65 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყველასათვის საყვარელი ზღაპრის – კონკიას პირველი ანიმაცია გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ, არაერთხელ გადაიღეს ზღაპრის სიუჟეტზე შექმნილი ფილმი, თუმცა, არც ერთ მათგანს არ გამოუწვევია მაყურებელში ისეთი მოლოდინი, როგორიც 2015 წელს გამოსულმა ფილმმა, რომლის რეჟისორიც კენეტ ბრანაა (Kenneth Branaugh) . ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ : ლილი ჯეიმსი (კონკია) და რიჩარდ მედენი (პრინცი).  შეუძლებელია არ აღინიშნოს ფილმის მხატვრული გაფორმება და კოსტიუმების დიზაინი. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ფილმი საოცრად ზღაპრული და „ჯადოსნური“ გამოვიდა.  Walt disney pictures-ის ახალი ნაწარმოების პრემიერა საქართველოში 12 მარტს შედგა კინოთეატრს ამირანში, ერთი დღით ადრე  ფილმის მსოფლიო პრემიერამდე, რომელიც 13 მარტს გაიმართება.

ახალმა „კონკიამ“ დაანონსებისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მაყურებელში, რისი მიზეზიც, ერთი შეხედვით, როლების უცნაური განაწილება იყო – ქეით ბლანშეტი ბოროტი დედინაცვალს ამპლუაში მოგვევლინა, ხოლო ჰელენა ბონემ კარტერი კეთილ ფერია – ნათლიას როლში ვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ამ „ექსპერიმენტმა“ გაამართლა და ორივე მსახიობმა დამაჯერებელი ეკრანული სახეები შექმნეს.

ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა ყველასთვის კარგად ნაცნობი ზღაპრების რიმეიქები.  რეჟისორები ცდილობენ ახალი მხრიდან დაგვანახონ  ყველასთვის ნაცნობი ნაწარმოებები და განსხვავებულად დახატონ პერსონაჟები. უნდა ითქვას ისიც, რომ ზღაპარმა დიდი ხანია შეიცვალა თავისი კლასიკური გაგება და  ეს ეკრანიზაციები არა მხოლოდ ბავშვებზე, არამედ ზრდასრულ მაყურებელზეცაა გათვლილი, ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს კინოთეატრში წასვლისაგან მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ უკვე გამოხვედით ზღაპრების ასაკიდან.

პ.ს. და რაც მთავარია გახსოვდეთ – იყავით ძლიერი და კეთილი. სწორედ ეს მესიჯი გასდევს ფილმს ლაიტმოტივად.

 

 

ავტორები: თამო ჭინჭარაული/ ნინო იმერლიშვილი

Leave a Reply