ჩეკ იონგი მოგზაური ფოტოგრაფია, რომელიც უკვე მსოფლიოს 91 ქვეყანას ესტუმრა. მის ობიექტივში მოხვდა ტაილანდი, ჰაიტი, ავღანეთი, კუბა, ირანი, ანტარქტიდა და მათ შორის  საქართველოც, რომელიც, როგორც თვითონ გვითხრა, კავკასიაში საუკეთესოა. მისი ფოტოები განთავსებულია National Geographic – ის ვებ გვერდზეც.  ჩეკ იონგის შემოქმედებაში აღსანიშნავი ის არის, რომ თვითნასწავლი ფოტოგრაფია, რომელსაც კონკრეტული მიზანი აქვს – მანამ აღბეჭდოს ავთენტური ქვეყნები და ქალაქები, სანამ გლობალიზაციის შეუქცევად პროცესებს უმსხვერპლია. სპეციალურად www.wis.ge -სთვის  მიცემულ ინტერვიუში ჩეკ იონგმა ისაუბრა თავის შემოქმედებაზე, გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე.

თვითნასწავლი ფოტოგრაფი ხართ, თუ სპეციალური განათლება გაქვთ ამ სფეროში?

არასდროს  მისწავლია ფოტოგრაფია. უმეტესად ჩემით ვსწავლობდი – წიგნების, ან ინტერნეტის დახმარებით. ყველაზე მეტად კი ამ საქმის პროფესიონალების – სტივ მაკკურის, მიშელ იამაშიტას და სხვა National Geographic- ის ფოტოგრაფების ტექნიკაზე დაკვირვებით ვისწავლე. ერთადერთი, დოკუმენტური ფოტოგრაფიის თხუთმეტსაათიან კურსებს დავესწარი.

როდის და როგორ დაინტერესდით ფოტოგრაფიით?

ჩემი პირველი ლაშქრობისას ტაივანში, 2004 წელს. მეგობრის იაფფასიან, სამოყვარულო კამერას ვიყენებდი. მანამ,  სანამ პროფესიონალებს ვაჩვენებდი ჩემს ნამუშევრებს, მეგონა, რომ საკმაოდ კარგი ფოტოები გამომდიოდა. თუმცა, პროფესიონალების კრიტიკამ მიმახვედრა, რომ ეს ასე არ იყო.

მოგვიანებით, ჩემი შემდეგი ლაშქრობისთვის უკვე საკუთარი კამერა მქონდა, რომელიც მეგობრებმა დაბადების დღეზე მაჩუქეს. ამის შემდეგ დაუსრულებლად ვიღებდი და ნელ-ნელა გაუმჯობესდა ჩემი პროფესიონალური უნარ-ჩვევები. ფოტოებს დადებითი შეფასებები მოჰყვა, რამაც დამატებითი სტიმული მომცა. შემდეგ მეგობარმა მირჩია National Geographic-ისთვის  გადამეხედა. სწორედ ამ ნამუშევრებმა იქონია ჩემზე დიდი გავლენა. მივხვდი, რომ ფოტოგრაფიის ეს ჟანრი სწორედ ის იყო, რაც მე მომწონდა – აერთიანებდა ჩემს ორივე ინტერესს – ხელოვნებასა და მოგზაურობას.

ფოტოგრაფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად გადმოსცეს იმ საგნების არსი, რასაც აღბეჭდავს ფირზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ამისთვის გადასაღებ ობიექტთან „კავშირი“?

ეს არა მარტო მნიშვნელოვანი, არამედ – აუცილებელიცაა. ფოტოები გულწრფელად ასახავენ  ფოტოგრაფის ნამდვილ შინაგან სამყაროსა და შეხედულებებს. შენი ფოტოები გადმოსცემენ შენსავე პიროვნულობას, იმას, თუ როგორი ხარ – ემპათიური, აგრესიული, მოსიყვარულე…

ჩემს გადაღებულ ყოველ საგანს კარგად ვიცნობ, ვიცნობ ყოველ იმ ადამინას, რომელიც ჩემს კადრში მოხვედრილა, მახსოვს მათი სახელებიც კი. მათთან ვატარებ გარკვეულ დროს, ვესაუბრები ხოლმე, განსაკუთრებით მანამ, სანამ გადავუღებ. ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სიღრმისეულად ვიცნობდე ყოველივე იმას, რასაც ვუღებ.

16

რის გადმოცემას ცდილობთ თქვენს ფოტოებში ყველაზე მეტად?

ვცდილობ, ხალხს გადავუღო მათთვის ავთენტურ, ბუნებრივ მდგომარეობაში. სწორედ ასეა შესაძლებელი ნამდვილად გადმოიუცეს პიროვნების ამბავი, ან მისი ხასიათი.

როდესაც რომელიმე ქვეყანას სტუმრობთ რა იქცევს თქვენს ყურადღებას განსაკუთრებით? (არქიტექტურა, ბუნება, ხალხი, ცხოვრების სტილი, კულტურა…)

ყველაზე მეტად შთამაგონებს ხალხი და კულტურა. მაგალითად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა სარწმუნოებისა და თანამედროვეობის კონფლიქტი ირანში. დიდ ემპათიას განვიცდი ავღანელი ლტოლვილების მიმართ, რადგანაც მე ვიყავი ჩემი ავღანელი ლტოლვილი მეგობრის გვერდით, როდესაც ის ეძებდა თავშესაფარს. ამავდროულად, მე გავხდი დაინტერესებული ბუნების საოცრებათა ძიებით. ჩემი ერთწლიანი მოგზაურობისას სამხრეთ ამერიკაში თვალები ამეხილა და დავიჯერე, რომ ბუნებას ძალიან ბევრი ხერხი აქვს იმისთვის, რომ თავბრუ დაგვახვიოს თავისი სილამაზით.

21

როგორც ვიცით, თქვენ ნამყოფი ხართ საქართველოში. რამდენიმე შეკითხვა გვაქვს ამასთან დაკავშირებით… რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში ჩამოსვლა და ფოტოების გადაღება და რა იყო თქვენი პირველი შეფასება ჩვენს ქვეყანაზე?

კავკასიაზე ბევრი მსმენოდა როგორც კულტურითა და ხალხით მრავალფეროვან რეგიონზე. ჩემი მეგობრების სიტყვებზე დაყრდნობით, რომლებიც საქართველოში ყოფილან, ეს ქვეყანა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სამოგზაუროდ. განსაკუთრებულ იმპულსს ვგრძნობ საქართველოში, ეს ყველაფერი ჩემზეც აისახება – ვხდები უფრო მეგობრული, გონებაგახსნილი, ორგანიზებული… ეს იმის დამსახურებაა, რომ მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, საქართველოს ძალიან ბევრი ღირსშესანიშნაობა აქვს.

საქართველოს რომელ კუთხეში ხართ ნამყოფი. რომელ მათგანს გამოარჩევდით?

ბევრგან ვარ ნამყოფი – თბილისში, დავით გარეჯში, ყაზბეგში, მესტიაში, უშგულში, სოხუმში. ყველაზე მეტად სვანეთი მომწონს –  საოცარი გზით ზუგდიდიდან მესტიამდე, „მსოფლიოს ყველაზე საშიში გზა“ უშგულამდე და თვითონ უშგული. ჩემი უშგულში ყოფნა ყველაზე დასამახსოვრებელი და სიურეალისტური იყო, ძველ ევროპულ ზღაპარს ჰგავს დროში დაკარგულ მთიან სოფელზე.

20

პირადი საუბრისას აღნიშნეთ, რომ საქართველო თქვენი საყვარელი ქვეყანაა კავკასიაში. რატომ ფიქრობთ ასე?

მოულოდნელი სილამაზე და ხალხის სითბო, რომელიც თან ერთვის მოგზაურობას – მოხუცი ქალბატონი, ძალიან კეთილი მასპინძელი, რომელიც მაწვდის სანთელს და მთავაზობს შევუერთდე მესას თბილისში, შემთხვევითი ოჯახი საგარეჯოში, რომელიც მთავაზობს შევუერთდე მათ საოჯახო სადილს, ბავშვებთან ერთად სტაფილოებით წახემსება უშგულკში, კოშკების ძირას, სუნთქვისშემკვრელი მზის ჩასვლა გერგეთის სამებაში, დავით გარეჯას კლდეში გამოკვეთილ ოთახებში ხეტიალი, შემოდგომის ლაშქრობა მყინვარზე მესტიაში…19

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? რომელ ქვეყნებში გეგმავთ ვიზიტს უახლოეს მომავალში?

ლოკალური კულტურები სწრაფად უჩინარდება გლობალიზაციის გამო, რასაც ტექნოლოგიური განვითარება უწყობს ხელს. ამიტომ, შეიძლება ითქვას, დროს ვებრძვი. მინდა, რაც შეიძლება მეტი აღვბეჭდო მანამ, სანამ ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიის კუთვნილება გახდება. დროის სიმცირის გამო, მიწევს არჩევანის გაკეთება, ეს კი რთული არჩევანია.

ის ქვეყნები, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ – აფრიკა, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, შუა აღმოსავლეთი და წყნარი ოკეანის კუნძლები – ჩემი პრიორიტეტია. აფრიკა და ინდოეთი სწრაფად ვითარდება და ათ-ოც წელიწადში იქ ბევრი რამ გაუჩინარდება. სამხრეთ კორეა და შუა აღმოსავლეთი კი ერთ ღამეში შეიძლება გარდაიქმნას. წყნარი ოკეანის კუნძულებიც, გლობალური დათბობის გამო, შესაძლოა გაქრეს ძალიან მალე. ირანს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს გულში და მიუხედავად იმისა, რომ მე იქ უკვე ნამყოფი ვარ ყოველ ჯერზე, როცა შანსი მომეცემა ხელახლა ვესტუმრები ამ ქვეყანას, რათა გავხდე მისი ცვლილებების მოწმე. უახლოეს მომავალში,  დიდი ალბათობით აფრიკა გახდება  ჩემი შემდეგი თავგადასავალი.

ფოტოები აღებულია ჩეკ იონგის ოფიციალური ვებ-გვერდიდან და FB პროფილიდან

14 13    18 17 12 15 11 9 8 7 6 1 2 3 4 5 Untitled111

ინტერვიუს ინგლისურ ენაზე სანახავად გადადით ბმულზე. 

ესაუბრნენ: თამო ჭინჭარაული/ნინო იმერლიშვილი

One Response

Leave a Reply