ჭირვეული, საზარელი ქალური სამყარო  – ასე ეწოდება ფოტოგრაფ ჯესიკა ლედვიჰის  ფოტო-სერიას, რომლის მთავარი თემა  სილამაზის თანამედროვე სტანდარტების და მათი მიღწევის საშუალებების კრიტიკაა. ფოტოები კარგად გამოხატავს იმ რთულ და მტკივნეულ გზებს, რომლის გავლაც თანამედროვე ეპოქაში მცხოვრებ ქალს უწევს.

ფოტო-კოლაჟი შედგება საკმაოდ უსიამოვნო კადრებისაგან, რომლებიც ასახავს ქალების ექსცენტრულ და რადიკალურ ქმედებებს,  რომლის მიზანი საკუთარი სხეულის ტრანსფორმაციაა. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი თავს იკავებს კომენტარისაგან, თუმცა, სიტყვიერი კრიტიკა არცაა საჭირო – ნამუშევარი თავისთავად გამოხატავს პროექტის ავტორის დამოკიდებულებას საზოგადოებრივი ღირებულებებისა  და იმ კულტურული პარადიგმებისადმი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ,  ჩვენი სამყაროსა და ცნობიერების განუყოფელი ნაწილია.

ფოტოებზე აღბეჭდილია ტიპური “მოვლილი ქალი” – წითელი პომადითა და მანიკიურით. შესაძლოა, სურათები ნაკლებად ესთეტიკური და უფრო მეტიც – სადისტურიც კი იყოს იყოს, თუმცა, პროექტის ეფექტურობა  სწორედ მისი შოკისმომგვრელი ზემოქმედებით მიიღწევა.

” ისტორიულად, დაბერება  აღიქმებოდა, როგორც რაღაც იდუმალი, საშიში და ავისმომასწავლებელი. ეს შიში დღემდე, თანამედროვე ეპოქაშიც, ისეთივე ძლიერია, როგორიც წლების წინ და ქალების ქცევის მოდელიც სწორედ ამ იდეით არის ფორმირებული.”- ამბობს ჯესიკა ლედვიჰი.

საბოლოოდ, ლედვიჰის პროექტი საზოგადოების თითოეულ წევრს  უბიძგებს დაფიქრდეს და გააცნობიეროს ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ‘ხარკი’, რომლის გადახდაც თანამედროვე ქალს უწევს ე.წ სრულყოფილი სილამაზის მისაღწევად.

 

 

წყარო: www.featureshoot.com

 

 

Leave a Reply