რაც დრო გადის, მით მეტად იბრძვის საზოგადოება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად. ამის მიღწევის საუკეთესო გზა გააზრებული პროტესტია, განსაზღვრული კონკრეტული მოთხოვნებით, რომელიც, ხშირად, პერფორმანსის სახეს ატარებს. ხელოვნების მეშვეობით გამოხატული აზრი  ყველაზე კარგად ახდენს გავლენას ადამიანებზე.

რამდენადაც დღეს ინფორმაციის საუკეთესო წყარო ინტერნეტია, სწორედ ამ გზით ვრცელდება სხვადასხვა სახის საპროტესტო აქტივობა განსხვავებულ თემებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი უკანასკნელი ე.წ ინტერნეტ-ჰიტი გახდა ‘დუეტი რეპი’ ორი ახალგაზრდა ინდოელი ქალის - პანკჰური აუასთისა და უპეკჰა ჯაინის შესრულებით, რომლებმაც  თავი საზოგადოებას ფსევდონიმით – ‘BomBaebs’-ით გააცნეს. ორივე მათგანი მუმბაიში,ინდოეთში ცხოვრობს.

aa

BomBaebs

‘ მე ჩავიცვამ იმას, რაც მინდა, თუნდაც, ის იყოს ძალიან მოკლე ქვედაბოლო და ერთი წამითაც არ იფიქროთ, რომ ეს ნიშნავს თანხმობას’ - ამ სიტყვებით მიმართავენ აუასთი და ჯაიანი ადამიანებს, რომლებიც, თუნდაც, ჩაცმულობის მიხედვით აკერებენ  ქალებს გარკვეულ იარლიყებს. მათი რეპი ძალადობის წინააღმდეგ, არის ის გზავნილი, რომელიც მთელი მსოფლიო საზოგადოებისათვის არის განკუთვნილი და ზუსტად მიზანში ხვდება.

BomBaebs-ის ეროვნება ამ შემთხვევაში, ერთი მთავარი მიზეზის გამო არის აღსანიშნავი – ინდოეთი არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც ყველაზე ხშირია სექსუალური ძალადობის, მათ შორის, ჯგუფური გაუპატიურების შემთხვევები. შოკისმომგვრელია ინდოეთის მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი – იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმაროს და მსგავსი არაადამიანური დანაშაულის შემთხვევები აღკვეთოს, ცდილობს რეალობა ინფორმაციული ვაკუუმის ‘წყალობით’ დაფაროს. ამის ნათელი მაგალითია ინდოეთის მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება – მარტის დასაწყისში, ქვეყნის სატელევიზიო არხებზე დაიბლოკა დოკუმენტური ფილმის, ‘ინდოეთის ქალიშვილი’-ს ჩვენება. ეს ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ახალგაზრდა ინდოელი ქალის შესახებ, რომელიც ჯგუფურად ჩადენილი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაბზე მთავრობის მიერ თვალის დახუჭვა უშუალოდ ამ დანაშაულის სიმძაფრეს უტოლდება და  ხელს უწყობს მსგავსი შემთხვევების განმეორებას, ვინაიდან, დაუსჯელობის განცდა დამნაშავისათვის მთავარი “წამახალისებელი” და წამაქეზებელი გარემოებაა, მითუმეტეს, როცა საკითხი ძალადობას ეხება.

ინდოეთის ტრაგედიები ამ შემთხვევით არ დასრულებულა –  ამ კვირაში 71 წლის ქალი გახდა ასევე ჯგუფურად განხორციელებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

პანკჰური აუასთისა და უპეკჰა ჯაინის ე.წ  #RapAgainstRape ვიდეო ინგლისურ ენაზეა, თუმცა, არის ნაციონალური ელემენტებიც, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ისინი საერთაშორისო აუდიტორიამდე ცდილობენ ამ პრობლემის მიტანას. აუასთი და ჯაიანი კაცებს მოუწოდებენ, დადგნენ ქალების დასაცავად, გამოიჩინონ გამბედაობა და ქვეყნის პარლამენტს ჩამოაშორონ კრიმინალი კანონმდებლები.

ვიდეოში გამოყენებულია პლაკატები, რომლებზეც ვხედავთ შემდეგ წარწერებს – ‘ცხოველური ძალადობა’, ‘შეურაცხყოფა’, ‘პატრიარქატი’. ეს არის იმ გარემოებების აღმნიშვნელი ტერმინები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს ინდოეთში და არამარტო იქ  – მთელ მსოფლიოში. ინდოეთში  მსვლელობების ფონზე, ამ ორმა ადამიანმა პროტესტის ეს ფორმა აირჩია – გადაიღო ვიდეო, რეპის მეშვეობით გამოხატა სათქმელი, ატვირთა youtube-ზე და მსოფლიო საზოგადოებას მიაწოდა. ჩანაფიქრმა გაამართლა და დღეს ეს კლიპი მსოფლიოს ყველა წამყვან ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ეს არის მაგალითი, იმისა, თუ რამხელა ძალა აქვს სწორად და გააზრებულად გამოხატულ პროტესტს, რომელიც სავსებით შესაძლებელია, ახლო მომავალში დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდეს.

 

წყარო: www.dazeddigital.com

 

Leave a Reply