ბავშვების ქორწინება უამრავ ქვეყანაში მიღებული ტრადიციაა. ეს განსაკუთრებით მოზარდ გოგონებს ეხება, თუმცა, რეალობა გაცილებით მძიმეა მაშინ, როცა 13 წელს მიუღწეველ ბავშვებს ათხოვებენ მათზე 30 და 40 წლით უფროს კაცებზე. მსოფლიო დღეს უკვე თამამად საუბრობს იმაზე, რომ ეს არის დანაშაული და მას 21- ე საუკუნის მონობის ფორმადაც კი მოიხსენიებენ. მიუხედავად ამისა, განვითარებად ერებში მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურად ხდება.

UNICEF-მა 2014 წელს, გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, მსოფლიოში 700 მილიონი მოზარდის  ქორწინება დაფიქსირდა, რომელთაგან 250 მილიონზე მეტი 15 წელსაც არ იყო მიღწეული.  ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს ქორწინებები უმეტესად არის იძულებითი –  რელიგიური, ტრადიციული თუ სოციალური ნორმებით გამოწვეული „საჭიროება“. უნდა შეფასდეს, თუ არა არსებული პრობლემა, როგორც დანაშაული, სოციალური განუვითარებლობა და ანომალია – ამაზე ცალსახა პასუხს მივიღებთ, თუ გადავხედავთ ნაადრევად გათხოვებული ბავშვების სიკვდილიანობის მაჩვენებელს. არათუ 15 წლამდე, არამედ 18 წლამდე  მოზარდი გოგონებიც, როგორც წესი, ქორწინებისათვის არც ფიზიოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არიან.  შედეგად ხშირია ფატალური შემთხვევები ნაადრევი ორსულობისას და რაც ყველაზე საგანგაშოა, არანაკლებ იშვიათია სუიციდის ფაქტები.

საკითხზე მსჯელობისას ხშირად ისმის კითხვები, თუ რა ფაქტორები იწვევს ნაადრევ ქორწინებას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევებს, როცა მშობლები არჩევანს არ უტოვებენ საკუთარ შვილებს და ძალით ათხოვებენ მათ, თუ კი შესაძლებელია საერთოდ არჩევანზე ვილაპარაკოთ, როცა საქმე 9 წლის და ზოგ შემთხვევაში, უფრო ნაკლები ასაკის ბავშვს ეხება. სხვადასხვა კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ოთხი ძირითადი ფაქტორი: ტრადიცია ( რომელიც აერთიანებს სოციალურ და რელიგიურ ნორმებს), გენდერული ფაქტორი, სიღარიბე და ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საფრთხე.

ტრადიცია

ტრადიციული ნორმებით გამოწვეული ქორწინება გავრცელებული პრაქტიკაა მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოში. განსაკუთრებით, ისეთ ერებში, სადაც ნაკლებია განათლების, განსაკუთრებით კი –  სამართლებრივი განათლების დონე; სადაც რელიგიური და ტრადიციული ნორმებით რეგულირდება საზოგადოებრივი ცხოვრება. ასეთ ქვეყნებში ეს ჩვეულება უამრავ თაობას ითვლის და, სამწუხაროდ, პროგრესი ჯერ არ შეიმჩნევა. ხშირად გვესმის, რომ მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული შეხედულებისა, ცალკეული ინდივიდი ტრადიციის ძლიერ ბარიერს ვერ დაძლევს. ამის საწინააღმდეგოდ კარგი იქნება გავიხსენოთ ნელსონ მანდელას ცოლის  სიტყვები - “ტრადიციები შექმნილია ხალხის მიერ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ისინი.”

 

მასკულინური გარემო და გენდერული ფაქტორი

უამრავ სახელმწიფოში მამრობითი სქესი გაცილებით დაფასებულია, ვიდრე მდედრობითი. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, უამრავ თემში ქალი ოჯახისათვის აღიქმება, როგორც ტვირთი. სწორედ ამის გამო, მშობლები ცდილობენ, რაც შეიძლება მალე გაათხოვონ საკუთარი ქალიშვილი და გათავისუფლდნენ ე.წ “ზედმეტი ხარჯისგან”. კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსავალია შეიცვალოს დამოკიდებულება ქალისა და მისი შესაძლებლობებისადმი.

სიღარიბე

ქვეყნებში, სადაც ეკონომიკურად არასტაბილური გარემოა და მოსახლეობას ისეთ მძიმე გარემოში უწევს ცხოვრება, სადაც საკვების პრობლემაც კი დგას, ქალიშვილის ნაადრევი გათხოვება ოჯახისათვის ოპტიმალური გზაა ხარჯების შესამცირებლად.

მომეტებული საფრთხე

უამრავი მშობელი მცირეწლოვან ქალიშვილს ათხოვებს, რადგან დაიცვას ისინი. მსგავს შემთხვევებთან გვაქვს საქმე ისეთ რეგიონებში, სადაც მომეტებულია ტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საფრთხე.

 

ბავშვებში გავრცელებულ ქორწინების პრობლემა კარგად არის ნაჩვენები ამერიკელი ფოტოჟურნალისტის სტეფანი სინქლეირის პროექტებში. მან  იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა რეგიონში, სადაც ეცნობოდა იმ მოზარდი გოგონების ცხოვრებას, რომლებსაც ნაადრევად მოუწიათ გამხდარიყვნენ ცოლები და დედები.

არაკელი, 15 წლის. ის თერთმეტის იყო, როცა თავისზე 21 წლით უფროს კაცს გააყოლეს ცოლად. ახლა არაკელი მარტოხელა დედაა – ‘ორსულობის პერიოდში ჩემი ქმარი ფულს არ მაძლევდა. ის შვილის სანახავადაც არ მოსულა, რომელიც ახლა უკვე ერთი წლისაა. მეგონა უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა.’

 

კარმენი 14 წლის გათხოვდა. მისი მეუღლე 23 წლისაა. კარმენი ახლა ორსულადაა და ცხოვრობს ქმრის მშობლებთან ერთად – ‘სანამ გავთხოვდებოდი სკოლაში ვსწავლობდი. ახლა ქათმებს ვზრდი, რომ ჩემი მომავალი შვილი გამოვკვებო. მოწყენილი ვარ, რადგან არ მინდოდა ორსულობა. უბრალოდ მოწყენილი ვარ, არ ვიცი რატომ…’

 

9 თვის ორსული სულმი, 14 წლის – “ჩემი ოჯახის წევრები სევდიანები იყვნენ როცა ვთხოვდებოდი.ისინი მეუბნებოდნენ, რომ პატარა ვიყავი იმისათვის, რომ სხვაზე მეზრუნა. მეც ცოტა მოწყენილი ვიყავი, რადგან ასე ადრე არ მინდოდა გათხოვება. თუმცა, ქორწილი მაინც კარგია, ასეთ დროს გაქვს შესაძლებლობა გეცვას თეთრი ლამაზი კაბა”

14 წლის საიდა, 1 თვის შვილთან ერთად – “დედობა ძალიან მძიმეა. როცა ჩვილი ბავშვები ავად ხდებია, მიზეზი არასდროს იცი. ასეთ დროს ვერ ვხვდები რა გავაკეთო, ეს ალბათ ჩემი ასაკის ბრალია. ძალიან ცოტა მძინავს. ბევრს არ ტირის, თუმცა, უნდა, რომ სულ ხელში მეჭიროს.”

16 წლის საიდი, 9 თვის ორსული. 15 წლის იყო, როცა გათხოვდა, ახლა ცხოვრობს ქმრის ოჯახთან ერთად – “რამდენიმე თვის წინ, ჩემი ქმარი სამუშაოდ გაემგზავრა. მას შემდეგ მისგან არაფერი მსმენია.”

სოილა, 15 წლის. თავის ახალშობილ ჩვილთან ერთად – “14 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ჩემი ქმარი 21 წლისაა. ახლახანს გოგო გავაჩინე. მინდა მას ყველაფერი მივცე, მინდა განათლება მიიღოს.”

14 წლის მოზარდი გოგონას ახალშობილი სამშობიაროს ინტენსიურ განყოფილებაში.

 

აღნიშნული პროექტის გარდა, სტეფანიე აქტიურად თანამშრომლობს National Geographic-თან. ის არის ასევე პროექტის  www.tooyoungtowed.org- ის იდეის ავტორი.

 

Leave a Reply