ბლუზის მეფედ წოდებული  მომღერალი და გიტარისტი ბი ბი კინგი რამდენიმე საათის წინ 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილ მუსიკოსს დიაბეტის დიაგნოზი დიდი ხნის წინ დაუსვეს; ამ დაავადების გართულების გამო გადაიყვანეს რამდენიმე დღის საავადმყოფოშიც.

კინგი, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა მუსიკალურ სამყაროში, ასევე დიდი ფილანტროპი იყო. ის აქტიურად ეწეოდა ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას: თავად ვეგეტარიანელი პრომოციას უწევდა ჯანსაღ კვებას და ცხოვრებას ნიკოტინისა და ალკოჰოლის გარეშე, აქტიურად გამოდიოდა დიაბეტით დაავადებულთა დასახმარებლადაც. კიდევ ერთი ნიშა, რაც მას ქონდა დაკავებული, ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა იყო: 2002 წელს ის ოფიციალურად გახდა საქველმოქმედო ორგანიზაცია Little Kids Rock-ის პარტნიორი, რომელიც უფასოდ ავრცელებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ატარებს გაკვეთილებს ბავშვებისათვის  აშშ-ს მასშტაბით.კინგი ამ   ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს საპატიო წევრი იყო.

ბი ბი კინგმა ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა 1947 წლიდან დაიწყო. მემფისში ის ერთ დროს დისკ ჟოკეი იყო, სადაც ზედმეტ სახელი Beale Street Blues Boy შეარქვეს, შემოკლებით კი ბი ბი(BB).

1950-იანებში იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი R&B მუსიკოსი და მრავალი საინტერესო სიმღერა ჩაწერა.

1964 წელს გამოვიდა ლეგენდარული ალბომი Live at the Regal.

პირველი დიდი წარმატება მას 1969 წელს როი ჰოვკინსის სიმღერამ, The Trill Is Gone-მა, მოუტანა. მისეულმა ვერსიამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა და პირველი ადგილი დაიკავა Pop და R&B ჩარტებში პარალელურად, რაც იმ დროისათვის უჩვეულო რამ იყო. ამავე წელს გამართულმა ამერიკულმა ტურნემ უფრო როკის სახე მიიღო.

ბი ბი კინგის წარმატება 1970-იანებშიც გრძელდებოდა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ სიმღერები To Know You Is To Love You და I Like To Live The Love.

1951-1985 წლებში ბი ბი კინგის სიმღერები Billboard-ის R&B ჩარტებში 74-ჯერ მოხვდა.

1980, 1990 და 2000-იანებში იგი სულ უფროდაუფრო ნაკლებ სიმღერებს წერდა, მაგრამ აქტიური კარიერა არ შეუწყვეტია და ხშირად ჩნდებოდა სატელევიზიო შოუებში.

1988 წელს მან თაყვანისმცემლების კიდევ ერთი ნაკადი შეიძინა როდესაც გამოვიდა მისი დეუტი ირლანდიურ ჯგუფ U2-სთან, სიმღერას When Love Comes To Town ერქვა.

2000 წელს კი გამოვიდა მისი და ერიკ კლეპტონის დუეტი Riding With the King.

მის გარდაცვალებას უკვე მოყვა გამოხმაურებები ცნობილი ადამიანების მხრიდან სოციალურ ქსელებში.

Leave a Reply