ბედნიერება ძალას კარგავს, თუ მას არ იზიარებენ. გაზიარების შემთხვევაში – გადამდებია.  ცხრათავიან ურჩხულს ემსგავსება, რომელსაც თავის მოკვეთით ვერავინ ვერაფერს დააკლებს.

ბავშვობაში, ყველას გვქონია ადგილი, სადაც ვთამაშობდით, სადაც განაწყენებულები გავრბოდით და ჩუმად ვტიროდით, სადაც ყველაზე მეტად გვიხაროდა ზაფხულისთვის დაგეგმილი ისტორიების შეთხზვა და წარმოდგენა, სადაც ბავშვები ვიყავით, სადაც ყველაზე მეტად გვიხაროდა.

მეც მქონდა ასეთი ადგილი, თან ძალიან მიყვარდა, თან მეშინოდა, ღრმად მწამდა, რომ ღამე ჩემი საწოლის ქვეშ დამალული მონსტრები, დღისით ამ ადგილას ინაცვლებდნენ და ცდილობდნენ „ჩემი ტერიტორია“ მათი გამხდარიყო. ყოველ ჯერზე საკუთარ თავს ვებრძოდი, რომ შიშის გარეშე ავსულიყავი მარტო, მაგრამ საკმარისი იყო, იქ ჩემი მეგობრებიც ყოფილიყვნენ, ეს ურჩხულები კვამლად იქცეოდნენ და ქრებოდნენ. იგეგმებოდა მეზობლის ტყემლის ხის მზაკვრულად გაძარცვა, ველოსიპედით შეჯიბრებები, ამ ტერიტორიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამოცხადება, სადაც მარტო ჩვენ ვიქნებოდით, სადაც კედლებს ყურები არ ჰქონდა. ამ ადგილას, ახლა სახლია აშენებული, მაგრამ რამდენჯერაც გავიხედავ, ზუსტად ისე წარმოვიდგენ იქაურობას, როგორც 10-15 წლის წინ.

„ხიდი ტერაბითიაში“ ყველა იმ მოგონების აღმდგენი ძალა ხდება, რომელიც ბავშვობაში გადაგხვდენია, იმ უკვე გაზრდილი ადამიანის ბავშვურ სახეს წარმოგადგენინებს, რომელიც ახლა საქმიანი სახით, პიჯაკში გამოწყობილი მიდის სამსახურში, უკან მობრუნებულს კი შვილი ხვდება სახლში.

10993407_385583314955649_8413431010525438179_n

ჯესი დარბის, მთელი ზაფხული დარბის გამარჯვებისთვის და როცა მიზნამდე მხოლოდ შესრულებაა დარჩენილი, ზუსტად ამ დროს ჩნდება ლესლი. ეს ისეთი გოგონაა, იმ გოგონებს შორის, რომელთაც მთელი შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ. ჯესი ვერც წარმოიდგენს, რომ ამ ადამიანის გარეშე, მალე საკუთარ არსებობას ვერ წარმოიდგენს. ლესლიმ ცხვირწინ ააცალა, ამდენი ხნის ოცნება და მის მაგივრად გახდა გამარჯვებული, სწორედ აქედან იწყება ტერაბითიასკენ გზა, სადაც ორივე მირბის და სადაც ორივეს შეუძლიათ იყვნენ გამარჯვებულები. მეფე და მისი დედოფალი.

მჯერა, რომ „ტერაბითიას“ აღმოჩენა ნებისმიერ ასაკში შეიძლება, თუ გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელსაც შეუძლია დაგანახოს, დაგასახლოს და დაგაჯეროს, რომ ამქვეყნად ყველაფერია შესაძლებელი. მთავარია, ხელი მაგრად ჩაჰკიდო, გჯეროდეს ყოველი დღის სასწაულის, რომელიც შეიძლება აღარც განმეორდეს.

ამ წიგნში ჩვენ, როგორც ბავშვები ისე ვცხოვრობთ, შორიდან კი, როგორც დიდები ისე ვაკვირდებით, გვინდა, რომ ხელი შევაშველოთ და ავაცილოთ მოსალოდნელ საფრთხეს, მაგრამ არ შეგვიძლია. ეს ის ხიდია, რომელიც ჩვენ ბავშვობას და დიდობას შორისაა გადებული.

ქეთრინ პატერსონის „ხიდი ტერაბითიაში“ არის წიგნი, რომელსაც ისე ვერ დაივიწყებთ, როგორც საკუთარ ბავშვობას.

 

 

Leave a Reply