“ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია. ადრე ვამბობდი, რომ ჩემი საყვარელი ფერი შავია, რადგან ასე უფრო მოდური მეგონა საკუთარი თავი. მაგრამ არა, მე ძალიან მომწონს ვარდისფერი და მისი ყველა ტონალობა. თუ მაქვს აქსესუარი, დიდი ალბათობაა, რომ ისიც ვარდისფერი იყოს. მე ვკითხულობ Vogue-ს და არა ირონიული კუთხით. საკუთარ თავს ცუდ ფემინისტს ვუწოდებ, რადგან არ მაქვს სრულყოფილი ცოდნა ამ მიმდინარეობის შესახებ. არ ვცდილობ,  ვიყო იდეალური, ვცდილობ რომ მაგალითი დავანახო სხვებს. არ გეუბნებით, რომ ყველაფერზე პასუხი მაქვს, ეს სისულელე იქნებოდა. უბრალოდ, ვცდილობ, დავამტკიცო ის, რისიც მთელი გულით მჯერა, ვცდილობ რაღაც კარგი გავაკეთო სამყაროსთვის, ვცდილობ სხვებს ჩემი ხმა გავაგონო, იმ ქალის ხმა, რომელსაც უყვარს ვარდისფერი”. 

ასე იწყება როქსან გეის (Roxane Gay) ესეების კრებული “ცუდი ფემინისტი” (Bad Feminist), რომელიც ავტორის ცხოვრებასა და გამოცდილებაზეა დაფუძნებული. როქსან გეი აღწერს საკუთარ გზას, რომელსაც გადის იმისთვის, რომ სასურველ ქალად ჩამოყალიბდეს. ამ გზაზე კი მას ის დაბრკოლებები ხვდება, რაც ბევრი ქალისთვის ნაცნობია, მათ შორის რასობრივი და სქესობრივი დისკრიმინაცია, გარეგნობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და ა.შ. წიგნი მოიცავს ისეთ ზოგად თემებს როგორიცაა რასა, კულტურა, პოლიტიკა, განათლება, მაგრამ ასევე პირად საკითხებსაც. photo-1-20

წიგნის მთავარი ხიბლია ის, რომ ავტორი რეალურ ისტორიებს ყვება, იმას, რაც მას გადახდა თავს.

“დიდი ხნის წინ ვისწავლე, რომ ცხოვრება ისეთ მოვლენებს გვიმზადებს, რისთვისაც საერთოდ არ ვართ მზად. ზოგჯერ, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ამას, სწორედ შენ აღმოჩნდები ის გოგონა, რომელიც კარგავს სახელს. მას ახალ სახელს არქმევენ, იმას, რომელიც თვითონ მოსწონთ. ის მარტო გრძნობს თავს, მანამ, სანამ იპოვის ისეთ წიგნს, სადაც მისთვის ნაცნობი ამბავია მოთხრობილი. ხსნა – ერთ-ერთი მიზეზია რის გამოც წიგნებს ვკითხულობ. წიგნები მეხმარება გავიხსენო. წიგნები მეხმარება დავივიწყო. ისინი საშუალებას მაძლევს წარმოვიდგინო განსხვავებული დასასრული.”

Roxane Gay

Roxane Gay

როდესაც “ცუდი ფემინისტის” კითხვა დავიწყე, რატომღაც მისი ავტორი ქერა, გამხდარ, თეთრკანიან ქალად წარმოვიდგინე. “დავგუგლე” Roxane Gay და ჩემი კომპიუტერის ეკრანი დაიფარა შავკანიანი, არც ისე მიმზიდველი გარეგნობის და ჭარბი წონის მქონე ქალის ფოტოებით. მიხვდი, რომ, ალბათ, მეც სტერეოტიპულად ვაზროვნებ, რადგან წიგნის ავტორად პირველივე წუთიდან ჯოან როულინგის ტიპაჟი მქონდა წარმოდგენილი. მოგვიანებით გავიგე, რომ წიგნში აღწერილი ამბები ავტორის პირადი ისტორიებია, ის რაც მან საკუთარ თავზე განიცადა.

როქსან გეი წიგნს ამ სიტყვებით ასრულებს: – “მირჩევნია ვიყო ცუდი ფემინისტი, ვიდრე საერთოდ არ ვიყო ფემინისტი”. 

წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება ამ ლინკზე შეგიძლით: https://www.goodreads.com/book/show/18813642-bad-feminist

ხოლო გამოწერა შესაძლებელია www.amazon.com-იდან

 

Leave a Reply