გაძლიერებული კონკურენციისა და სამუშაო ბაზარზე არსებული ვაკანსიების სიმწირის გამო, ხშირად ადამიანები ისეთ სერიოზულ კომპრომისებზე მიდიან, როგორიც სამუშაოს სასარგებლოდ  პირადი ცხოვრების დათმობაა. ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტს შორის ბალანსის შენარჩუნება ერთის მხრივ – რთული, მეორეს მხრივ კი – უბრალოდ აუცილებელია. ადამიანი, და მითუმეტეს ქალი, რომელიც ცდილობს თანაბარი დრო დაუთმოს ოჯახსა და კარიერას და ამასთან, ცდილობს ერთნაირი პროდუქტულობით გაუძღვეს ორივე სფეროში მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, სულ მცირე ნიჭიერი ჟონგლიორის თვისებებს უნდა აკმაყოფილებდეს. გარდა ყველასათვის გასაგები სირთულეებისა, გასათვალისწინებელია სამუშაოს მნიშვნელოვნობა, სპეციფიკა და ანაზღაურების ფაქტორი. უფრო კონკრეტულად კი, არსებობს საქმიანობები, რომლებიც დასაქამებულთათვის შინაარსობრივად ბევრად უფრო მამოტივირებელი და საინტერესოა, ვიდრე ანაზღაურების თვალსაზრისით, და პირიქით, საქმიანობები, რომელთა მიმართ ჩვენი დაინტერესება მხოლოდ მსუყე ანაზღაურების ფაქტორითაა განსაზღვრული.

იმისათვის, რომ მოვახერხოთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნება, თვალი გადაავლეთ ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს:

1. იყავით გულახდილი საკუთარ თავთან, როცა საქმე სამუშაო ბალანსსა და თქვენს მოთხოვნებს ეხება.

პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებისას იყავით გულახდილი თქვენი მოლოდინებსა და მოთხოვნების შესახებ საუბრისას. ნუ შეგეშინდებათ, რომ აზრის გულწრფელად გამოთქმას არაკომპეტენტურობაში ჩაგითვლიან. იმის გამოხატვა, რომ თქვენი პირადი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, ვიდრე სამსახურში გატარებული საათები, უხერხული და უცნაური სულაც არ არის. პირიქით, ეს ნორმაა, რადგანც რეალურად ასეც უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში პრიორიტეტები დალაგებული.

2. შეარჩიეთ ისეთი ორგანიზაციული კულტურის მქონე კომპანია, რომელიც შესაბამისობაშია თქვენს შინაგან კულტურასთან.

სამსახურის დაწყებამდე მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ.  წაიკითხეთ გამოხმაურებები ინტერნეტში. დაინტერესდით, თუ რას ამბობენ, ან ფიქრობენ თანამშრომლები დამსაქმებელ ორგანიზაციაზე. ამასთან, ყურადღება მიაქციეთ იმ ფარულ, უსიტყვო მინიშნებებს, რასაც ისინი მისი აღწერისას გამოხატავენ. დაფიქრებული, შეყოვნებული პასუხები მიგანიშნებთ, რომ ეს ადამიანები ადეკვატური პასუხების მოძიებას ცდილობენ. სწრაფი, თავდაჯერებული პასუხები კი, მათ გულახდილობაზე მიანიშნებს.

3. თავიდანვე გააცანით თქვენი მოლოდინები უშუალო ხელმძღვანელს.

იქამდე, სანამ სამუშაოს შეუდგებოდეთ, შეხვდით უშუალო ხელმძღვანელს და დაადგინეთ, თუ რას მოელის იგი თქვენთან მუშაობისგან. ამასთან, გულწრფელად გააცანით მას თქვენი მოლოდინებიც. მაგალითად: თუ თქვენ არ გსურთ მიიღოთ სამუშაოსთან დაკავშირებული წერილები ან ზარები დასვენების დღეების, ან შვებულების დროს, აუცილებლად  აცნობეთ მას ამის შესახებ თავიდანვე. ამასთან, მობოდიშება საჭირო არ არის, რადგან თქვენ გაქვთ არასამუშაო დღის ინდივიდუალურად განკარგვის უფლება.

4. ნუ იყოყმანებთ სამსახურიდან წამოსვლისას.

დიახ, თქვენ სწორად ამოიკითხეთ ეს პუნქტი. ხანდახან არ აქვს მნიშვნელობა კითხვების რაოდენობას, რომელსაც თქვენ კომპანიის ღირებულებების შესახებ სვამთ. რაც არ უნდა იყო, ზოგჯერ სამუშაო დატვირთულობა ყველა სხვა დანარჩენ პოზიტიურ ფაქტორებს ფარავს. არის ისეთი მდგომარეობაც, როდესაც კომპანიის ღირებულებებზე საუბარი მხოლოდ ცარიელი, მშრალი სიტყვებია და მათ არაფერი საერთო არ გააჩნიათ კომპანიის საქმიანობასთან. ასეთ დროს სამსახურიდან წამოსვლა ყოველთვის მართებული გადაწყვეტილებაა. სამსახური, რომელიც გართმევთ თავისუფალ დროს და დამატებით, არც ბედნიერებას განიჭებთ, აუცილებლად შეცვლის ღირსია.

11026487_941771242524049_651104749_n

ეპილოგის ნაცვლად

ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახი, ფინანსური ვალდებულებები – ყველა გასამართლებელი საბუთი ამასთან დაკავშირებით მისაღებია, თუმცა არჩევანი თქვენზეა. მოახდინეთ გადაფასება. ჩამოწერეთ, ან უბრალოდ დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რასაც სამსახური გაძლევთ და დამატებით იმაზეც, რასაც იქ გატარებული დრო გართმევთ. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. მაშინაც კი, როცა სოციალური მდგომარეობის გამო სამსახურის მიტოვება არ გამოგდით, იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი საქმიანობა, აკეთეთ ის საქმის პარალელურად, მიიღეთ სიამოვნება და შეივსეთ ის დანაკლისი, რასაც სამსახური ვერ, ან არ გაძლევთ. გახსოვდეთ, რომ უნდა იშრომოთ სიცოცხლისთვის და არა პირიქით – იცხოვროთ სამსახურისთვის.

წყარო:http://elitedaily.com/life/motivation/work-live-dont-live-work-maximize-work-life-balance/942365/

Leave a Reply