ქალები, რომლებსაც მოსწონთ მოკლე კაბის, დეკოლტეს და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, ხშირად ხდებიან ხოლმე კრიტიკის ობიექტები საზოგადოების მხრიდან. ზოგჯერ პირიქითაც ხდება, თუ გოგონას ზედმეტად დახურულ სამოსში დაინახავენ, ძველმოდურს უწოდებენ.

მოკლე კაბით თუ  დადიხარ, – მსუბუქი ყოფაქცევის ხარ, თუ კოჭებამდე კაბით სეირნობ, – უგემოვნო და ძველმოდური.  შუალედი არ არსებობს, ყოველთვის გამოიძებნება მინუსი, რომელზეც დიდ ხანს ისაუბრებენ.

მსგავს სტერეოტიპებს, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გადააწყდები, სადაც ქალებს მუდმივად აკრიტიკებენ და მამაკაცზე ბევრად მეტ პასუხისმგებლობას სთხოვენ. ოდესმე ვინმეს უთქვამს, რომ თუ მამაკაცი მოკლე შორტს ჩაიცვამს, მაშინ ის ხაზს გაუსვამს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომია? ან თუ ისეთ სამოსს იცვამს, რომელიც მთლიან სხეულს უფარავს, მაშინ ძველმოდურია? რა თქმა უნდა, – არა.

დღევანდელ მსოფლიოში გენდერული თანასწორობის მოთხოვნით უამრავი აქცია თუ კამპანია იმართება, ერთ-ერთი ასეთი კამპანია წამოიწყო შვეიცარულმა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია  “Terre Des Femmes”-მ, რომელიც ორიენტირებულია გენდერული თანასწორობის გამყარებაზე; კამპანია აქცენტს აკეთებს იმაზე, რაც ისედაც ცხადი უნდა იყოს:  ქალის ღირსება კაბის სიგრძით და ფეხსაცმლის ქუსლით არ იზომება.

სარეკლამო კამპანიის დიზაინზე ტერეზა ვლოკამ და “Miami Ad School”-ის სტუდენტებმა ერთობლივად იმუშავეს, ჰამბურგში, გერმანია.

Leave a Reply