ჯგუფი GRAVITY 2012 წელს შეიქმნა და მიუხედავად მცირეხნიანი ისტორიისა,  უკვე მოახერხა მუსიკის მოყვარულთა გულების მონადირება. მათი პირველი წარმატება NewComers 2014 – ზე გამარჯვება იყო, შემდეგ კი Tbilisi Open Air 2014–ზე გამოსვლა. ჩვენ  ჯგუფის წევრებს – ნინუცა გაბისონიას და ტატო რუსიას ვესაუბრეთ ჯგუფზე, შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე.

ინტერვიუ ჩაწერილია  JandaBar – ში, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბარს.

llllllllllll

როგორ შეიქმნა ჯგუფი GRAVITY?

ნინუცა: ჯგუფის შექმნა ნიკა წერეთლის დამსახურებაა. ნიკა ჩემი ძმის მეგობარია, ერთხელ, სახლში ყოფნისას გიტარაზე ვუკრავდი, მაშინ შემამჩნია და დაებადა აზრი, ერთად შეგვექმნა მუსიკა. ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარი Massive Attack – ის ქავერი. რაც შეეხება ტატოს, მას მეც და ნიკაც ადრევე ვიცნობდით. ერთხელაც სამივე ერთად აღმოვჩნდით და გადავწყვიტეთ, ერთად დაგვეკრა.  ასე შეიქმნა ჯგუფი. პრინციპში ჯგუფი ნაკლებად ვართ, უფრო – პროექტი გამოდის. ოფიციალური სახელიც PROJECT GRAVITY-ა.  ბენდშიც ხშირად შემოგვაქვს ცვლილებები. თუმცა მუდმივი წევრები ჩვენ  – მე, ტატო, ნიკა და საყვირზე ნოდარ კოტრიკაძე ვართ.

10719562_10202997712879341_1063808188_n

როგორია მუსიკის და ტექსტის შექმნის პროცესი ?

ტატო: ტექსტს მეც ვწერ, ნინუცაც. მუსიკას კი ნიკა წერეთელი ქმნის. თუმცა, შემდეგ,  რა თქმა უნდა, ერთად განვიხილავთ და ვამუშავებთ ყველაფერს.

ნინუცა: ნიკა, ძირითადად, მუსიკას გამზადებულს გვახვედრებს ხოლმე, ტატო შესაბამის ტექსტს წერს. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევა, ჩემი რეპეტიციის გარეშე ჩაგვიწერია სიმღერა. ეს ხშირად ამართლებს, იმ მომენტში წამოსული ემოციით ნამღერი უკეთესი გამოდის ხოლმე. ყველანი ვენდობით ერთმანეთს, ჩვენ-ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ერთმანეთს არ ვზღუდავთ და შედეგი საბოლოოდ საკმაოდ კარგია.

10723076_10202997712799339_1572480929_n

გყავთ თუ არა პროდიუსერი?

ტატო: ზოგადად, საქართველოში პროდიუსინგის თემა ძალიან რთულია. ჩვენ გვყავდა პროდიუსერი, ლევან გელიაშვილი და მისი  ძალიან მადლობლები ვართ.

ნინუცა: სწორედ მისი დამსახურებაა, რომ წელს Tbilisi Newcomers – ზე მივიღეთ მონაწილეობა. ამან გაამართლა – გავიმარჯვეთ და ერთგვარი პრიზის სახით Tbilisi Open Air 2014 – ზე გამოვედით. ამისთვის გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ მას. სამწუხაროდ, ჩვენი თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა, თუმცა დღემდე კარგი ურთიერობა გვაქვს. წელს Kobuleti Summer Fest – ზეც მისი მიწვევით დავუკარით. რაც შეეხება პროდიუსინგს დღესდღეობით ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ – მეგობრების დახმარებით.

საკმაოდ რთულია რომელიმე ერთ მიმდინარეობას მივაკუთვნოთ თქვენი მუსიკა. თქვენ თვითონ როგორ ფიქრობთ, რა ჟანრის მუსიკას ქმნით?

ტატო: ზოგადად ჩვენი მუსიკის მიმდინარეობას ფიუჟენი  ქვია. ეს არის რამდენიმე მუსიკის ნარევი: პირველ რიგში ელექტრონული მუსიკის, მერე მოდის ჯაზის ელემენტები , ხანდახან ვურევთ ფანკს , ბლუზს, Drum’n’Base  და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ სხვადასხვა მუსიკის სინთეზია. დიდი ადგილი უჭირავს ჰიპ-ჰოპსაც.

ნინუცა: ერთი ფოლკ ტრეკიც გვაქვს. საკმაოდ სინთეზური მუსიკაა.

10292237_1415188092089430_3897881360790036895_n

თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ქართული მუსიკალური პროდუქტი გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე. თქვენ თუ გაქვთ ამასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმები?

ნინუცა: კი, რა თქმა უნდა, სავსებით რეალურია. მიმაჩნია, რომ საკმაოდ კარგ და ხარისხიან მუსიკას ვაკეთებთ. მითუმეტეს, ეს ჟანრი ძალიან პოპულარულია ევროპაში. წელსაც გვქონდა შანსი შვედეთში წავსულიყავით, უბრალოდ დისკების გაგზავნა დაგვიანდა. იმედია, მომავალ წელს მოვახერხებთ.

ტატო: წელს ჩვენი ჯგუფის პორტფოლიო გავაგზავნეთ ბენდების შეჯიბრებაზე – Battle of the Bands. ეს შეჯიბრი ა.შ.შ. – ში ტარდება. მონაწილეობას იღებს ათასობით ბენდი. ასეულში მოხვედრილი ჯგუფი კი ამერიკაში მიდის და ფესტივალში მონაწილეობს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით შედეგებს, ჩვენი ჯგუფი ლიდერობდა, ვიყავით 36-ე ადგილზე. ეს შედეგი კიდევ უფრო სასიხარულო იმის გამოა, რომ ჩვენი მუსიკა სხვა კონკურენტი ბენდების ფონზე, საკმაოდ ექსპერიმენტულია. თუმცა, შემდეგ გავაცნობიერეთ, რომ რვა კაცის ამერიკაში წასვლა ჩვენი ფინანსური შესაძლებლობებით არარეალური იყო. ამიტომ, აღარ გვიბრძოლია ადგილის შენარჩუნებისთვის. შედეგად, ვეღარც წავედით. იმედგაცრუების მიუხედავად, ამ შედეგმა დაგვარწმუნა იმაში, რომ GRAVITY-ს საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა დიდი მომავალი ჰქონდეს.

10423737_10201902221942863_8329285704589877133_n

კრიტიკული თვალით რომ შეხედოთ თქვენს შემოქმედებას, რა შენიშვნები და შეფასებები გექნებოდათ ჯგუფ GRAVITY – ს მიმართ?

ტატო: ჩვენი სიმღერის ტექსტები ინგლისურ ენაზეა, ამიტომ მომინდებოდა უფრო მეტი ქართული ტექსტი ყოფილიყო. ოღონდ, ეს ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა გაკეთდეს. ეს, რა თქმა უნდა, კრიტიკაა საკუთარი თავის მიმართ, რადგან ტექსტებს მე ვწერ. ინგლისურენოვანი სიმღერები გავრცელებულია ქართულ ბენდების შემოქმედებაში. თუმცა, რატომაც არა ქართულად?! ასე უფრო შეგიძლია შექმნა შენი სამყარო, ატმოსფერო. მინდა GRAVITY წინ წავიდეს იდეოლოგიური კუთხით. ასე უფრო მეტი წონაც ექნება ქართველ მსმენელში.  ეს რაც შეეხება ტექსტებს. კიდევ ერთი პრეტენზია მექნებოდა შემადგენლობასთან დაკავშირებით. ლაივებზე ოთხნი გამოვდივართ. ეს ცუდი არაა, თუმცა გაცილებით სხვა მუხტი აქვს მუსიკას, როცა მსმენელის წინაშე ბენდის მთლიანი შემადგენლობა – რვა კაცი დგას.

ნინუცა: ტატომ კრიტიკის თვალსაზრისით ამომწურავი პასუხი გაგცათ. რაც შეეხება ჩემს, როგორც მსმენელის შეფასება: ერთადერთხელ მოვახერხე ობიექტურად, თითქოს სხვისი მუსიკა იყო, ისე მომესმინა GRAVITY- სთვის. ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება – მართლა ძალიან მომეწონა.

დღესდღეობით, საქართველოში საკმაოდ ბევრი შემსრულებელია. რას სთავაზობთ მსმენელს განსხვავებულს? რატომ უნდა მოვიდნენ თქვენს ლაივზე?

ნინუცა: ძალიან იშვიათია ჯგუფი, სადაც არის ტრამპეტი, საქსაფონი, არ გადავაჭარბებ და ვიტყვი, რომ საქართველოში საუკეთესო ბასისტი გვყავს – ლაშა აბაშმაძე, ძალიან მაგარი გიტარისტი – ლევან შარაშიძე. ეს ხალხი თავის საქმეში პროფესიონალია და სწორედ ესაა ის , რაც განსაკუთრებულ მუხტს სძენს ჩვენს მუსიკას. რომელ ქართულ ბენდში ჰყავთ MC?! ტატო მართლა გამორჩეულია თავის საქმეში. ეს ყველაფერი ლაივზე ასმაგად იგრძნობა, ვიდრე ჩანაწერებში. არამუსიკოსის ყურიც კი მიხვდება, რომ სცენაზე პროფესიონალები დგანან.

ტატო: ჩანაწერებში იმის ნახევარიც კი არ ჩანს, რასაც ლაივზე ვაკეთებთ. ნინუცაზე აუცილებლად უნდა ვთქვა – ძალიან გაგვიმართლა, ასეთი ვოკალისტი რომ გვყავს. ის ვოკალურად ძალიან თავისუფლად მოაზროვნე მუსიკოსია. შეუძლია შეითავსოს ნებისმიერი მუსიკალური სტილი და, ამასთანავე, არ იყოს ყალბი და „ნასწავლი“.

1375154_535478109867499_857154866_n

ტექსტს მუსიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  როგორია თქვენი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ?

ტატო: ჩემი მიზანი მხოლოდ ის არაა, რომ ტექსტი კარგად ერგებოდეს მუსიკას. ყველას გვაქვს რაღაც სათქმელი, რის გადმოცემასაც ჩვენებურად ვცდილობთ. მუსიკა მაშინ უფასურდება, როცა სათქმელი იწურება. შეიძლება, ტექნიკურად ძალიან მაგრად იყოს შესრულებული,  კარგი ვოკალით და ინსტრუმენტალით, თუმცა, თუ სათქმელი არ არსებობს ასეთი მუსიკაც კი კარგავს ღირებულებას. ჩემი ტექსტებით ვცდილობ, ეს მუხტი არ აკლდეს მუსიკას. მგონი გამოგვდის.

 

ესაუბრნენ: თამო ჭინჭარაული/ნინო იმერლიშვილი

 

One Response

  1. G

    Dges dgeobit saqartveloshi sauketeso jgupi gravity aris. Guli mtkiva rom realurma xelovanebma rames rom miagwion aucileblad rame damamcirebeli konkursi unda gaiaron. Usminet Gravitys usminet namdvil musikas !!!

    Reply

Leave a Reply