ამ სამყაროში ბევრი რამაა აღმაფრთოვანებელი. ბევრიც სევდის მომგვრელი. ბევრი ნივთი, ჟესტი, შენობა, თაღი, ჩიხი, ქუჩა, თუ მთლიანად ქალაქი მშვიდი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით შემოდის მისი პირველად მნახველის გულსა და გონებაში და სამუდამოდ იქ იდებს ბინას. ასეთი ქალაქია ბუდაპეშტიც. მშვიდი, უხმაურო, უპრეტენზიო.  არ ცდილობს მნახველს თავს მოახვიოს თავისი მშვიდი დიდებულება. არის თავისთვის, თუმცა მისადმი ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს.

ბუდაპეშტი კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული ქალაქია. აქ სასურველ ადგილს ნებისმიერი გემოვნების პატრონი იპოვის. გარდა საინტერესო არქიტექტურისა შეხვდებით ულამაზეს პარკებს, ღია აბანოებს, უძველეს და ულამაზეს მეტროს სადგურებს, ძველებურ ტრამვაის, ღია და დახურულ მუზეუმებს და ა.შ.

ამჯერად დუნაის ბულვარზე დადგმულ ძეგლ-ინსტალაციაზე მოგითხრობთ.

shoes1shoes4 shoes3

უნგრეთის პარლამენტის შენობიდან არც ისე შორს, დუნაის ნაპირზე, ბულვარის კიდეზე, ვიღაცას 60 წყვილი ფეხსაცმელი ჩაუმწკრივებია. ზუსტად ისეთები, როგორსაც 40-იან წლებში ხმარობდნენ. ზოგი მათგანი მამაკაცებს ეკუთვნით, ზოგიერთი – ქალებს. ბავშვების ფეხსაცმელებსაც წააწყდებით. მათი ყურებისას ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თითქოს ისინი ეს ესაა პატრონებს მიუტოვებიათ და წყალში შეუცურავთო. თუ მათ ახლოდან დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ რკინისაგან დამზადებულ ფეხსაცმელებს უკვე ჟანგი შეჰპარვიათ. ეს მემორიალი იმ გარდაცვლილ ებრაელებს ეძღვნებათ, რომლებიც 1944-1945 წლებში უნგრეთის ისრების ჯვრის პარტიის წევრებმა დახოცეს დუნაის ნაპირებთან. მემორიალის იდეა, წარმოეჩინათ ეს შემზარავი ფაქტი მსგავსი კონცეპტალური გამოხატულებით, რეჟისორ კენ ტოგაის (Can Togay) ეკუთვნოდა, მისი განხორციელება კი მან სკულპტორ გიულა პაერთან (Gyula Pauer) ერთად  შეძლო. მემორიალი უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში, პეშტის მხარეს 2005 წელს დაიდგა.  მემორიალს წარწერა სამ სხვადასხვა ენაზე აქვს: ინგლისურად, უნგრულად და ებრაულად.

Memory-Text-shoesthe_hungarian_arrow_cross__several_resolutions__by_jpviktorjokinen-d5qiigp

ეს წლები უნგრეთის ისტორიაში ტერორის წლებად ითვლება. პერიოდი, როცა გერმანელებმა გადააყენეს ადგილობრივი მთავრობა და თავიანთ წარმომადგენლად ფერენც სალოში (Ferenc  Szálasi)და მისი მოხალისე ანტისემიტი პარტია დააყენა ქვეყნის სათავეში. ამ პერიოდს უკავშირდება ებრაელების სახალხო ჩაგვრა, ხოცვა-ჟლეტა და დამცირება. ხშირად გარდაცვლილი ებრაელების გვამებს დუნაის ატანდნენ, ან პირდაპირ მის ნაპირას ხოცავდნენ. ეს მოსახერხებელი იყო მათთვის, რადგან გარდაცვლილებზე თავად მდინარე ზრუნავდა. იმის გამო, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფეხსაცმელი ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, ხშირად მდინარის და სიკვდილის პირას მდგარ ხალხს აიძულებდნენ ფეხზე გაეხადათ, რომ მდინარეს მათი გვამები ფეხსაცმელებიანად არ მიეტაცა. მოგვიანებით მკვლელები მათ შავ ბაზარზე ყიდნენ.
 
ამ მემორიალის ფეხსაცმელებზე იშვითად თუ წააწყდებით მათზე დაბნეულ თასმებს. ესეც სიმბოლურია, რადგან ფაშისტები ფეხსაცმლის თასმებით ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანებს ერთმანეთზე აბამდნენ და საშინელი წამებით ხოცავდნენ მათ. საბედნიეროდ მდინარე იმდენად გაყინული იყო, რომ  მასში ჩავარდნილი ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, სიცივისაგან მალე იღუპებოდნენ. ამ წლებში დუნაის “ებრაელთა სასაფლაოს” ეძახდნენ. მემორიალი ჩაგვრას შემთხვევით გადარჩენილმა ქალბატონმა, შუშანა ოჟვათმა გახსნა (Zsuzsanna Ozsváth). 
 
ორი ხელოვანის მიერ შექმნილმა შთამბეჭდავმა სკულპტურამ არა მხოლოდ ჰარმონიული კავშირი დაამყარა 70 წლის წინ მომხდარ საზარელ ისტორიასთან, არამედ თავისი ფორმით მან გასაგები და აღქმადი გახადა ის თანამედროვე ადამიანისთვისაც. გვერდზე მოქცეული ქუსლებითა და მოცვეთილი ცხვირით, უთასმო პატარა ფეხსაცმელებით თითქოს მიტოვებული ცოცხალი არსებები არიან სანაპიროზე ეულად ჩამწკრივებული წყვილები. ისინი ტოვებენ განცდას, რომ მათ პატრონებს ისევე სტკიოდათ, უხაროდათ, ისევე შეეძლოთ სიცილი და ტირილი, როგორც ჩვენ დღეს . მათაც შეეძლოთ დიდხანს, ან ხანმოკლედ ეცხოვრათ, თავიანთი დღეები სიღარიბეში, ან სიმდიდრეში გაეტარებინათ. უბრალოდ მათ ამის საშუალება არ მიეცათ.  
 
shoes-on-the-danube-promenade
 
მემორიალის თითოეულ ნამუშევარს ეტყობა, რომ მასზე სკულპტორმა ინდივიდუალურად იფიქრა. ყოველი წყვილი თითქოს განსაკუთრებული , ორიგინალური ხასიათის მატარებელია. ავტორი თითქოს ფეხსაცმლის სტილით გარდაცვლილი ადამიანების ხასიათის გამოცნობას ცდილობდა. მემორიალის სანახავად მოსული ხალხი ხშირად ფეხსაცმელებთან სანთლებს ანთებენ, პატივის მისაგებად ყვავილებს ტოვებენ. 
 
 
about-shoes-on-the-danube6_574_383
 
 
 

 წყარო:

http://www.yadvashem.org/odot_pdf/Microsoft%20Word%20-%205756.pdf

http://www.yadvashem.org/yv/en/education/newsletter/31/shoes.asp

Leave a Reply