დღეს არსებული მდგომარეობით, ნარკომანია საქართველოში ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა.  დიდი ხანია, საზოგადოების განსჯის საგანია ნარკომომხმარებლის სტატუსი – დამნაშავე თუ დაავადებული?! ასეთ დროს, განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს  დამოკიდებულება  საკითხისადმი და ის დამსჯელობითი, თუ პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ტარდება.

საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ -ს იურისტმა გურამ იმნაძემ.

10743026_950965171597771_1922464585_o

როგორ შეაფასებდი საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას?

ცალსახად უარყოფითად. ეს შეფასება ეხება როგორც კანონმდებლობას, ასევე არსებულ პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავს აქვს უფლება გამოიყენოს როგორც მკაცრი, ასევე ნაკლებად მკაცრი ღონისძიება, ის, უმეტეს შემთხვევაში, მკაცრ ზომებს მიმართავს. რაც შეეხება მკურნალობასა და დასჯას შორის არსებულ ბალანსს,  დარღვეულია. არსებობს გარკვეული სახის სარეაბილიტაციო პროგრამები, თუმცა, იმასთან ერთად, რომ არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი მათთვის, მკურნალობის მეთოდებიც ნაკლებად ეფექტურია. რაც შეეხება დასჯას, ამ მხრივ ყველაფერი „ზედმეტად კარგადაც“ კია. გასაღების მიზნით ნარკოტიკის ფლობისთვის თავისუფლების აღკვეთა გამართლებულია, მაგრამ სრულიად გაუგებარია მისი მოხმარებისათვის ამ სახის ღონისძიების გამოყენება.

კონკრეტულად რა სახის სასჯელია განკუთვნილი ნარკოდანაშაულისათვის?

გარდა კლასიკური სასჯელებისა, რომელიც მოიცავს თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას და ა.შ,  ნარკოდანაშაულისათვის კანონი ითვალისწინებს დამატებითი სახის შეზღუდვებსაც. ეს შეზღუდვები სისხლის სამართლის კოდექსით არ არის გათვალისწინებული, მას არეგულირებს ცალკე კანონი და მოიცავს მართვის მოწმობის ჩამორთმევას, სხვადასხვა საქმიანობის შეზღუდვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა  სამედიცინო, საადვოკატო, საგანმანათლებლო და სხვა. სავსებით ლეგიტიმურია ისეთი შეზღუდვები, რომელიც ვრცელდება, მაგალითად, იარაღის ტარების უფლებაზე, მაგრამ არსებობს პუნქტები, რომლებიც სრულიად გაუმართლებელია.

რა განსხვავებაა ნარკოტიკების ფლობასა და მოხმარებაზე არსებულ სასჯელებს შორის?

ფლობაზე გაცილებით დიდი სანქციებია, ვიდრე მოხმარებაზე, რაც ლეგიტიმურია, რამდენადაც, ფლობას შესაძლოა ჰქონდეს მიზანი – გასაღება. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ძალიან რთულია განსაზღვრო, როდის ფლობს პიროვნება ნარკოტიკებს პირადი მოხმარების მიზნით, და როდის – გასაღების.

ხშირია გონივრული ეჭვის საფუძველზე იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმებები. როგორი შეაფასებდი  ამ საკითხს?

ამ ეტაპზე ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. თვითონ კანონიც საკმაოდ ბუნდოვანია და ვერ არეგულირებს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამართალდამცავებისა და მოქალაქეების უფლება-მოვალეობებს. მაგალითად, კანონით არაა განსაზღვრული რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე – არ ვიცით, არის  თუ არა უარი იმის საფუძველი, რომ ავტომატურად გამოიწეროს დადებითი დასკვნა ნარკომოხმარებაზე. იყო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები, რომ შემოწმებაზე უარის თქმის საფუძველზე ავტომატურად იწერებოდა დადებითი დასკვნა. ისიც არაა კანონით გაწერილი, შეუძლია თუ არა სამართალდამცავს, გამოიყენოს იძულებითი ღონისძიება ასეთი უარის შემთხვევაში.  რაც შეეხება „გონივრულ ეჭვს“ – ეს ტერმინი შეიცვალა ახლით – „საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის“, რომელიც ჩაიწერა პოლიციის შესახებ  კანონში. მის განმარტება ასეთია –  გარემოება, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ ადამიანს ევარაუდა, რომ პირი არის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ. ახალი ტერმინი ძველ ტერმინთან შედარებით ნაკლებად ბუნდოვანია, თუმცა მას პრაქტიკაში ხშირად არასწორად განმარტავენ.

რითია გამოწვეული საქართველოში ნარკოდანაშაულის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?

დავიწყებ იმით, რომ დღესდღეობით ჩვენ წამალდამოკიდებული ადამიანების ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, თუმცა , ნარკოდანაშაულის ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ეს დანაშაული მოწინავეა ჩვენს ქვეყანაში. აღნიშნული გარემოება გამოწვეულია, ისევ და ისევ, სახელმწიფოს არასწორი ნარკოპოლიტიკით – ის ორიენტირებულია დასჯაზე და არა მკურნალობაზე.  ფაქტი, რომ წამალდამოკიდებულ ადამიანებს არ აქვთ შეთავაზებული ეფექტური სარეაბილიტაციო პროგრამები, განაპირობებს იმას, რომ არ იკლებს ნარკოტიკების მოხმარების დინამიკა.

ხელისუფლების განმარტებით, სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაძლებელია თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ თანხების სრულად გამოყოფა?

რა თქმა უნდა, ამ პროგრამების შექმნა საკმაოდ ძვირია, თუმცა, ეს არგუმენტი არ ამართლებს მსგავსი ცენტრების არქონას. 2013 წლის მონაცემებით, სახელმწიფოს ერთი პატიმრის შენახვა დღეში დაახლოებით 34 ლარი უჯდება. ეს თანხა რომ თვეებზე გავიანგარიშოთ საკმაოდ დიდ რიცხვს მივიღებთ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თუ აღარ იქნებიან ნარკომომხმარებლები, შესაბამისად, დაიზოგება ეს თანხებიც. ასევე საკმაოდ დიდია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დახარჯული ფინანსური რესურსები, რომელიც 2013 წელს დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენდა, მისი სიხშირიდან გამომდინარე. რაც შეეხება ნარკომოხმარების ფაქტის საფუძველზე გადახდილ ჯარიმებს – ეს ამ თანხების მოძიების კიდევ ერთი წყაროა. ფული გადადის სახელმწიფო საერთო ბიუჯეტში. იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ცალკე ფონდი, სადაც ამ გადახდილი ჯარიმების ნაწილი მაინც გადავა და მოხმარდება  წამალდამოკიდებულთა რეაბილიტაციას, ეს საკმაოდ გონივრული იქნება.

ძალიან აქტუალური თემაა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. თუმცა, ხშირად, ლეგალიზება და დეკრიმინალიზაცია ერევათ. როგორ განგვიმარტავ ამ ორ იურიდიულ ტერმინს შორის განსხვავებას?

გარდა კითხვაში არსებული ორი ტერმინისა, არსებობს კიდევ ერთი – ლიბერალიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ნარკომოხმარება შესაძლოა იქნას სისხლის სამართლის წესით დასჯადი, თუმცა, სანქციები უფრო ლიბერალური იყოს. მაგალითად, არ იყოს თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება დეკრიმიალიზაციას, ეს გულისხმობს რომ ნარკოტიკების მოხმარება არ ჩაითვლება კრიმინალად და მასზე მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმები გავრცელდება. ლეგალიზება კი, გულისხმობს ნარკოტიკების თავისუფალი საბაზრო ურთიერთობის ობიექტად ქცევას, რომელზეც არ გავრცელდება სპეციალური სახის სახელმწიფო კონტროლი.

 

რატომ ითხოვენ მასიურად მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, და რატომ არ ვრცელდება ეს მოთხოვნა სხვა ნარკოტიკებზე?

საზოგადოების ეს დამოკიდებულება იმითაა გამოწვეული, რომ  მარიხუანა მსუბუქ ნარკოტიკად მიიჩნევა, იწვევს ნაკლებ დამოკიდებულებას და ნაკლებად მავნებელია, ვიდრე სხვა ნარკოტიკები. თუმცა, ჩემი აზრით, მარიხუანა სხვა ნარკოტიკებისგან დამოუკიდებელ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. თუ ვემხრობით იმ აზრს, რომ ნარკომომხმარებელი დამნაშავე კი არა, უბრალოდ წამალდამოკიდებულია და ესაჭიროება რეაბილიტაცია, მაშინ ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია მარტო მარიხუანაზე კი არა, სხვა ნარკოტიკებზეც უნდა გავრცელდეს. ვფიქრობ, ზოგადად ნარკოპოლიტიკაა შესაცვლელი საქართველოში და არა, დამოკიდებულება რომელიმე კონკრეტული სახის ნარკოტიკის მიმართ. ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, მიუღებელია მოხმარება იყოს სისხლის სამართლებლივად დასჯადი – ის  უნდა ისჯებოდეს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით და ამ პრობლემის აღმოფხვრაში აქტიური როლი ჰქონდეს სარეაბილიტაციო პროგრამებს.

ახსენე  რომ წამალდამოკიდებული არაა დამნაშავე. როგორია ზოგადად მსოფლიოში ამ საკითხისადმი მიდგომა?

წლების წინ დასავლეთში ნარკომანია დანაშაულად მიიჩნეოდა, თუმცა, ნელ-ნელა გლობალური ღირებულებები იცვლება და „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც“ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეს არ არის დანაშაული და არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ამ აზრს მხოლოდ თეორიულად ეთანხმებიან და  არ არის გათვალისწინებული კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. ქვეყნებმა, რომლებმაც არჩიეს ამ პრობლემას გამკლავებოდნენ არა სადამსჯელო ღონისძიებებით, არამედ მხოლოდ მკურნალობით, უკეთეს შედეგს მიაღწიეს.

ესაუბრნენ: თამო ჭინჭარაული/ნინო იმერლიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply