თექვსმეტი წლის წინ, ფოტოგრაფმა ლუსი გრეიმ გადაწყვიტა შეექმნა ფოტოსერია,  რომელშიც ნაჩვენები  იქნებოდა იმ დედების ცხოვრება, რომლებსაც უწევთ სამსახურისა და შვილებზე ზრუნვის ერთმანეთთან შეთავსება. მისი იდეა რეალურად განხორციელდა მას შემდეგ, როცა ფოტოგრაფი სრულიად შემთხვევით, მაღაზიაში შეხვდა ერთ-ერთ პრიმა-ბალერინას.  ლუსი გაემგზავრა სან ფრანცისკოში და დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომელიც 15 წელს გაგრძელდა. მისი ფოტოპროექტის მთავარი გმირი იყო სამი პრიმა-ბალერინა - კატიტა ვალდო, თინა ლე ბლანკი და კრისტინ ლონგი. გრეი გახდა მათი ე.წ მეგზური ამ წლების განმავლობაში – აღბეჭდავდა თუ როგორ ცეკვავდნენ ორსულობის პერიოდში, როგორ ატარებდნენ დროს შვილებთან კულისებში და კონცერტის შემდეგ, როგორ დაყავდათ ისინი რეპეტიციებზე – ეს კადრები აჩვენებდა ბალერინების კარიერისა და დედობის ბალანსს და მის სირთულეებს.

„მინდა კარგად გავითავისო მათი ცხოვრება, როგორც ბალერინის, ისე დედის ამპლუაში , მინდა მათ ვერ იგრძნონ ჩემი – როგორც გარეშე პირის, ფოტოგრაფის შორიახლოს ყოფნა, მსურს გავხდე მათი ცხოვრების ე.წ ჩუმი მოწმე” - ამბობს პროექტის ავტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ, ლუსი გრეიმ ეს ულამაზესი შავ-თეთრი ფოტოები გააერთიანა  საავტორო წიგნში – “ბალანსის შენარჩუნება”. წიგნში აღწერილია ის გზა, რომელსაც გადის პრიმა ბალერინა ორსულობის პერიოდიდან.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც  მუშაობის პროცესში  შევიტყვე, არის ის, რომ ჩემი პროექტის  გმირების მთავარი თვისებაა მაქსიმალიზმი – ისინი ამას ამჟღავნებენ როგორც ცეკვისას, ასევე დედობრივი მოვალეობის შესრულებისას.“- ამბობს ლუსი გრეი. ის ასევე აღნიშნავს, რომ პრიმა ბალერინებმა თავიანთი კარიერა სასწორზე დადეს, როცა გადაწყვიტეს გაეჩინათ შვილები, თუმცა, ამ სარისკო გადაწყვეტილებამ გაამართლა და უფრო მეტიც – ისინი გახდნენ უკეთესი მოცეკვავეები, ვიდრე იყვნენ მანამდე.

„მოცეკვავეები აღარ იყვნენ ორიენტირებულნი მხოლოდ საკუთარ თავზე, კარიერაზე – ისინი შესრულებისას ფიქრობდნენ თავიანთ შვილებზე და ეს მათ ცეკვაზე დადებითად აისახებოდა.“ – აღნიშნავს ფოტოგრაფი. 

“აუცილებელია აღინიშნოს მათი მეუღლეების როლი ამ პროცესში – მამებს ყოველდღე მოჰყავდათ პატარები დედების სანახავად, დაჰყავდათ კონცერტებზე, სრული დატვირთვით ზრუნავდნენ მათზე, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც მუშაობდნენ. სწორედ ჩემი გმირების მეუღლეებს მიუძღვით წვლილი იმაში, რომ ბავშვები იყვნენ დედასთან ახლოს წარმოდგენისათვის მზადების პერიოდში. მათ ნამდვილად ლომის წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში.“

გრეი იმედოვნებს, რომ მისი წიგნი ერთგვარი ნათელი მაგალითი იქნება იმ დედებისთვის, რომელთაც აქვთ სამსახური და კარიერა.

„მშრომელთა ნახევარს შეადგენენ ქალები. იმედი მაქვს, ამ წიგნის გაცნობის შემდეგ, ყველა დაინახავს, რომ იყო კარგი დედა და წარმატებული პროფესიონალი შენს საქმეში სრულიად თავსებადია და მეტიც – სასარგებლო. თუ ამას ყველა გააცნობიერებს, მაშინ იქნებ დავდგეთ იმ სასურველი რეალობის წინაშე, როცა დედებს შესაბამისი ხელშეწყობის პირობებში უწევთ ცხოვრება.  არასწორია სტერეოტიპი, რომლის მიხედვით დედებმა ყველაფერზე უარი უნდა თქვან და მხოლოდ მშობლის მოვალეობა შეასრულონ. სინამდვილეში, ცხოვრების ეს ორი მხარე ერთმანეთს კვებავს.”

 

 

წყარო:  www.huffingtonpost.com

Leave a Reply