შორიდანვე მიზიდავდა ეს წიგნი, წინასწარ შევიქმენი წარმოდგენა, რაც წაკითხვის შემდეგ უფრო სევდიანი და დამაფიქრებელი გახდა. იმის თქმა , რომ ეს მოცუცქნულობა მშობლებმა და მასწავლებლებმა უნდა წაიკითხონ და რაც შეიძლება მეტმა, არ მინდა(რადგან მოწოდებებს ვუფრთხი), მაგრამ ასეა, უნდა წაიკითხონ და იქნებ შეძლონ ბავშვებში, შვილებში,საკუთარი თავის კი არა, მათი დანახვა, მიღება და შეყვარება. shop_product_image_145147

ყველაზე მეტად ტოტოს თუ რამე აკლია სიყვარულია და თუ რამე აქვს ესეც სიყვარულია, თავისივე სამყაროს და ამ სამყაროს მიმღები თითქმის ერთადერთი ადამიანის, ბაბუს სიყვარული, ვისთვისაც საერთოდ ცხოვრება უღირს, უნდა და მისი სიცოცხლისთვის საკუთარს იცავს და აძლიერებს. ის, რაც შორიდანვე მიზიდავდა წიგნიდან, სათაური იყო. 35 კილო ჩემთვის ძალიან ემოციური და სიმბოლურია, ამდენივეს ვიწონი და ამდენი კილო იმედი მაქვს, ანუ ჩემი თავი და ანუ ძალიან მძიმე. ეს სიმძიმე სინამდვილეში ისაა, რაც გზიდან გადავარდნის საშუალებას არ მაძლევს. სკოლა, გრეგუარისგან განსხვავებით, მიყვარს და მიყვარდა.ის კი არა, ბავშვობის ტკბილი მოგონებები და მონატრებები მას უკავშირდება.ალბათ, ბევრი მარი მასწავლებელი მყავდა, ან ჩემმა შემგუებლობამ თავისი ქნა. ჩემი ფარდული კი ბიბლიოთეკა იყო, ნებისმიერი ბიბლიოთეკა, სკოლის,ქალაქის, მეზობლის და თუ რამეს ვჩხირკედელაობდი, ალბათ, იმ სტატუსის შექმნა იყო, რაც ყველაზე მეტად მიხარია და ჩემია და რასაც მკითხველობა ჰქვია. ყველა წიგნი საკუთარ თავთან დაბრუნებაა,ან რაიმეს შეძენა, ან გამოკლება.და ამას კიდევ უფრო ხმამაღლა ვუმეორებ საკუთარ ნარცისობას, რამაც კინაღამ გადაფარა წიგნის შთაბეჭდილების გამოხატვის მცდელობა.

ნინო დოფიძე

Leave a Reply