“ეს ადამიანი ყველას გარდაცვლილი ეგონა.” – ასე იწყება ცნობილი ამერიკელი მწერლის პოლ ოსტერის  “ილუზიების წიგნი”, რომელიც მუნჯი კინოს ვარსკვლავის ჰექტორ მანის შესახებ მოგვითხრობს.

დევიდ ზიმერი, რომელსაც ოჯახი ავიაკატასტროფაში დაეღუპა, ღრმა დეპრესიაში. თავისი ცხოვრების ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში ნახულობს შავ-თეთრ ფილმს, რომლის მთავარი გმირი მას ღიმილს ჰგვრის და ცხოვრების ხალისს უბრუნებს. ამ მომენტიდან პროფესორი მუნჯი კინოს მსახიობის შესახებ ცნობების შეგროვებას იწყებს და მის შესახებ წიგნს წერს. ადამიანი, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა, წერილს უგზავნის წიგნის ავტორს.

წიგნში აღწერილი მსახიობი, რეჟისორი, ფილმები, გამოგონილია, თუმცა ოსტერი მათ ისეთი სიცხადით აღწერს, შეუძლებელია დაიჯერო, რომ ისინი მისი ფანტაზიის ნაყოფია. სწორედ ეს თვისება გამოარჩევს მას უამრავი სხვა მწერლისგან.

ავტორი ზიმერისა და მანის პერსონაჟების ცხოვრებას შორის თითქოს პარალელს ავლებს და სვამს ფილოსოფიურ კითხვას, უცხოვრია თუ არა ადამიანს რეალურად ამ სამყაროში, თუ მისი განვლილი ცხოვრების გზის შესახებ არავინ არაფერი იცის?

წიგნს შესავალში წამძღვარებული აქვს შატობრიანის ფრაზა “ადამიანი მხოლოდ ერთი ცხოვრებით როდი ცხოვრობს. მას ბევრი სიცოცხლე აქვს, ერთი რომ სრულდება, მეორე იწყება და მის უბედობათა თავი და თავიც ესაა.”

პოლ ოსტერი ქართველი მკითხველისთვის საკმაოდ ცნობილი ავტორია. გამომცემლობა “დიოგენემ” სხვადასხვა დროს მისი და ჯონ მაქსველ კუტზეს წერილების კრებული “აქ და ახლა” და “მისნის ღამე” გამოსცა, ამჯერად კი არჩევანი “ილუზიების წიგნზე” შეაჩერა, რომლის შეძენაც წიგნის მაღაზიებში უკვე შეგიძლიათ.

ოსტერის ამ ნაწარმოებს ისიც გამოარჩევს, რომ ძალიან მარტივად იკითხება, თუმცა ავტორი საკმაოდ რთულ ეგზისტენციალურ თემებსაც ეხება, რომლებზეც პასუხს მკითხველი წიგნის წაკითხვის შემდეგაც ეძებს.

ეს არ არის უბრალოდ ლიტერატურული ნაწარმოები. ეს არის ნაწარმოები ლიტერატურასა და კინოზე. მისი ავტორი ხომ უბადლოდ ერკვევა ორივე სფეროში. შეგახსენებთ, რომ პოლ ოსტერი კინორეჟისორიცაა.

Leave a Reply