყვებით თამაში ზუსტად ვერ გადავა სხვა ენაზე, თუმცა, თარგმნის პროცესში მეც ვიქნები ჩართული და შევეცდები, მაქსიმალურად ზუსტი და მოქნილი შესატყვისები მოვუძებნო.

ავტორები:

თამო ჭინჭარაული / ნინო იმერლიშვილი

 

Leave a Reply