თუ ერთ დღესაც გაიღვიძე და მიხვდი, რომ ყველა საგანმა თავისი მნიშვნელობა და სხვა საგნებთან კავშირი დაივიწყა, თუ საწოლიდან ადგომაც კი გერთულება, თუ მეგობრების რაოდენობა იმდენად გეცოტავა, რომ სულ ორი ადამიანი გაიხსენე, ერთი ცუდი და ერთიც კარგი, თუ საბედნიეროდ, უფროსი ძმა ნორვეგიიდან ნიუ-იორკში გაფრინდა და საშუალება მოგცა, მასთან სახლში მარტო იცხოვრო და გადააფასო საკუთარი არსებობის მნიშვნელობა, მაშინ შენ „ნაივური.სუპერის“ მთავარი გმირი ხარ, რომელმაც 25 წლის ასაკში უამრავი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და თავადვე გადაიქცა კითხვის ნიშნად.

0ed23e14454c3b07b23880d983777d36

ერლენდ ლუმ კი საშუალება მოგვცა, საკუთარი თავისთვის გვერდიდან შეგვეხედა და გვეფიქრა, გვაქვს თუ არა ამ კითხვებზე პასუხები?!

  1. არსებობს თუ არა დრო?
  2. გაშინებთ თუ არა კოსმოსის სიდიდე?
  3. გქონიათ თუ არა ოდესმე შეგრძნება იმის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ უაზრობაა, რადგან ხუთ მილიარდ წელში მზე გადაიწვება?
  4. მოგწონთ თუ არა ბურთის კედელზე სროლა და მისი კვლავ დაჭერა?
  5. დღეს რომ აინშტაინი ცოცხალი იყოს, თქვენი აზრით, იქნებოდა თუ არა იგი თქვენი მეგობარი?
  6. როგორ არის შესაძლებელი, რომ წარსული, აწმყო და მომავალი გვერდიგვერდ არსებობენ?
  7. გინატრიათ, რომ ყველაფერი რაც იცით, აღარ გცოდნოდათ, მშვიდად გერბინათ სანაპიროზე და არაფრისთვის მიგექციათ ყურადღება?
  8. ფიქრობთ, რომ „დიდი აფეთქება“ შემთხვევითობა იყო?
  9. არავის უთხოვია დაბადება. დედამიწის ზომა და კომპლექსურობა თავისუფლების შეგრძნებას და პასუხისმგებლობის სიმცირეს იწვევს. ნაცნობია ეს შეგრძნება?
  10. ფიქრობთ, რომ ადამიანს ტვინს შეუძლია განუსაზღვრელი რაოდენობის ფიქრი წარმოშვას?
  11. თქვენც არ მოგწონთ რეკლამები, სადაც ანიმაციური ხილია, მოცეკვავე ბისკვიტები კი ყველში ხტებიან?
  12. ზოგჯერ სასაცილოა არა? რიცხვები რომელთანაც გამკლავებს ცდილობთ, საკმაოდ დიდია?!

 

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ამქვეყნად არაფერი აღგაფრთოვანებს, არაფერის კეთება აღარ გსიამოვნებს, სწორედ ამისთვის, უნდა აიღო ფურცელი, გაიხსენო და ჩამოწერო ყველაფერი, რაც ერთ დროს, ბავშვობაში გახარებდა და გსიამოვნებდა. სია შეიძლება საკმაოდ დიდი აღმოჩნდეს, გადაკითხვის დროს ღიმილი მოგგვაროს და სასიამოვნოდ გაოცდე, რომ ბევრი მათგანს უნარი აქვს ისევ გაგაბედნიეროს.

სწორედ მსგავსი ხრიკებით ცდილობს მთავარი გმირი საკუთარი თავის გადარჩენას და კიდევ – Alanis Morissette-ის Ironic-ის ყურების დროს აღმოაჩენს, რომ მძღოლის გვერდით მჯდომი გოგო, განსაკუთრებულად მშვენიერია და სიამოვნებით იყოლიებდა მის მსგავს შეყვარებულს.

წიგნში ყველა მოვლენა ისე ვითარდება, თითქოს ვიღაც ხატავს თითოეულ პროცესს. წარმოიდგინეთ ბიჭი, რომელიც ველოსიპედს ატარებს, ერთხელაც სახლიდან გამოვა და მარტო გადაწყვეტს ცხოვრებას, გაიცნობს პატარა ბიჭს, რომელსაც ასევე ჰყავს ველოსიპედი, ნელ-ნელა ფურცელი ფერადდება, მარცხენა კუთხეში მზეც გამოვიდა, ალანის მორისეტის მსგავსი გოგონაც ჩაუვარდება გულში  – „რა უცნაურები არიან ეს გოგოები! მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია“.

ფურცელზე სრულიად „შემთხვევით“ ჩნდებიან ცათამბჯენები, „Times Square” და მთავარი გმირი ნიუ-იორკშია! თუმცა, ამ უზარმაზარ შენობებში ბიჭი არ იკარგება, პირიქით, ის ყველაზე მკვეთრად ჩანს აქ, ძაღლთან ერთად სეირნობს ქალაქის უცნობ ქუჩებში და ის ასეთი მკვეთრი და ფერადი არასდროს ყოფილა.

„ყოველ ჩვენგანს უდგას ხოლმე მძიმე წუთები, დღეები, როცა უაზრობის შეგრძნება უჩუმრად გვეპარება და ცინიკურობასა და ირონიაში გვძირავს, როცა ვკარგავთ სიყვარულისა და იმის რწმენას, რომ ბოლოს ყველაფერი კარგად იქნება. ასეთ წუთებში წყალობასავით მოგვევლინება პატარა ბიჭუნას წვრილი, მთრთოლვარე ხმა, მხიარულ სიმრერას რომ გვიმღერის“ – გიფიქრიათ ასეთ სატელეფონო მომსახურებაზე?!”

ნაივურ სტილში დაწერილი, უმარტივესი ჭეშმარიტებებით ერლენდ ლუ შეგვახსენებს, რომ ყველა კითხვის ნიშანი შესაძლებელია სასურველ ძახილის ნიშნად გადაიქცეს, თუ საკუთარ თავში რწმენას იპოვი.

ჩამოწერეთ და ხშირად გადაიკითხეთ საგნები, შემთხვევები, ადამიანები, რომლებიც თქვენ ცხოვრებას აფერადებენ, ისეირნეთ ველოსიპედით, დაუმეგობრდით პატარებს, იქნებ საყვარელი მუსიკის კლიპში თქვენი მეორენახევრის პროტოპტიპიც აღმოაჩინოთ და იქნებ სულაც ცხოვრებამ ნიუ-იორკში „გადაგხატოთ“.

10409028_10205212900871628_7327791537488105493_n

Leave a Reply