დინა ოგანოვა: “როდესაც ფოტოში სულს ჩადებ, ის თავისით ალაპარაკდება პლანეტის ყველა ენაზე”

დინა ოგანოვა, იგივე  Dikarka  ახალგაზრდა, წარმატებული ქართველი ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებიც ერთნაირად იქცევს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ფოტომოყვარულებისა და  კრიტიკოსების ყურადღებას. დინა პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამსტერდამში გამართულ  World Press Photo-ს  ყოველწლიურ მასტერკლასში.  არის  ფოტოკონკურს “ქოლგას” ორგზის გამარჯვებული. დღეს დინა ერთდროულად რამდენიმე გრძელვადიან პროექტზე მუშაობს და   წარმატებით თანამშრომლობს მსხვილ საერთაშორისო გამოცემებთან. 

1226                                                                                                                                                                                                            (c) Lars Epstein

როდის და რატომ დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

არც კი ვიცი რით დავიწყო.  ალბათ, სულ პირველად 4, თუ 5 წლის ასაკში დავინტერესდი – მე და დედა ბორჯომში ვისვენებდით და ერთი ფოტოგრაფის სახლში ვცხოვრობდით (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს). მახსოვს, როგორ შევყავდი თავის ლაბორატორიაში, რომელშიც სულ მაინტერესებდა რა ხდებოდა (წითელი შუქი ყოველთვის მხვდებოდა თვალში) და მერე მთელი ეს მისტიკა, ფირების გამჟღავნების და ქაღალდზე გამოსახულების გამოჩენის, იყო რაღაც საოცრება. სულ მინდოდა,  მეც იგივე გამეკეთებინა. ამის უფლებას, რა თქმა უნდა, არავინ მაძლევდა.  ფოტოებს ზედმეტ ქაღალდს რომ აჭრიდა, იმას მაძლევდა. ამათაც უზომოდ ბედნიერი ვიყავი.

ახლა რომ ვიხსენებ,  მეცინება, მაგრამ მაშინ  ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, თითქმის მთელ დროს იქ ვატარებდი.  წამოსვლისას  მაჩუქა ჩემი პირველი კამერა – Zenit ET. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ფოტოგრაფი ვიქნებოდი. მერე რაღაცეები შეიცვალა,  კინო გადმოვიდა პირველ ადგილას. სკოლა რომ დავამთავრე, პეტერბურგში წავედი, რუსეთში უნდა მესწავლა სარეჟისოროზე.  მერე ისევ რაღაც შეიცვალა, ჩამოვედი საქართველოში და ფოტოგრაფია ისევ გაჩნდა ჩემს გულში. დღეს უზომოდ ბედნიერი ადამიანი ვარ – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკეთებ იმას, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს პლანეტაზე.

ფირის აპარატს ანიჭებთ უპირატესობას თუ ციფრულს?

ზოგადად, ფოტოგრაფს ვანიჭებ უპირატესობას და არა კამერას – ეს ხუმრობით. ისე, ორივეს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი “თვისებები”.
ჩემთვის ორივე  მისაღებია, მთავარია იცოდე რა გინდა, რისთვის იღებ, საბოლოო შედეგი რა გინდა რომ იყოს, ვინ იქნება „მნახველი“ და ა.შ.  როცა ყველა ამ კითხვაზე გაქვს პასუხი, მერე მარტივია არჩევანის გაკეთება.

ხშირად ვცვლი გადაღების ტექნიკას არა მხოლოდ იმიტომ, რომ  ექსპერიმენტები მომწონს, მიმაჩნია  რომ სხვადასხვა პროექტს სხვადასხვა  “რაღაცეები” უხდება ან რაიმე განსხვავებულს საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფირზე მუშაობა ძალიან მიყვარს, ბევრ “პრობლემასთან” არის დაკავშირებული. პირველ რიგში  – ფინანსურთან. ძალიან ძვირი ღირს ჯერ მისი ყიდვა, მერე  გამჟღავნება, დასკანირება, ბეჭდვა…
საერთოდ საქართველოში კარგი ფირი არც იშოვება და იძულებული ვარ,  გამოვიწერო, სადმე რომ მივემგზავრები ბევრი ვიყიდო, ან ვინმე რომ მიდი-მოდის დავაბარო,  წამომიღოს. ციფრული ამ რთული ეტაპებისგან  გავლას არ მოითხოვს – არ გეშინია, რომ 36 კადრი დამთავრდება და კამერას ვეღარ გამოიყენებ. ციფრული ფოტოაპარატი უფრო სწრაფიცაა, ანუ გადაიღებ და ეგრევე შეგიძლია ნახო გამოსახულება.  ფირს კი თავისი მისტიკა აქვს –  გაიძულებს, რომ იფიქრო გადაღების დროს, რადგან ყველა კადრს უფრთხილდები და სულ ფიქრობ იმ ერთზე, ამიტომაც რაღაც სისულელეებზე არ ხარჯავ.

1521427_877451918939996_5724019080222499764_n
რომელ ჟანრში იღებთ ფოტოებს? (პორტრეტები, დოკუმენტური ფოტოგრაფია, პეიზაჟი…)
დოკუმენტალისტი ვარ, შესაბამისად, ეგ ყველა “ჟანრს” მოიცავს ჩემთვის – პორტრეტიდან დაწყებული, პეიზაჟით და მოდით დამთავრებული.
ხშირად იღებთ პორტრეტებს. რის მიხედვით არჩევთ მოდელებს? რა შტრიხებს ანიჭებთ უპირატესობას გარეგნობაში?
არ ვიცი, რთულია სიტყვებით ჩამოვაყალიბო. ზოგადად მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი შეიძლება ძალიან საინტერესო პერსონაჟი აღმოჩნდეს, მთავარია ამის სწორად დანახვა და გადაღების მომენტში მისი შეყვარება, თუნდაც რამდენიმე წუთით. მაშინ აუცილებლად გამოვა კარგი პორტრეტი .

მე ხშირად ვიღებ ჩემს მეგობრებს, ადამიანებს, რომლებსაც კარგად ვიცნობ,  მაგრამ ხშირად ვიღებ ქუჩაში უბრალოდ ერთი დანახვით „შეყვარებულ“ ადამიანებსაც.
05 Rostom
როგორც ვიცით, ამსტერდამში, ძალიან სერიოზულ მასტერკლასში მიიღეთ მონაწილეობა, რომელზეც მთელი მსოფლიოდან სულ 12 ახალგაზრდა ფოტოგრაფი შეარჩიეს. მოგვიყევით ამ მასტერკლასზე. რა გავლენა მოახდინა თქვენი, როგორც ფოტოგრაფის ცხოვრებაზე?

World Press Photo-ის  ყოველწლიური მასტერკლასია, Joop Swart Masterclass და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის (30 წლამდე) ყველაზე მნიშვნელოვანი მასტერკლასია მთელ მსოფლიოში.

განაცხადს შენ თვითონ ვერ გააგზავნი, თუ ვინმე “გავლენიანმა”  არ გაგიწია რეკომენდაცია. მე ძალიან გამიმართლა, ადამიანს, რომელმაც გამიწია რეკომენდაცია, იმ დროს საერთოდ არც კი ვიცნობდი, უბრალოდ,  ჩემი ნამუშევრები ჰქონდა ნანახი ინტერნეტის საშუალებით. მომწერა, რომ რეკომენდაციას მიწევდა და განაცხადის ფორმა გამომიგზავნა. მერე დაიწყო ფორმალობები  – აპლიკაციების შევსება, პორტფოლიოს გაგზავნა,  პასუხის მოლოდინი…რთული მომენტია, იცი,  რომ მთელი მსოფლიოდან აგზავნიან და ყველა ოცნებობს იმ 12 რჩეულ ადამიანში მოხვედრას, რომელსაც  მერე ამსტერდამში წაიყვანენ სადაც მსოფლიო დონის პროფესიონალები ჩაგიტარებენ მასტერკლასს – დაწყებული ფოტოგრაფებიდან, დამთავრებული გალერეისტებით და წამყვანი გამოცემების რედაქტორებით. ამ ყველაფრის  საბოლოო “პროდუქტი”  იმ 12 ფოტოგრაფის წიგნია, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ( პერიოდი “გამარჯვებულების” გამოცხადებიდან  ამსტერდამში ჩასვლამდე) ერთსა და იმავე ისტორიაზე იღებენ. ჩემს წელს ისტორია იყო “Hope”.
ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ 22 წლის განმავლობაში ( რაც ეს მასტერკლასი არსებობს) საქართველოდან მე ვიყავი პირველი მონაწილე. ცხადია, ამან მერე ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს მომდევნო კარიერულ ზრდაში. უცებ მოვხვდი საერთოდ სხვა სამყაროში.

ზოგადად, ძალიან რთულია პროფესიული განვითარება, როდესაც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, როგორიც ჩვენია. აქ ფოტოგრაფიას პროფესიად არც კი  თვლიან და მხოლოდ ჰობად მიიჩნევენ. კიდევ კარგი არსებობს ინტერნეტი, რომელიც ყველანაირ დახურულ კარზე, რომელიც აქამდე მიუღწეველიც კი იყო, დაკაკუნების საშუალებას გაძლევს.

03 Keta

ვიცით ისიც, რომ  ჟურნალ New Yorker -თან თანამშრომლობთ. როგორ აღმოჩნდით იქ?
აქაც ინტერნეტმა ითამაშა დიდი როლი. ჩემი პროქტის – “მე – საქართველო”  ( I Am Georgia)  პუბლიკაცია ნახა  ერთ-ერთ პოლონურ, თუ ჩეხურ ჟურნალში, ზუსტად არ მახსოვს New Yorker-ის ფოტო-რედაქტორმა და  მომწერა მეილი.  როგორც ხდება  ხოლმე.  შემომთავაზა იმავე პროექტის გამოქვეყნება, რაზეც,  რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ასე დაიწყო თანამშრომლობა. ზოგადად არა მხოლოდ მათთან, ბევრ გამოცემასთან ვთანამშრომლობ. Freelancer – ი ვარ და ეს ძალიან მომწონს, ერთ ადგილს მიჯაჭვული არასდროს ვიქნები.

მუშაობთ ხელნაკეთ წიგნზეც. რას წაიკითხავს და ნახავს ამ წიგნში მკითხველი? 

ახლა ხელნაკეთი წიგნების ბუმია მთელ მსოფლიოში, მითუმეტეს – ფოტო წიგნების. საქართველოში ეს ჯერ ახალი ხილია. ჩემი წიგნი იქნება  პირველი ხელნაკეთი წიგნი და  მინდა ერთგვარი ბიძგი იყოს ჩვენთვის, ყველასთვის. აქაც დამკვიდრდეს ამის ტრადიცია. რაც შეეხება შინაარსს,  ეს  არის ფოტო პროექტი საქართველოს ახალ თაობაზე, ანუ იმ თაობაზე, რომელიც დაიბადა საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში (დაშლის წელს) და გაიზარდა დამოუკიდებელ საქართველოში. ამ პროექტს  2 წლის განმავლობაში ვიღებდი: თითო გმირის ორი პორტრეტია – ერთი ახლო პორტრეტი, მეორე საკუთარ ოთახში, საკუთარი ნივთების გარემოცვაში გადაღებული. ყველასთან ჩავწერე ინტერვიუ.  რაღაცეებს ვეკითხებოდი, ზოგი თავისით ჰყვებოდა და ეს ისტორიები,  ფოტოებითურთ გადაიქცა წიგნად, რომელიც შეზღუდული ტირაჟით იქნება –  სულ 87 ცალი. პრეზენტაცია  2015 წლის დასაწყისში ჯერ – კიევში, მერე კი თბილისში იქნება.

1512531_882981301720391_4812428337290307564_n

თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ფოტოგრაფს, რომ ის ამ სფეროში პროფესიონალად  ჩამოყალიბდეს?

ზოგადად მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ ნებისმიერ პროფესიაში, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანს უყვარდეს ის, რასაც აკეთებს. სხვა დანარჩენი დროის, შრომისა და გამოცდილების ამბავია.

როგორ შეაფასებთ საქართველოში ფოტოხელოვნების მდგომარეობას? შეუძლიათ ქართველ ახალგაზრდა ფოტოგრაფებს კონკურენცია გაუწიონ უცხოელ კოლეგებს?

როგორი რთული მდგომარეობაც გვაქვს, ისეთივე რთული შეკითხვაა  საქართველოში ძალიან მაღალი დონის ფოტოგრაფები გვყავს, მაგალითად: გოგი ცაგარელი და შახ აივაზოვი ქართული ფოტოჟურნალისტიკის ცოცხალი ლეგენდები არიან. იურა მეჩითოვმა და  წიბახამ   ცალკე ერა შექმნეს. ნათელა გრიგალაშვილისათვის სოფლის თემატიკა ძალიან ახლოს არის,  ამიტომ გრძნობს ასე კარგად მას. ლევან ხერხეულიძის პორტრეტები, დათა მძინარიშვილის თანამედროვე ქართული ფოტო ჟურნალისტიკა… და კიდევ ბევრნი, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს…  ახალი თაობაც, რა თქმა უნდა. ზოგადად ფოტოგრაფია ძალიან მოდურად და პოპულარულად იქცა ბოლო წლების განმავლობაში. კარგი თაობა მოდის, რომელიც ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ რისი თქმა და ჩვენება სურს, ასე რომ, შეუძლებელი არაფერია… ჯანსაღი კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც სტიმულისათვის. მთავარია მონდომება.

თუ რაღაც ძალიან გულით გინდა, არ მჯერა, რომ  არ გამოვა!  და რა თქმა უნდა, შრომა  – ამის მერე ყველაფერი აუცილებლად გამოიღებს   შედეგს.
მთავარია  „გულწრფელი“ იყო.   კარგად ნასწავლი ტექნიკა, სერტიფიკატი, ან კომპოზიციის აწყობაში მიღებული “ხუთიანი” დიდს არაფერს ნიშნავს.

როდესაც  ფოტოში სულს ჩადებ, ის თავისით ალაპარაკდება პლანეტის ყველა ენაზე.

1070087_631108140241043_1031939285_n
რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამ ეტაპზე გადართული ვარ წიგნზე. რადგან ყველაფერს მე ვაკეთებ  და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წერას უზომოდ დიდი დრო მიაქვს.პარალელურად ვმუშაობ პროექტზე, რომელიც ჩემს ოჯახზეა.

ასევე, მალე დავასრულებ უკრაინის პროექტს, რომელსაც 2009 წლიდან ვიღებ.

მოქმედი პროექტია „უხილავი ოცნებები“ ( Invisible Dreams), რომელიც ჩემს ბავშვობაზე და ზაფხულში, აჭარის ზღვისპირეთში პლაჟსა თუ ბუნგალოში მომუშავე ბავშვებზეა.

ზოგადად, ყველა ჩემი სამომავლო გეგმა საქართველოს უკავშირდება. ეს არის ის ქვეყანა, რომელიც უზომოდ მიყვარს და სადაც ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს უბრალო ადამიანებთან ურთიერთობისას თუ გადაღებისას.

ესაუბრნენ: თამო ჭინჭარაული / ნინო იმერლიშვილი

 

10479876_869494263069095_2037433550044289659_o01 Megi 02 Andro  04 Mariam  06 Ana-Nino 07 Davit-Mikheil

Leave a Reply