1903 წლის 17 დეკემბერს, ძმებმა რაითებმა 36 მეტრი გაიფრინეს. 65 წლის, 6 თვისა და 3 დღის შემდეგ, ნილ არმსტრონგმა კაცობრიობისთვის 384 400 კილომეტრიანი ნახტომი გააკეთა და მთვარიდან სუვენირები ჩამოგვიტანა. როგორც ჩანს სუვენირები არც ისე საინტერესო აღმოჩნდა, მასეთი ქვები დედამიწაზეც გვაქვსო, იფიქრეს და 1972 წელს პროექტი აპოლო გაუქმდა. არმსტრონგის შემდეგ აღარავინ გადამხტარა კაცობრიობის სახელით.

გავიდა წლები, მთვარე კვლავ არავის გახსენებია, ამჯერად ყურადღებას წითელი პლანეტა იქცევს. მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, ამჟამად მარსის პოპულარიზაციის 100% რობოტები არიან. რამდენიმე კომპანიას კი ამის შეცვლა სურს. ფანტასტიკის ჟანრიდან რეალობისკენ მარსის კოლონიზაციაც მოიწევს.

NASA- აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, რა თქმა უნდა, ფავორიტია ამ საქმეში, თუმცა არა უკონკურენტო. ამჯერად კოსმოსურ ბრძოლაში მას არა საბჭოთა კავშირი ან მისი სამართალმემკვიდრე, რუსეთი იწვევს, არამედ, კერძო კომპანია.

MarsOne- ნიდერლანდებში დაფუძნებული კომპანია, რომელმაც წარმოადგინა კონცეპტუალური გეგმა 2025 წლისთვის მარსზე მუდმივი კოლონიის დასაარსებლად.  კომპანიის გეგმის მიხედვით, შერჩეული 4 კოლონიზატორი დატოვებს დედამიწას და ლურჯიდან წითელ პლანეტაზე სამუდამოდ გადასახლდება. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს მასშტაბით 200 000მა ადამიანმა გამოთქვა სურვილი მიეღო ცალმხრივი ბილეთი. მეორე რაუნდში მხოლოდ 1058მა მათგანმა გააღწია, მესამეში – 100-მა. (მათი პროფილების ხილვა შეგიძლიათ MarsOne-ის ვებ გვერდზე)

ახლა რჩეული ასეული გაივლის ტესტებს, შესაბამის მომზადებას და თითოეული მათგანი კიდევ ერთხელ დაფიქრდება – რა დარჩენია იქ, სადაც ჯერ არავინ ყოფილა.

One Response

Leave a Reply