ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატივით კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი იდეაც საჯარო სივრცეების ისე ათვისებაა, რომ იქ ადგილი არ დარჩეს ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის. 

17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღინიშნება მშვიდობიანი მსვლელობებითა თუ სხვადასხვაგვარი აქციებით, რაც, საქართველოში დღემდე პრობლემად რჩება. 2012 და 2013 წელს აქციები დააარბიეს და მონაწილეებმა ვერ შეძლეს, ესარგებლათ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით. აქციის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი სწორედ საჯარო სივრცეში გამოჩენას, ქვეყანაში არსებული ჰომოფობიის შესახებ ღიად საუბარსა და ჯგუფის ხილვადობას უკავშირდება.

2013 წელს აქციის დარბევისას გამოვლენილ აგრესიასა და სისასტიკეს თან მუქარის ხმამაღალი განცხადებები ახლდა ჯგუფისა და მათი მხარდამჭერების მისამართით. ძალადობის თავიდან ასაცილებლად კი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე უარის თქმასა და საკუთარ სივრცეში ჩაკეტვას გვირჩევენ.


თუ არ გინდა, შენი უმოქმედობით სიძულვილით მოტივირებული მოწოდებების თანამოაზრე იყო, თუ თვლი, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა ყველა ჯგუფს უნდა შეეძლოს; თუ გინდა, რომ საჯარო სივრცე ისევე იყოს შენი, როგორც _ სხვების: მიმოიხედე!

საჯარო სივრცე მხოლოდ ქალაქის მთავარი ქუჩებით არ შემოიფარგლება; ხედავ, რომ ერთი ქუჩა დაკავებულია? დაიკავე მეორე და იცოდე, რომ იქ, სადაც შენ ხარ, სიძულვილის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი არ არის. გადაიღე ფოტო შენს ქუჩაზე, შენი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე, სკვერში, პარკში, ქალაქის იმ უბანში, სადაც ბავშვობა გაატარე, იქ, სადაც მეგობრებს სტუმრობ… აირჩიე შენი სივრცე და შემოგვიერთდი, შეაჩერე ჰომოფობია და ტრანსფობია!

აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა გადაიღo  ფოტო და სოციალურ ქსელებში მათი ატვირთვისთვის გამოიყენო ჰეშთეგები:  #thisstreetistaken #IDAHOT #WISG

 

https://www.facebook.com/WISG.org/

Leave a Reply