El Asira – ეროტიკული ბრენდი, რომელიც ამსტერდამში დაარსდა, მექაში სექსშოპს ხსნის. ამბავი ინტერნეტსენსაციად იქცა მისი გავრცელებისთანავე. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სექსშოპის ლოკაციამ გამოიწვია – მექა ცნობილია, როგორც ისლამის უწმინდესი ადგილი, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით მუსლიმი სტუმრობს სალოცავად თუ სხვადასხვა რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად.

El Asira-ს დამფუძნებელმა - აბდელაზის აურაფმა ჯერ კიდევ გასულ წელს გაახმაურა თავისი განზრახვა მექაში სექსშოპის გახსნასთან დაკავშირებით. როგორც აღმოჩნდა, ეს სულაც არ ყოფილა განუხორციელებელი ამბიცია, რამდენადაც მაღაზია გახსნისათვის და პირველი მომხმარებლების მისაღებად უკვე მზადაა. საინტერესოა ისიც, რომ როგორც El Asira-ს წარმომადგენლები აცხადებენ, სექსშოპი სრულიად მორგებული იქნება შარიათს და დაწესებულებაში გასაყიდად წარმოდგენილი პროდუქტი არ დაუპირისპირდება ისლამის კანონებს.

‘ჩვენ მიერ მაღაზიაში გამოტანილ პროდუქტს არაფერი საერთო არ ექნება სექს-თოჯინებთან და ვიბრატორებთან. ეს ნივთები არ იქნება დაკავშირებული უშუალოდ სექსთან, როგორც აქტთან  – არამედ შექმნის შესაბამის ატმოსფეროს, გაამძაფრებს ემოციებს, სურვილებსა და გრძნობებს’ - განაცხადა აბდელაზის აურაფმა ერთ-ერთ მედია სააგენტოსთან საუბრისას.

საინტერესოა, როგორ აპირებს ბატონი აურაფი  საკუთარი ბიზნესის ადაპტირებას იმ გარემოსთან, სადაც ქალებს უფლებები თითქმის არ გააჩნიათ, სადაც მათი ჩაცმულობაც კი მკაცრად ემორჩილება რელიგიურ ნორმებს… ამის საპირისპიროდ აურაფი ამბობს, რომ დაწესებულება ხელს შეუწყობს ‘ქალების მიმართ სიყვარულის და აღფრთოვანების გაძლიერებას’, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ურთიერთობებს.

კომპანიის ოფიციალურ საიტზე სექსშოპში გასატანი პროდუქტების ჩამონათვალიცაა წარმოდგენილი და როგორც იქვეა მითითებული, თოთოეული ეს ნივთი ‘სექსუალურობას, მგრძნობელობასა და სპირიტუალობისაც კი მეტად სიღრმისეულ მნიშვნელობას ანიჭებს’.

 

წყარო: www.independent.co.uk

Leave a Reply